"ბევრჯერ იყო ღალატი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მეგობრებად ვთვლიდი" - კვირის პალიტრა

"ბევრჯერ იყო ღალატი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მეგობრებად ვთვლიდი"

"ამას რომ წაიკითხავენ, ჩემი თაყვანისმცემლები გაგიჟდებიან"

"მასთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყო, საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს. ვერ იტანს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ. მოსწონს ბიჭები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან. პარტნიორისგან მაქსიმუმს მოითხოვს. თუ განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ მერწყულს, ეს კი ჟურნალისტ რამილია ალიევას ზოდიაქოს ნიშანია. ის წელს "მასტერშეფის" პროექტის კონკურსანტია. სანამ რამილიას ასტროპორტრეტს შემოგთავაზებთ, მის ცხოვრებაში არსებულ ამ ახალ გამოწვევაზე გვესაუბრება.

- "მასტერშეფი" პირველივე სეზონიდან ძალიან მომწონდა. მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ამ პროექტში ბედი აუცილებლად უნდა მეცადა, რადგან ჩემი კულინარიული შესაძლებლობები იციან.

- მათ ხშირად ანებივრებ? - ძალიან ხშირად. თბილისში ჩემი ფლოვი და აზერბაიჯანული ფახლავა ძალიან პოპულარულია. როდესაც მეგობრებთან სტუმრად მივდივარ და ვეკითხები, - რა მოვიტანო, რა გესიამოვნებათ-მეთქი? - მეუბნებიან, ფახლავა მოგვიმზადეო. "მასტერშეფში" მონაწილეობის სურვილი თავადაც მქონდა, მაგრამ პირველ სეზონზე მისვლა ვერ გავრისკე. არ ვიცოდი სპეციფიკა, წესები როგორი იქნებოდა. თან, სხვა პროექტებზე ვმუშაობდი და ვიფიქრე, რომ კონცენტრაცია გამიჭირდებოდა. გარისკვა მეორე სეზონზეც გამიჭირდა. ის, რომ მეგობრებისა და ოჯახისთვის კარგი მზარეული ვარ, არ ნიშნავს, რომ შემიძლია, შეფმზარეულებსაც თავი მოვაწონო. ეს საკმაოდ რთულია. წელს, როგორც კი მესამე სეზონი გამოცხადდა, აპლიკაცია მეორე დღესვე შევავსე და გავგზავნე. ახლა რომ არა, მერე მონაწილეობას ალბათ აღარ მივიღებდი.

- ახლა, როდესაც პროექტის სამზარეულოში მოხვდი და ალბათ სირთულეებსაც გადააწყდი, ეს გადაწყვეტილება ხომ არ გინანია? - არა, კმაყოფილი ვარ, შიგნიდან ეს პროექტი სულ სხვანაირი ყოფილა.

- შეფებზე რას გვეტყვი? მათ როგორ დაახასიათებ?

- მათ ეკრანიდან ვიცნობდი, პირადი ნაცნობობა არც ერთთან არ მაკავშირებს. თითოეულის კულინარიული ბექგრაუნდი ვიცოდი. ისინი არა მხოლოდ თავიანთი საქმის პროფესიონალები, არამედ კარგი შოუმენებიც არიან. ეს კიდევ ცალკე ნიჭია.

- იმედია, მათთან "გემოებით თამაშის" შესაძლებლობა დიდხანს გექნება.

- კონსტანტინესთან "გემოებით თამაშის" მეშინია. ძალიან რთულია ისეთი გემოების არჩევა, მას რომ მოაწონო. ლუკა შეიძლება ჩანს, რომ "რბილია", მაგრამ საკმაოდ პრეტენზიულია, მაქსიმუმს ითხოვს, ბევრ რამეს აქცევს ყურადღებას და სამართლიანია. ლევანი დინჯია, მკაცრიც არის, მაგრამ მთლად არ გეშინია (იცინის). სამივეს დიდ პატივს ვცემ.

