როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც თქვენს ახლობელს დემენცია აქვს? - კვირის პალიტრა

როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც თქვენს ახლობელს დემენცია აქვს?

უკვე წლებია, საქართველოში ათასობით დემენციით დაავადებული პაციენტია, თუმცა ხშირად საზოგადოებას არც სიტყვა დემენციის განმარტება ესმის და არც ის, თუ როგორ მოუარონ ამ დაავადების მქონე პაციენტებს. დღეს, ქვეყანაში გვყავს მოხუცები, რომლებსაც ჩვენი დახმარება და სწორი დიაგნოზი სჭრდებათ.

ანა ფურცელაძის, სამედიცინო გვერდი ,,Medical Care", სოციალურ ქსელში, საზოგადოებას აქამდე უცნობ საექთნო მოვლასა და სხვა სამედიცინო თემებზე საჭირო და მნიშნველოვან რჩევებს უზიარებს, ნახეთ, რა არის დემენცია და როგორ უნდა მოვუაროთ ამ დაავადების მქონე პაციენტებს.

ტერმინი დემენცია განიმარტება, როგორც ასაკობრივი ჭკუასუსტობა, ეს სიბერის ტიპიური დაავადებაა, რომელიც 65-75 წლის ასაკის მქონე ადამიანების, 25%-ში ვლინდება, ხოლო 90 წელს გადაცილებული ყოველი მე-3 ადამიანი ამ დაავადებით იტანჯება.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში აღნიშნულ დაავადებაზე საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია არც მოხუცებს და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ, რის გამოც, ძირითად შემთხვევაში სიმპტომები ჩვეულებრივ მდგომარეობად მიგვაჩნია, ექიმთან ვიზიტი და ამ ადამიანთა მდგომარეობა კი უგულველყოფილია.

როგორც მოგეხსენებათ, დიაგნოზის დასმა ექიმის საქმეა, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომლითაც შეიძლება გაგიჩნდეთ ეჭვი, რომ თქვენს ახლობელს ან ოჯახის წევრს დემენცია ეწყება.

ეს ნიშნებია:

• ის ხშიდად დაკარგავს მნიშვნელოვან ნივთებს და მათ უცნაურ ადგილას შეინახავს;

• ხშირად დასვამს ერთმანეთის მსგავს შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ახლახან მიიღო;

• მას აერევა დრო ან დაიკარგება ნაცნობ ადგილებში, დაავიწყდება პირადი მონაცემები (სახელი, საცხოვრებელი ადგილი, დაბადების თარიღი და სხვა.)

• ის მუდმივად ერთსა და იმავეს გაიმეორებს და მარტივი სიტყვები დაავიწყდება;

• დაეწყება კონცენტრაციის პრობლემები ან/და აერევა ფინანსური გამოთვლები;

• ვერ აითვისებს მარტივ ინსტრუქციას (მაგალითად, როგორ ჩართოს სარეცხი მანქანა);

• ექნება მეხსიერების მოკლევადიანი დაკარგვა, შეუნელდება ფიქრის პროცესი, აზრის ჩამოყალიბება და გაუჭირდება კონცენტრაციიის მოკრება;

• დემენციით დაავადებულ პაციენტებს, უქვეითდებათ კრიტიკისა და განსჯის უნარი;

• ამ დაავადების მქონე ადამიანებს, ხშირად ძველი საყვარელი ჩვევები მოსაწყენად ეჩვენებათ, ისინი კარგავენ მისწრაფებებისადმი ხალისს.

დემენციის დაწყების შემდეგ, ადამიანები გულმავიწყობას და მცირე ფიზიკურ ძალას უჩივიან, ისინი რთულად უმკლავდებიან ყოველდღიურ პრობლემებს და ამ სტრესის გამო, ცდილობენ დამალონ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

დაავადების განვითარების პროცესი შეუმჩნევლად იწყება, როგორც პაციენტისთვის, ასევე მისი ახლობლებისთვის, ამიტომ დიდი ყურადღება და დაკვირვებაა საჭირო. სიმპტომების ამოცნობის შემდეგ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და სწორი თერაპია.

წლების მიერ დაგროვილმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ხშირად, არც ისე ადვილია პაციენტის ექიმთან ვიზიტზე დაყოლიება, ამ პრობლემის მოგვარება კი სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. მაგალითად, პაციენტს უნდა აუხსნათ, რომ ექიმთან ვიზიტი, ზოგადი გამოკვლევა მნიშვნელოვანია და ის უნდა ჩატარდეს დროულად და რუტინულად. თუკი ეს მიზეზიც არ იქნება საკმარისი, მაშინ საჭიროა, ექიმის ბინაზე გამოძახება.

