"დედა კარგად გახდა, მაგრამ მამას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მაინც ბედნიერი იყო, ფიქრობდა, რომ ლოცვით და სიყვარულით დედაჩემი გადაარჩინა"
09-06-2020
"დედა კარგად გახდა, მაგრამ მამას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მაინც ბედნიერი იყო, ფიქრობდა, რომ ლოცვით და სიყვარულით დედაჩემი გადაარჩინა"
მას ქართლოსი ერქვა, გვარად კასრაძე იყო: საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი, "იუმორის მეფე", ქართული ესტრადის მოღვაწე, პირველი კონფერანსიე, თანაც - პოლიგლოტი, რომელმაც 1800 კონცერტი ჩაატარა ევროპის ძალიან ბევრ ენაზე; სტოკჰოლმის დიდმა გაზეთმა მას "პატარა ჩარლი ჩაპლინიც" კი უწოდა. ნაწყვეტი სტატიიდან:

"გაზაფხულის ქარია, მზეა ცაზე ალმასი, მაგრამ მზეც ვერ იქნება თალიკოზე ლამაზი"...


გურანდა კასრაძე, ქართლოს კასრაძის ქალიშვილი:
- დედა ოზურგეთიდან იყო და მამამ იგი თბილისში, თავის
ეზოში გაიცნო, ბელინსკის 45 ნომერში. იქვე ცხოვრობდა დედაჩემის მამიდა და დედა თბილისში სასწავლებლად რომ ჩამოვიდა, მასთან ცხოვრობდა. მამას მაშინ ცოლ-შვილი ჰყავდა და დედას და მამას შორის არც არაფერი ხდებოდა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ ერთმანეთს.

დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო და გაცნობის მომენტში მამა მისით
ისე აღფრთოვანებულა, რომ კედელს მიჰყრდნობია, ჩასრიალებულა და ძირს დავარდნილა.

მერე მამა ცოლს გაეყარა. იმ პერიოდში დედა უკვე ოზურგეთში იყო და იქიდან თბილისში გამოუშვიათ, ქართლოსთან მიდი, ის დაგაწერინებს სცენარსო, - დედას სჭირდებოდა ეს სცენარი. დედა მამასთან თხოვნით რომ მისულა, მამას უთქვამს, შენ სადილი გამიკეთეო. დედასაც იქვე, ვერის ბაზრიდან კერძის მასალა მოუტანია და ძალიან გემრიელი სადილი გაუკეთებია. მაშინ გახლართულა მათ შორის ამურის ისრები. მერე მამამ დედას ოზურგეთში ჩააკითხა და მის ძმასა და მშობლებს დედას ხელი სთხოვა. მამას დედასთვის უთქვამს, - თბილისში, "ზაქსში" გელოდებიო. დედას უკითხავს, - "ზაქსი" რა არისო? არ იცოდა, ეს სიტყვა მმაჩის ბიუროს რომ ნიშნავდა. ასე მოაწერეს ხელი და დედა ქორწილამდე ოზურგეთში წავიდა.

ქორწილი 1-ლ აპრილს იყო დანიშნული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მამა იმ დღეს ფილმ "უდიპლომო სასიძოს" გადაღებაზე უნდა ყოფილიყო, მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა, ამიტომ გურიაში დარეკა, მე ვერ ვიქნები ქორწილშიო. გადაირივნენ დედაჩემი და ოჯახის დანარჩენი წევრები. მერე კი აუხსნა მიზეზი და ქორწილი 5 აპრილისთვის გადაიდო. დედა მაგრად კერავდა და ქორწილშიც თავისი შეკერილი კაბა თუ კოსტიუმი სცმია. ძალიან ლამაზები და საყვარლები ყოფილან. მამამ თალიკოს მიუძღვნა უამრავი ლექსი და უნატიფესი სიმღერა - "ლურჯი აპრილი". სიმღერებად იქცა მამას სხვა ლექსებიც - "ლურჯი იები", "ქარი მღერის"... მისი ცხოვრების ქალი მისთვის მუზაც იყო, მეგობარიც, საყვარელიც, დედაც და, საერთოდ, სამყაროს ღერძიც. თალიკო იყო მამას "ნატა ვაჩნაძე", რომელიც ქართლოსს უმწეო ბავშვივით უვლიდა, აცმევდა, აჭმევდა, აძინებდა, და ასეირნებდა კიდეც.


დედა რომ ლოგინად ჩავარდა და ძალიან სწუხდა, მამა ლოცულობდა, მე მომკალი, ღმერთო და თალიკო გადამირჩინე, მის გარეშე ერთი წამით ვერ ვიცოცხლებო. დედა ის იყო, კარგად რომ გახდა, მამას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ძალიან განიცდიდა და შემომჩივლა, რატომ დამემართა ასეო? ავუხსენი, ხომ ლოცულობდი დედას გადასარჩენად და ღმერთმა გისმინა, ამიტომ რაღა საჭიროა შენს ავადმყოფობაზე ლაპარაკი-მეთქი? - უი, შენ გენაცვალოს მამაო, - მითხრა და იმის შემდეგ ბედნიერი კაცი იყო, რადგან თავისი ლოცვით და სიყვარულით დედაჩემი გადაარჩინა. ბოლომდე დედამ მოუარა მამას და მამაც ძალიან ბედნიერი იყო, რომ თალიკო ჰყავდა გვერდით...

მამა 2005 წლის 29 იანვარს გარდაიცვალა, 78 წლის ასაკში, დედამ კი, ნაღდად სასწაული მოხდა და, ჯერ მამა გააცილა ამ ქვეყნიდან და მერე ეგრევე წაჰყვა - მამას გარდაცვალებიდან ნახევარ წელიწადში. თანაც, იცი, რა მოხდა? დედა წავიდა 24 აგვისტოს და დაასაფლავეს 27 აგვისტოს, მამას დაბადების დღეს. თითქოს საჩუქრად მიუვიდა დედაჩემი იქ.

ოთხი შვილი, ათი შვილიშვილი და ექვსი შვილთაშვილი დავრჩით მშობლებს და ყველა ერთად, მამას იუმორით, სიყვარულის ნიჭით, ზოგადი პოტენციალით, იქნებ, ერთ ქართლოსს ვუდრიდეთ. ასე გადანაწილდა სიცოცხლე...
დღემდე ვერ ვეგუები ქართლოსის არყოფნას, მისი წასვლა თითქოს მთელ თბილისს დაეტყო... თითქოს სიხარულმა მიგვატოვა... იხილეთ სრულად
...
11 ივნისი 2020 17:12
მადლობა ავტორს
მაიკო
10 ივნისი 2020 02:37
ხშირად მახსნდება ბატონი ქართლოსი. დამწყები მსახიობი მასთან ერთად რამდენჯერმე ვიდექი სცენაზე, მისი ხელით ჩაწერილი ერთი ექსპრომტიც მაქვს ჩემს ბლოკნოტში. ზოგჯერ, დღესაც მიწევს მისი ნაჩუქარი პაროდიის შესრულება ბელა ახმადულინაზე. ღმერთმა გაანათლოს! ძალიან უხდებოდა თბილისს. ხომ სულ ხუმრობდა, მაგრამ უკიდეგანოდ განათლებული, კეთილი და გულიანი ქალაქელი იყო. დიდს და პატარას უყვარდა. მასთან მეგობრობით, ჩემი გოგოობა მართლაც საინტერესო იყო. მახსოვხართ დიდი პატივისცემით, ბიძია ქართლოს!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?