ნაურუში დაკარგულები - კვირის პალიტრა

ნაურუში დაკარგულები

(დასასრული. დასაწყისი  იხ. "კვირის პალიტრა" #6)

გაზეთის წინა ნომერში გასაოცარი ქვეყნის, ნაურუს შესახებ ვწერდით. ეს სწორედ ის სახელმწიფოა, რომელმაც ერთი წლის წინ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

იბარბრა

თეთრკანიანს ნაურუელები "იბარბრას" ეძახიან, რაც ნიშნავს "სხვას". თუ "იბარბრა" გაჩერდა სახლის წინ, მას სკამს გამოუტანენ, გზას მიასწავლიან და ფულსაც არ გამოართმევენ. ნაურუელები მშვიდობიანი და ცნობისმოყვარე ხალხია, ყველაფერი აინტერესებთ. განათლებისგან შორს არიან, მაგრამ ზოგი რამ ესმით.

სკოლის მასწავლებელმა დეილიმ რომ გაიგო, იგორი რუსიაო, აღფრთოვანება ვერ დამალა.

- ოო, რუსეთი კარგია, მე მიყვარს რუსეთი...

- ფულით რომ გეხმარებათ, ალბათ, იმიტომ? - ჩაურტყა იგორმა.

- რა შუაშია ფული. 1968 წელს რუსეთი ის ქვეყანა იყო, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს. იცით, რას ვეძახით რუსეთს? - ჩვენს დიდ ძმას...

- აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე რას იტყვით? - ვერ მოვითმინე და ჩავერთე საუბარში.

- ეს სად არის, რუსეთშია?.. - იკითხა გულუბრყვილოდ მასწავლებელმა და ის მართალი იყო, - ნაურუში თითო-ოროლამ თუ იცის, სად არის აფხაზეთი და ოსეთი.

- მე ვიცი, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია და იქით, პოლიტიკაში რა ხდება, არ ვიცი... - სინანულით თქვა მასწავლებელმა და თითქოს დარცხვენილმა შემომხედა.

ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტმა ბერნარდ დავიიოგომ (პრეზიდენტი 1976-78; 1989-2003 წწ.) შემოსავლის ახალ გზას მიაგნო - ეს იყო ოფშორული კომპანიები. მსურველს რეგისტრაციისთვის მხოლოდ 25.000 დოლარი უნდა გადაეხადა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ - 5.000. რუსებს აქ უამრავი ოფშორული კომპანია ჰქონდათ.

ახლა კუნძულზე აღარ არის ოფშორული კომპანიები, მაგრამ ვებსაიტი დღესაც გვთავაზობს საგადასახადო სამოთხეს კუნძულზე. მინიშნებულია მისამართი: "აივას მხარე,  "ცივილ ცენტრი". ჩვენ ვნახეთ ეს "ცენტრი" - ორსართულიანი ბეტონის შენობა. აქ მილიარდობით შავი ფული თეთრდებოდა.

2002 წელს გათეთრებული მილიარდების დიდი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან იყო შესული, ამიტომ აშშ სანქციებით დაემუქრა კუნძულის ხელმძღვანელობას. ნაურუ იძულებული შეიქნა, შეეწყვიტა "ოფშორული" მომსახურება.

კუნძულზე ახალი საქმე წამოიწყეს - 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ნაურუს მოქალაქეობის გაყიდვა დაიწყეს. ბევრ ეჭვმიტანილ ტერორისტს სწორედ ნაურუს პასპორტი აღმოაჩნდა...

გავიდა დრო და კუნძულზე მთავრობა შეიცვალა - ხელისუფლებაში, როგორც აქაურები ამბობენ, ძალოსნები მოვიდნენ.

მთავრობა

ნაურუს პრეზიდენტი მარკუს სტივენსი, რომელიც ხელისუფლების სათავეში 2003 წელს, დავიიოგოს რეჟიმის დამხობის შემდეგ მოვიდა, ორსართულიან ხის სახლში ცხოვრობს. მოშორებით მომცრო სახლი დგას - ეს პარლამენტია. გაივლით ორმოცდაათ ნაბიჯს და თვითმფრინავის ასაფრენ ზოლზე გახვალთ. ეს  აეროპორტია. აქ სულ ორი თვითმფრინავი დგას, ერთი - პრეზიდენტსა და პარლამენტს ემსახურება, მეორე - მოსახლეობას. მას ორ დღეში ერთხელ ავსტრალიაში მიჰყავს მგზავრები. ამ თვითმფრინავითვე ვიმგზავრეთ ორჯერ და მადლობა ღმერთს, მშვიდობიანად.

პრეზიდენტს ახალგაზრდობაში ოთხჯერ ჰქონია მოგებული ოქროს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში. მის გარემოცვაში ახლა სულ სპორტსმენები არიან. საგარეო საქმეთა მინისტრი კირენ კეკე მორაგბე ყოფილა, ტრანსპორტის მინისტრი - მსოფლიო ჩემპიონი კრივში, პარლამენტარები - ფეხბურთელები. სპორტსმენები, ასე თუ ისე, მართავენ ქვეყანას. ხალხიც უკმაყოფილო არ არის. ისე, არჩევანიც არა აქვთ - ძალოსნებთან საქმის დაჭერას სიმშვიდეს ამჯობინებენ.