ჭკუასუსტობის დროს, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ადამიანები ცდილობენ წარმოქმნილი პრობლემის დამალვას, მაგრამ ოჯახის წევრები ადვილად მიხვდებიან, რომ რაღაც წესრიგში არ არის.

საჭიროა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ დროულად დასმული დიაგნოზი დაეხმარება, პაციენტს სიცოცხლის უნარიანობის გაუმჯობესებაში.

როგორ დავეხმაროთ დემენციით დაავადებულ ადამიანს?

დემენციით დაავადებული ადამიანები განსაკუთრებულ თანადგომასა და მოვლას საჭიროებენ. მკურნალობისა და მოვლის მიზანია, დარჩენილი უნარების გაძლიერება და დამოუკიდებლობის, ხანგრძლივად შენარჩუნება. საყვედურები, შესწორებები, ჩხუბი და დისკუსია ვერც ავადმყოფს და ვერც თქვენ ვერ დაგეხმარებათ.

გთავაზობთ, რამდენიმე ხერხს, რომელიც დემენციით დაავადებულ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას შეუმსუბუქებს:

• აუცილებელია, მათ დაიცვან ერთი კონკრეტული რეჟიმი, აკეთონ მათთვის საყვარელი საქმე სისტემატიურად, მაგალითად, ყოველ ორშაბათს, 10:00-ზე მოუარონ მცენარეებს, მორწყან ყვავილები და სხვა.

• თქვენ, როგორც მომვლელმა, დღის განამავლობაში შეძლებისდაგვარდ თავი უნდა აარიდოთ ცვლილებებს, განსაკუთრებით ერთად საქმიანობის დროს. ეს თქვენ ახლობელს ორიენტირებაში დაეხმარება.

• ბინა თვალსაჩინოდ მოაწყეთ: უარი თქვით ზედმეტ ავეჯზე. იმისთვის რომ, ავადმყოფმა ბინაში ორიენტირება ადვილად შეძლოს, კარებზე მიამაგრეთ ნიშნები. მაგალითად, სააბაზანოს კარზე წითელი ფერის რგოლი

სამზარეულოზე კი - მწვანე კვადრატი

• მედიკამენტები, ქიმიური საშუალებები და თამბაქოს ნაწარმი ჩაკეტილ კარადაში შეინახეთ.

• თუ ავადმყოფი ღამ-ღამობით საპირფარეშოში გადის, მას გზის პოვნაში სინათლის პატარა წყაროც დაეხმარება, შეუქმენით სინათლის მუდმივი წყარო.

• სახლის ცენტრალურ ადგილას, მაგალითად, სამზარეულოში, ჩამოკიდეთ დიდი კალენდარი, ასევე შეარჩიეთ ციფერბლატიანი საათები, ეს პაციენტს დროში ორიენტაციას გაუადვილებს.

• თუ მოვლის სპეციალური სამსახური გეხმარებათ, სთხოვეთ მათ, რომ ყოველთვის ერთი და იგივე თანამშრომლები გამოგზავნონ, რადგან ეს ავადმყოფს უსაბრთხოების შეგრძნებას უქმნის.

• დემენციით დაავადებულ პაციენტებთან კომუნიკაცია პროგრესირებად სტადიაში ადვილი არ არის, ზოგჯერ პატარა მინიშნება მაგალითად, ფეხის გადაჯვარედინება იმის მანიშნებელია, რომ მას საპირფარეშოში წასვლა სურს.

• თუ თქვენ ყურადღებით დააკვირდებით პაციენტს , შესაძლოა, მალე პირადი "ლექსიკონი" შეიმუშაოთ. გააკეთეთ ჩანაწერები, რომელიც სხვა პირებს დაეხმარება თქვენი ახლობლის სურვილების გაგებაში.

• თუ ავადმყოფი მოუსვენარ მდგომარეობაშია, როგორც პირველად ღონისძიებად, მას ყველაზე მეტად ახლობლის ფიზიკური სიახლოვე დაეხმარება.

• ეს შეუქმნის დაცულობის განცდას, ასევე შეეცადეთ შენარჩუნებული უნარები შეუქოთ და წინა პლანზე არ წამოწიოთ მისი დარღვევები.

• შეძლებისდაგვარად, ეცადეთ ავადმყოფმა ბევრი რამ დამოუკიდებლად გააკეთოს: მას შეუძლია კარტოფილი გაფრცქვნას და ეზოს საქმიანობაში დაგეხმაროთ, ასევე პაციენტს მიეცით ტანსაცმლის არჩევის საშუალება, მაშინაც კი, თუ მიგაჩნიათ, რომ ისინი ერთმანეთს არ მიესადაგება. ამით ის თავს დამოუკიდებლად იგრძნობს.

(სპეციალურად საიტისთვის)