გოგონას მამას არ უნდოდა, მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს გაჰყოლოდა მეოთხე ცოლად - წყვილი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა - კვირის პალიტრა

გოგონას მამას არ უნდოდა, მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს გაჰყოლოდა მეოთხე ცოლად - წყვილი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

თავის დროზე ამ წყვილმა მსოფლიო აალაპარაკა. ყველა ფიქრობდა, რომ ეს რომანი მორიგი გატაცება იყო სახელგანთქმული კომიკოსისთვის. ჩარლი ჩაპლინს ხომ ქალების მუსუსს ეძახდნენ. მან ერთმანეთზე მიყოლებით გამოიცვალა სამი ცოლი, მაგრამ მალევე ხვდებოდა, რომ არც ერთი ქალი არ იყო მისი შესაფერისი, ამიტომაც ტოვებდა და ბედნიერებას სხვასთან ეძებდა. ჩარლის სახელს უკავშირდება ერთი სკანდალიც: მსახიობი ჯოან ბერი ირწმუნებოდა, რომ იგი ჩაპლინმა შეაცდინა და მისგან ორსულად იყო. ჩარლი ამას მტკიცედ უარყოფდა. როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით სისხლის ანალიზი ჩატარდა, ბავშვი მართლაც არ აღმოჩნდა ჩაპლინის შვილი, ჩარლის მოწინააღმდეგეებს კი მიაჩნდათ, რომ ცნობილმა მსახიობმა სამართალდამცავები მოისყიდა. ამ და კიდევ ათასი მიზეზის გამო უნას მამას, ცნობილ დრამტურგ იუჯინ ო'ნილს კატეგორიულად არ უნდოდა, რომ მისი ულამაზესი ქალიშვილი 37 წლით უფროსს კაცს გაჰყოლოდა მეოთხე ცოლად. უნამ არ გაიზიარა მამის რჩევა, რის გამოც მშობელი დიდხანს არ ელაპარაკებდა.

ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი-უმცროსი 1889 წელს, ლონდონში დაიბადა. მისი მშობლებიც მსახიობები იყვნენ. მამას შესანიშნავი ხმა ჰქონდა, დედაც მღეროდა, თან სპექტაკლებში მონაწილეობდა. 3 წლის იყო ჩარლი, როცა მშობლები გაიყარნენ. ჩარლი და მისი უფროსი ძმა დედასთან ცხოვრობდნენ. მათ სულაც არ ჰქონდათ დალხენილი ცხოვრება. ჩარლისა და მის ძმას ხშირად უწევდათ ყოფნა ბავშვთა თავშესაფარში. მალე დედამ ხმა დაკარგა და უმამო ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა. მამა მათ არაფერში ეხმარებოდა, გალოთდა და სასმელში ხარჯავდა უკანასკნელ გროშებს. იგი 1911 წელს გარდაიცვალა. ჩარლიმ ადრეული ასაკიდან დაიწყო მუშაობა. მოგონებებში იგი წერდა: "დედა სულ უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. მე და ჩემი ძმა ხან მუშების სახლში, ხან კი თავშესაფარში ვცხოვრობდით. მოვასწარი საკანცელარიო მაღაზიაში, ერთ-ერთ საწარმოში მხერხავად და ასევე შუშის საამქროში მუშაობა, მაგრამ ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი."

14 წლის იყო, როცა თეატრალურ სააგენტოებში დაიწყო სიარული და მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა კარნოს დასში მიიღეს. მალე გაითქვა სახელი სკეტჩებით, პაროდიებითა და მინიატიურებით. მართალია, განათლება არ ჰქონდა, კითხვაც კი არ იცოდა ხეირიანად, მაგრამ მის ნიჭზე ვერავინ ხუჭავდა თვალს. მაყურებელი აღმერთებდა, მაგრამ ინგლისს მაინც არ სურდა მისი ტალანტის აღიარება, ამიტომაც გულმა ამერიკისკენ გაუწია. იქ უცებ აღმოჩნდა პოპულარობის პიკზე. მისი კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით ვითარდებოდა... სიყვარულში კი არ უმართლებდა. მისი პირველი მეუღლე 17 წლის მილდრედ ჰარისი გახლდათ, რომელთანაც ჩარლიმ მხოლოდ სამი წელი დაჰყო. მეორე ქორწინება 16 წლის ლიტა გრეისთან იყო. მართალია, მასთან ჩარლის ორი შვილი შეეძინა, მაგრამ ცოლ-ქმარს ურთიერთობა ვერც შვილებმა შეუნარჩუნეს. არც მესამე ქორწინება აღმოჩნდა ბედნიერი. 20 წლით უმცროს პოლეტ გოდარს ჩარლი 6 წლის მერე გაშორდა.