- წარმატებას გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტროპორტრეტი. ასტროლოგია რამდენად გაინტერესებს? - პირადი რუკა არასდროს შემიდგენია, მაგრამ წამიკითხავს, ჩემს ნიშანს ასტროლოგები როგორ ახასიათებენ. ტიპური მერწყული ვარ. ბევრ რამეს ვამართლებ.

- "მერწყულთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის მზად უნდა იყო. მას საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ გალაშქრება უყვარს".

- ასეა, ჩარჩოები არ მიყვარს და სხვისი შედგენილი კანონებით არასდროს ვცხოვრობ. ჩემი "კოდექსები" მაქვს, ჩემი ცხოვრების სცენარისტიც და რეჟისორიც თავად ვარ. ამავდროულად, ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გრძნობა, ემოცია, უფლებები. ვილაშქრებ იმ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ, რომელიც ჩემს პირად სივრცეს არღვევს, ჩემს უფლებებს ლახავს. ჩემი "რევოლუცია" ადამიანობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ არასდროსაა მიმართული.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- "გადარეული".

- "ცნობისმოყვარე", - ასე გახასიათებენ ასტროლოგები.

- მართალია, ჩემს ხასიათში ეს თვისებაც დიდი დოზითაა. რომ არა ცნობისმოყვარეობა, ალბათ ჟურნალისტი არც ვიქნებოდი, პროფესიით ლინგვისტი ვარ. საერთოდ, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რასაც ვსწავლობ, ყველა დეტალში გარკვევას ვცდილობ. ცნობისმოყვარეობა არ მაქვს სხვების ცხოვრების მიმართ, არასდროს ვინტერესდები ჭორებით.

- "როგორც კი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებს, იმ ნივთის თუ ადამიანის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს, რაც ზოგიერთისთვის შეურაცხმყოფელიც კი შეიძლება იყოს".

- ადამიანებისთვის საკმაოდ რთულია, ჩემთვის მუდმივად საინტერესოები იყვნენ.

- ვინმეს ეს შეურაცხყოფად აღუქვამს? - ვცდილობ, როცა ადამიანი ჩემთვის საინტერესო აღარ არის, მასთან მჭიდრო ურთიერთობა შევწყვიტო.

- "მასთან რაიმეზე მოლაპარაკება ძნელია. არ უყვარს, როცა ვალდებულებებით ავიწროებენ". - ყველას ვუსმენ, მაგრამ "ბოლო სერიაში" იმას ვაკეთებ, რაც თავად მიმაჩნია მართებულად.

- "ის პირველსავე შემხვედრს არასდროს ენდობა, პიროვნება კარგად უნდა შეისწავლოს. ამიტომაა, რომ ბევრი ნაცნობი და ძალიან ცოტა მეგობარი ჰყავს".

- ნამდვილად ასეა. ადამიანთან, რომელთანაც ბევრ დროს ვატარებ და მეგობრად მივიჩნევ, საერთო ინტერესები უნდა მქონდეს. ჩემ გარშემო არიან ისეთებიც, რომლებსაც სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვთ, მათ ნაცნობებს ვუწოდებ. მეგობრობას წლებიც გამოცდის. კონკრეტულ სიტუაციებში ხვდები, მხარში ვინ გიდგას. მქონდა შემთხვევა, ადამიანმა, რომელთანაც 15-წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა, ისეთი რამ გააკეთა, უცნობიც კი არ გაგიკეთებს. უცნობისგან ნაკლებად გწყინს. ჩემი ერთ-ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ კარგი მეგობარი ვარ. ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, ერთგულება შემიძლია. ჩემთან ახლოს ყველას არ ვუშვებ, რამდენადაც კომუნიკაბელური ვარ, იმდენად ჩაკეტილობაც მახასიათებს. ახლოს მათ ვუშვებ, ვისთანაც საერთო ცხოვრებისეული კოდექსები და ღირებულებები მაქვს, ასეთები კი ძალიან ცოტანი არიან. ბევრჯერ იყო ღალატი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მეგობრებად ვთვლიდი. როცა ვიზრდებით, ასაკთან ერთად, გამოცდილებაც გვემატება და შესაბამისად, შეცდომებსაც ნაკლებად ვუშვებთ. შეუძლებელია, ორი ადამიანიდან ერთმა მუდმივად გასცეს და მეორემ მუდმივად მიიღოს.

