"ყველი ბებოს მომზადებული მაჭიკით ამოგვყავს, სიმინდს კი საკუთარ წისქვილში ვფქავთ" - პანდემიისას სოფელში გადასახლებული რძალ-მულის ბიზნესი
"ყველი ბებოს მომზადებული მაჭიკით ამოგვყავს, სიმინდს კი საკუთარ წისქვილში ვფქავთ" - პანდემიისას სოფელში გადასახლებული რძალ-მულის ბიზნესი
ფოტო:თიკო დავითიძე და თამარ ხვედელიძე
კორონავირუსის პანდემიას, ზოგისთვის დადებითადაც კი უმოქმედია და ამ გამოკეტილობის ჟამს, სოფლის სიყვარულმა 25 წლის თამარ ხვედელიძემ და მისმა რძალმა, 28 წლის თიკო დავითიძემ ახალი ბიზნესი წამოიწყეს. "კორბოულის ნობათი" ასე ჰქვია იმ მცირე ბიზნესს, რომელსაც სოფელ კორბოულში რძალ-მული უძღვებიან და თბილისს ნატურალური პროდუქტებით ამარაგებენ.
თბილისიდან კორბოულში საცხოვრებლად წასულ გოგონებს სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ,  ხშირად ხუმრობენ კიდეც, ჩვენს ძროხებს მთელი საქართველო თუ არა, ნახევარი მაინც იცნობსო. როგორც აღმოჩნდა, ძლიერი სურვილი და
სოფლის საყვარული ბევრ რამეს გაგაკეთებინებს ადამიანს.

თამარ ხვედელიძე:
- კორონავირუსის გამო გამოწვეულმა პანდემიამ, ყველაფერი შეცვალა, წლები ტურიზმის სფეროში ვიყავი დასაქმებული და პანდემიის გამო, მე და თიკომ გადავწყვიტეთ, რომ კორბოულში ბებოსთან და ბაბუსთან ჩამოვსულიყავით, სოფელი კორბოული საჩხერის რაიონის მთა სოფელია, ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. სოფელში ყოფნამ
ბევრ რამეზე დაგვაფიქრა.
ადრე, როდესაც უცხოელი ტურისტებისგან ტურის შეკვეთას ვიღებდი, სანახავი ადგილების ჩამონათვალში ყოველთვის შემყავდა ჩემი სოფელი, რადგან უცხოელებს ძალიან ხიბლავთ ბუნება და ის რაც ავთენტურია, კულინარიიდან დაწყებული არქიტექტურით დამთავრებული. იმხელა აღფრთოვანებას იწვევდა მათში ჩვენი სოფლის ნობათი, რომ გადავწყვიტეთ ეს ყველაფერი ახალ საქმედ გვექცია და სოციალურ ქსელში გვერდი შევქმენით.

 თამარ ხვედელიძე
ჩვენ ვაწარმოებთ ყველს, სიმინდის ფქვილს, ნადუღსა და კვერცხს. ყველს ვამზადებთ მაჭიკით და ეს გამოარჩევს ნობათს სხვა დანარჩენებისგან. 100%-ით ნატურალური პროდუქტის მიმართულება გვაქვს არჩეული და არ ვღალატობთ მთავარ იდეას.

- სოფელში ბებიასა და ბაბუას ჩამოაკითხეთ და ბიზნესი დაიწყეთ, იცოდით რაიმე ამ საქმის შესახებ და ახლა ვინ უვლის მეურნეობას?

- ბებია-ბაბუის დახმარებით ვისწავლეთ ბევრი რამ და ისინიც გვერდით გვიდგანან. ჩვენი ბაბუ პროფესიით აგრონომია და თავის ცოდნასა და მრავალწლიან გამოცდილებას გვიზიარებს, ცდილობს, რომ საუკეთესო ფერმერებად გვაქციოს. საცხოვრებლად კორბოულში გადმოვედით და მეურნეობასაც ჩვენ ვუძღვებით.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს წამოწყებას?

- თავიდან ყველას ხუმრობა ეგონა ჩვენი იდეა, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ძალიან სერიოზულად მივუდექით საქმეს. ახლა გავერთიანდით და ყველა მთელი ძალისხმევით გვიდგას გვერდში.