სულ სხვა იყო უნა ოონილი. იგი 1926 წლის 13 მაისს დაიბადა ბერმუდის კუნძულებზე. დედა, აგნეს ბოულტონი, ცნობილი ჟურნალისტი იყო, მამა, როგორც უკვე გითხარით, ცნობილი დრამატურგი, რომელსაც სხვა ჯილდოებთან ერთად ნობელის პრემიაც ჰქონდა მიღებული. მშობლებმა ქალიშვილს კარგი განათლება მიაღებინეს. ლამაზი ამერიკელი ქალიშვილი ყველას მოწონებასა და ყურადღებას იმსახურებდა, მას ეტრფოდა მწერალი ჯერომ სელინჯერიც, რომელმაც უნას არაერთი მოთხრობა მიუძღვნა, მაგრამ გოგონა გულის კარს არავის უღებდა. ჩარლი და უნა ერთმანეთს როლის განხილვაზე შეხვდნენ, მაგრამ გოგონამ ის ვერ იცნო. არც იყო გასაკვირი. მუდამ მაწანწალად გადაცმული მსახიობის მიღმა ძნელი ამოსაცნობი იყო სიმპათიური ცისფერთვალება მამაკაცი. მოგვიანებით უნა აღფრთოვანებული უამბობდა მეგობარ გოგონას, სახელგანთქმული ჩარლი ჩაპლინი გავიცანი, რომელსაც შავი კი არა, ულამაზესი ლურჯი თვალები ჰქონიაო. ჩარლი კი გააოცა უნას სინორჩემ, სილამაზემ, განათლებამ და ხასიათის სიმტკიცემ. იგი წერდა: "რაც მეტად ვეცნობოდი, მით უფრო მომწონდა მისი მოთმინება, იუმორი, სხვისი აზრის პატივისცემა. ისე შემიყვარდა, როგორც პატარა ბიჭს შეუძლია თავდავიწყებით შეყვარება, მაგრამ მეშინოდა იმ ასაკობრივი სხვაობის, ჩვენ შორის რომ იყო. მამამისი ხომ სულ ერთი წლით გახლდათ ჩემზე უფროსი. ეს შიში თავად უნამ დამაძლევინა. მან კარგად იცოდა, რა უნდოდა…და ჩვენ გადავწყვიტეთ ფილმის დასრულებისთანავე დავქორწინებულიყავით".

მხოლოდ უნასთან იგრძნო ცხოვრების სიტკბო და ხალისი. დარწმუნდა, რომ მარადიული სიყვარული ამქვეყნად ნამდვილად არსებობს, უბრალოდ, ადამიანები ხშირად თავიანთ "მეორე ნახევარს" ვერ პოულობენ და ამიტომაც იცვლიან "რჩეულებს". მას კი, სერ ჩაპლინს, შუახნის ასაკში ერგო ბედნიერება, შეხვედროდა ცხოვრების თანამგზავრს, მეუღლესა და ნამდვილ მეგობარს. მოგვიანებით ჩარლი პარიზში მყოფ ქალიშვილს, ჯერალდინას წერილს მისწერს: "შენ ჩემი გვარის ხარ - ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა, მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა! სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია?!" ზოგი ჩაპლინს ცხოვრებაშიც მასხარად მიიჩნევდა, არადა, პატარაობიდანვე დიდ დარდს დაატარებდა მშობლებისა და დუხჭირი ცხოვრების გამო, დაღლილი იყო კინოსამყაროში მუდმივი ბრძოლით. ამ წერილის ავტორი არ შეიძლებოდა მასხარა და ზერელე კაცი ყოფილიყო, სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები: "ცხოვრება ახლო ხედიდან ტრაგედიაა, შორი ხედიდან კი კომედია", ან "ვერასდროს დაინახავ ცისარტყელას, თუკი მუდამ მიწას დაჰყურებ". დიახ, ის რომანტიკოსი იყო და ქმნიდა ისეთ კომედიებს, სადაც სიცილთან ერთად ცრემლიც ბევრი იყო. თავად წერდა თავისი ფილმებისათვის სცენარებს, მუსიკასაც კი, თავადვე იყო რეჟისორიც და პროდიუსერიც...

ცინიკოსთა და მოსეირეთა გულის გასახეთქად ჩარლიმ და უნამ მრავალი წელი ერთად იცხოვრეს. ჯერალდინას შემდეგ ჩაპლინს კიდევ 7 შვილი აჩუქა უნამ, სულ სამი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი ჰყავდათ. ნაბოლარა მაშინ შეეძინა ჩარლის, როცა 72 წლის იყო. უსაზღვროდ ბედნიერი გახლდათ და არც მალავდა ამ დიდ სიხარულს ტკბილი და მრავალშვილიანი ოჯახის გამო. იმასაც აღიარებდა, რომ არა უნა, ვინ იცის, რამდენ ხანს მომიწევდა საოცნებო ქალის ძებნაში ცოლების გამოცვლა. მადლობა ღმერთს, რომ უნა შემახვედრაო.

ბოლო წლებში ჩარლი და უნა შვეიცარიაში ცხოვრობდნენ. უნა საყვარელ მეუღლეს გვერდიდან არ მოშორებია, მუდამ მასთან იყო... გენიალური კომიკოსი 88 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის წინ თქვა: ამ ქვეყნიდან ბედნიერი მივდივარ, რადგან ვაკეთე საყვარელი საქმე და ვიცხოვრე იმ ქალთან, რომელიც უსაზღვროდ მიყვარდაო.

იხილეთ ფოტოგალერეა

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)