"ჩვენი სიყვარულის ისტორია რომანტიკული ჟანრის ფილმს ჰგავს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი სიყვარულის ისტორია რომანტიკული ჟანრის ფილმს ჰგავს"

"ჩვენი ქორწილის დღეს, შონი მართლმადიდებლად მოინათლა, სვეტიცხოველში, სადაც წლების შემდეგ, ასევე მოინათლნენ ჩვენი შვილები"

ამერიკაში, კერძოდ კი ვაშინგტონში "Pink Lady" ანუ "ვარდისფერი ქალბატონი", რომ იკითხოთ, ამერიკელებს აუცილებლად ინგა ჟორჟოლიან-ქერსეი გაახსენდებათ, იქ ინგას ამ ზედმეტ სახელით იცნობენ. 12 წლის წინ დაწყებული ზღაპრული, ამერიკული ისტორია დღეს ინგას მთელი ოჯახი და ცხოვრებაა, რომლის შესახებაც "ვარდისფერ ქალბატონს" ვესაუბრეთ:

- ამერიკაში უკვე 12 წელია ვცხოვრობ, მყავს მეუღლე შონი და ორი შვილი კრეიგი და ჰოლი, მაქვს ფილოსოფიის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნეს მენეჯმენტის განათლება, ამჟამად კი აქტიურად ვმართავ, მოდის, დიზაინისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ბლოგს, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე დედობაა. ვცდილობ ზუსტად ამაში ჩავდო ძალისხმევა, იმისთვის რომ ჩემი შვილები ღირსეულ ადამიანებად აღვზარდო.

ჩემი მეუღლე წლების წინ საქართველოში გავიცანი, ჩვენი სიყვარულის ისტორია რომანტიკული ჟანრის ფილმს ჰგავს. შონი ორ კვირიანი, სამსახურეობრივი ვიზიტით იყო საქართველოში ჩამოსული, გაცნობის დღესვე მითხრა, "მე ვფიქრობ, შენ ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი იქნები" მე გამეცინა და ხუმრობით ვუთხარი, აბა თუ მიხვდები, რა საერთო აქვს ქართულ ღვინოსა და ქართველ ქალს მეთქი, მან კი დაუყოვნებლივ მიპასუხა, ორივე ისე მოგნუსხავს, რომ ცხოვრება მის გარეშე წარმოუდგენელი ხდებაო. რამდენიმე დღეში ორიგინალურად მთხოვა ხელი და ერთიანი ცხოვრებაც დავიწყეთ. ჩვენი ქორწილის დღეს, შონი მართლმადიდებლად მოინათლა, სვეტიცხოველში, სადაც წლების შემდეგ, ასევე მოინათლნენ ჩვენი შვილები.

- მოგვიყევით როგორი მეუღლე და მამაა შონი?

- ჩემი მეუღლე მოსიყვარულე და რომანტიკოსია, შეუძლია ყოველი დღე დღესასწაულად აქციოს. ხშირად მანებივრებს სიურპრიზებით და ამდენწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, არცერთი დღე არ მახსენდება, ისეთი რომ მიყვარხარ არ ეთქვას ჩემთვის. შონი ამაყობს, ჩვენი ქართულ-ამერიკული ოჯახით და ამავდროულად საუკეთესო მამაა, ამისთვის, ყოველ დღე, ღმერთის მადლიერი ვარ. შონი განუწყვეტლივ ეთამაშება, დროს უთმობს ბავშვებს და არასდროს "წუწუნებს", რომ დაიღალა, ხანდახან "სუპერ გმირს" ვეძახით ხოლმე.

- როგორია ამერიკულ-ქართული ცხოვრება, თქვენმა შვილებმა რა იციან საქართველოზე?

- ვაშინგტონში ჩვენი ცხოვრება ჰარმონიული, ლამაზი და უბრალოა. ჩვენ ორივე კონსერვატიული ოჯახიდან ვართ და მთავარი ღირსება, სწორედ ოჯახია. კრეიგსა და ჰოლის ორივე ქვეყნის ღირებულებების მიხედვით ვზრდით და ორივე ქვეყნის სიყვარულს ვასწავლით.

ვცდილობ საქართველო სულ გვახსოვდეს, ხშირად ვამზადებ ქართულ კერძებს, ვაცნობ და ვუზიარებ ქართულ კულტურას აქაურ საზოგადოებასა და ჩვენს მეგობრებს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოქალაქე ვარ, საქართველო ჩემი სულის ნაწილია და ვამაყობ, რომ დიადი ქვეყნის შვილი ვარ. მკაცრად ვიცავთ და მივყვებით ქართულ ადათ-წესებს, ტრადიციებს. ვეფხისტყაოსანი ჩემი აღმაფრენა და ცხოვრების მეგზურია. ყოველდღე ვახსენებ შვილებს, რომ ისწავლონ ქართული გამართულად, რადგან მომავალში ამ უნიკალური ნაშრომის დედააზრი ბოლომდე შეისმინონ. ვცდილობთ, წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვიდეთ საქართველოში, სულ მენატრება ჩემი ქვეყანა, მეგობრები და ჩემი ოჯახი.

- ამერიკაში "ვარდისფერი ქალბატონის" სახელით გიცნობენ, ვარდისფერი კი თქვენი საყვარელი ფერია...

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და მაბედნიერებდა ეს ფერი, ვთვლი, რომ გიყვარდეს ვარდისფერი არ ნიშნავს, რომ სუსტი პიროვნება ხარ, პირიქით სიძლიერე და თავდაჯერებულობა ზუსტად იმაშია, რომ ყველგან დააფიქსირო შენი ჭეშმარიტი მსოფლმხედველობა. ვარდისფერი ხომ გაზაფხულივით ხალისიანი და პოზიტიური ფერია, ვაშინგტონში კი ნადმვდილად "pink lady" Madame Kersey"-ის სახელით მიცნობენ.

- ხომ არ გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას და საქმიანობის აქ გაგრძელებას?

- უახლეს მომავალში ვერ დაგპირდებით, თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს, შეიძლება ასეც მოხდეს.

(სპეციალურად საიტისთვის)