- როგორია თბილისისგან მოშორებით კორბოულში ცხოვრება, როგორ შეეგუეთ სიტუაციას?

- კორბოულს იმერულ "ტოსკანას" ვეძახით, აქ სრული წალკოტი და ჰარმონია გვაქვს. ისე გვიყვარს აქაურობა, რომ ადაპტაციის პერიოდი არც გვქონია. სოფელი ბავშვობის წლებთან ასოცირდება და ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესია.

- რთულია ხალხის ნდობის მოპოვება, როგორ შეძელით ეს?
- მართლაც, ყველაზე დიდი სირთულე ხალხის ნდობის მოპოვება იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა "ფეისბუკგვერდი", სადაც ვდებთ ვიდეოებს, თუ როგორ ამოგვყავს ყველი ბებოს მომზადებული მაჭიკით, როგორ ვფქვავთ საკუთარ წისქვილში სიმინდს, ვიღებთ ნადუღის მომზადების პროცესს და ყოველდღიურ რუტინულ, სოფლურ საქმიანობას ვუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს. ხანდახან ვხუმრობ, რომ ჩვენს ძროხებს მთელი საქართველო თუ არა, უკვე ნახევარი მაინც იცნობს.

- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენს ოჯახში?
- დილა მამლის ყივილითა და საქონლის მოვლა-პატრონობით იწყება, შემდეგ ამოგვყავს ყველი, ვინაწილებთ საქმიანობას. ზოგჯერ მე ვმართავ facebook გვერდს, რომელსაც მართლა დიდი დრო სჭირდება, ზოგჯერ კი - თიკო.

მთელი დღის განმავლობაში ვპასუხობთ შეტყობინებას და ზარებს, ვიღებთ შეკვეთებს და ვემზადებით ნობათის ჩამოსატანად. მთელი დღეები ვახარისხებთ პროდუქტებს და ჩაბმული ვართ ამ ყოველდღიურობაში.

- რას ნიშნავს თქვენთვის და თიკოსთვის სოფელი?
- ჩვენთვის სოფელი არის უდიდესი შესაძლებლობების მქონე ადგილი. ადგილი, სადაც საქმის კეთება სიამოვნებას განიჭებს. ადგილი, სადაც ჩვენ შევძელით საკუთარი თავების სრულიად სხვა სფეროში საკმაოდ წარმატებულად რეალიზება. ბავშვობაში ბაბუასგან ყოველთვის მესმოდა, რომ ძლიერი სოფელი ქმნის ძლიერ სახელმწიფოს.
ჩვენ უკვე ბევრ თანასოფლელს მივეცით სტიმული, რომ დაბრუნდნენ სოფელში. ყოველდღიურად ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი შეტყობინებები მოგვდის.

- რას აპირებთ სამომავლოდ, რას ველოდოთ "კორბოულის ნობათისგან"?
- მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და სიახლის შეტანაზე არსებული ბაზრის პირობებში. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ნადუღისგან მზადდება არაჩვეულებრივი მდნარი ყველი და ვაპირებთ, ამის დამატებას გასაყიდი პროდუქტების სიაში, ასევე ვაპირებთ აგრო და კულინარიული ტურების დაგეგმვას ჩვენს კარ-მიდამოში. სხვათა შორის, პირველები ხართ, ვისაც ეს გავუმხილეთ.

(სპეციალურად საიტისთვის)

ლევან
28 ივნისი 2020 10:28
ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ განა აქამდე ვინმეს მოყავდა სოფლად პროდუქტები, მაინცდამაინც ჟურნალისტმა უნდა გააპიაროს ქალაქელმა რომ რამე იყიდოს
ხათუნა
27 ივნისი 2020 21:17
გოგოებო ვამაყობ თქვენით,ბევრი წარმატებები და განვითარება თქვენ
პატრიოტი
27 ივნისი 2020 21:12
კარგი საქმე წამოიწყეთ და წარმატებები მინდა გისურვოთ! მართალს ამბობს, ბაბუა, "ძლიერი სოფელი, ძლიერი სახელმწიფოა"!

რუბრიკის სხვა სიახლეები