- "მოსწონს ბიჭები, რომლებიც მისთვის გამოცანად რჩებიან".

- ასეა. ამას რომ წაიკითხავენ, ჩემი თაყვანისმცემლები გაგიჟდებიან (იცინის), არასდროს მეტყვიან "მიყვარხარ", "მომწონხარ". ბიჭთან ურთიერთობისას, 30 წამის შემდეგ ვხვდები, მასთან რა დამოკიდებულება შეიძლება მქონდეს მომავალში. როცა ვგრძნობ, ის ჩემი აურის არ არის, ეგრევე ვეუბნები, ჩვენ შეიძლება მეგობრები ვიყოთ.

- ასეთი სიტუაციის შემდეგ იმ ადამიანთან მეგობრობა გამოგდის? - რთულია, რადგან ამ მეგობრობას სხვა ემოციები ახლავს და ადრე თუ გვიან, თავს აუცილებლად იჩენს.

- ეჭვიანი ხარ? - ჩემი ეჭვიანობაც და გაბრაზებაც 3-წუთიანია. მერე თავისთავად გადამივლის. ცუდი რაც ხდება, ყველაფერი მავიწყდება. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, არ ღირს, ძვირფასი წუთები დავკარგოთ ბოღმაზე, წყენაზე. ის ადამიანები, რომლებმაც გული მატკინეს, ჩემთვის უცნობები ხდებიან. ვცდილობ, მათზე არასდროს ვიფიქრო.

- ასტროლოგები თვლიან, რომ არა მხოლოდ ეჭვიანი, არამედ ეგოისტიც ხარ, პარტნიორისგან ხშირად შეუძლებელსაც კი ითხოვ. ასეა? - მაქსიმალისტი ვარ და ვითხოვ, მაგრამ პირველ რიგში, მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ ვარ.

- მაქსიმალიზმს ბევრი ვერ უძლებს. ეს თვისება ადამიანებს არ გაკარგვინებს? - ვაღიარებ, ისეთი ხასიათის გოგოსთან, როგორიც მე ვარ, ბიჭისთვის ურთიერთობა ძალიან რთულია. სულ განვითარებისკენ ვისწრაფვი, მრავალფეროვანი ადამიანი ვარ. მოთხოვნებს პირველ რიგში, საკუთარ თავს ვუყენებ და მერე - სხვას. ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდით იქნება, მუდმივად განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული (ეს ფინანსურ საკითხს არ ეხება).

ვთვლი, რომ ერთ წერტილზე არ უნდა გაიყინო.

- თავგადასავლების მოყვარული თუ ხარ? - პატარა რომ ვიყავი, თავგადასავლების მოყვარული დიდად არ გახლდით, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, მიდრეკილება მეტად გამიმძაფრდა. თავგადასავლები კარგია, ცხოვრებას გვიხალისებს. ჩემი ცხოვრება ისედაც, ერთ დიდ თავგადასავალს ჰგავს.

- ინტუიცია როგორი გაქვს?

- ძალიან კარგად მაქვს განვითარებული.

- "თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის".

- ყოფილა ცხოვრებაში ისეთი მომენტები, მიფიქრია, მიგრძნია, 6 თვის ან 1 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რა შეიძლებოდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ მერწყული ვარ და ითვლება, რომ მერწყულები დაულაგებელი ადამიანები არიან, საქმის კეთებისას, გეგმის შედგენა მჩვევია, მიზნებს ვისახავ და იმ მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ.

- "მიზნის მისაღწევად მთების გადაბრუნება შეუძლია".

- ძალისხმევას ნამდვილად არ ვიშურებ, მაგრამ ზნეობის ფარგლებს არასდროს გავცდები. მიზნის მისაღწევად, რაც უნდა სასურველი იყოს, უღირს საქციელს არ ჩავიდენ. წარმატების გზაზე არავის გადავეღობები, იმისთვის, რომ მე ვიყო წარმატებული. სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას არასდროს ავაგებ.

თამუნა კვინიკაძე ჟუტნალი "გზა"