კუნძულზე ჩვენი ყოფნისას პრეზიდენტი ქვეყანაში არ იმყოფებოდა. საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, როლანდ კუნს, - თევზჭერისა და განათლების მინისტრს შევხვდით. კუნძულზე მხოლოდ ოთხი მინისტრია და თითოეულს რამდენიმე სფერო აქვს შეთავსებული. ვფიქრობ, ყველაზე მეტად მეთიუ ბატსუას გაუმართლა - ის ჯანმრთელობის, იუსტიციისა და სპორტის მინისტრია.

მოსკოვთან მოლაპარაკებისას ნაურუს მთავრობამ კონკრეტულად ჩამოაყალიბა, თუ რაში სჭირდებოდათ ფული: 10 მილიონ დოლარად უნდა შეეძინათ თვითმფრინავი, გაერემონტებინათ პატარა გემსადგომი, აღედგინათ საავადმყოფო და რუსებთან ერთობლივად დაებანდებინათ ფული თევზჭერაში. მერე ნაურუმ აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთიდან სათანამშრომლოდ რატომღაც აღარ დაურეკავთ. მინისტრს იმედი აქვს, რომ რუსეთი სიტყვას შეასრულებს და დაპირებული 50 მლნ-ის ნაცვლად, ნათხოვარ 10-ს მაინც გადმოგზავნის.

- ერთი რამ შემიძლია გითხრათ... - ხმადაბლა ამბობს  მინისტრი, - რუსულმა გემებმა წყნარ ოკეანეში რომ ითევზაონ, წყნარი ოკეანის თევზმჭერთა კავშირში უნდა გაერთიანდნენ. იყიდონ ლიცენზია და გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი. მაგრამ თუ ნაურუს დროშით იცურავებენ, გადასახადი სულ არაფერი ექნებათ ... ხომ გესმით? - ეშმაკურად ეღიმება მინისტრს.

ეჰ, ბატონო მინისტრო, გვესმის, როგორ არ გვესმის. ტაივანის აღიარების შემდეგ თქვენი პოლიტიკა არ შეცვლილა.

ნაურუს რაინდი

ნაურუს ერთადერთი "ოლიგარქის", ირლანდიელი დესმონდ ოპენჰაიმერის სასტუმრო ოთახში რუსული მაცივარი "ზილი" დგას. კედელზე ლენინისა და გორბაჩოვის ფოტოები კიდია, იქვე დესმონდი ელცინთან ხელჩაკიდებული იღიმება.

რაინდი ლუდის ბოთლით ხელში ოთახში დააბიჯებდა და ამაყად გვაცნობდა სარეკომენდაციო წერილს, რომელიც რუსულმა დიდმა კომპანია "როსტელმაშმა" მისცა მას. გვაჩვენა წერილები ევგენი პრიმაკოვთან. საიდანღაც ლენინისა (ვითომ მისი იყო) და მალტის რაინდთა ორდენებიც (ალბათ, თავისი)  გამოაძვრინა. გაიხსენა, როგორ გაიცნეს ავსტრალიაში მიხაილ გორბაჩოვი, ვიზიტი ერაყში, სადაც  სადამ ჰუსეინს შეხვდა. ერთხელ გერმანიაში ვიზიტისას კი თვალი მოუკრავს ახალგაზრდა პუტინისთვის. მაშინვე ეტყობოდა, დიდი კაცი რომ გამოვიდოდაო, - ამბობს.

ოპენჰაიმერი ენერგიული ირლანდიელია - ავანტიურისტების  მოდგმისა. ნაურუში ყველას იცნობს და ყველაფერში მონაწილეობს.

კუნძულზე დესმონდი მაშინ მოხვდა, როდესაც აქ ავსტრალიის ჯარი იდგა. როგორღაც კავშირი დაამყარა საბჭოთა კავშირის ცნობილ ქარხანა "იჟმაშთან" და დაიწყო ვაჭრობა მოტოციკლეტ "ურალით", ფოტოაპარატ "ზენიტით", ყველაფერ იმით, რასაც საბჭოთა კავშირი უშვებდა ექსპორტად. მერე მაღაზიაც გახსნა კუნძულზე და ნაურუს მასშტაბით დიდი კაცი გახდა. დესმონდი არ ივიწყებს რუსეთის როლს თავის ცხოვრებაში და ახლა მშვიდად ატარებს სიბერეს.

გაიხსენა,  1968 წელს როგორ გამოგზავნა საბჭოთა კავშირმა საექსპედიციო ჯგუფი, რომ კუნძულზე კოსმოსური სადგური აეშენებინა.

- აქ რა უნდა კოსმოსურ სადგურს? - გაიკვირვა იგორმა.

- როგორ თუ რა? ეს ხომ ოკეანის ცენტრია... - არანაკლებ გაოცდა დესმონდი, - გარშემო ამერიკული წყალქვეშა ნავები დაცურავენ.

- მერე?

- მერე ის, რომ კოსმოსურ სადგურს სამხედრო ბაზა მოჰყვება. აქედან ნებისმიერ დროს შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შეიარაღების გაკონტროლება, - მისტერ დესმონდი საჩვენებელ თითს მაღლა სწევს და ამბობს, - ყოველთვის გახსოვდეთ ბიძია სემი, მას არასოდეს სძინავს.

* * *

გამომშვიდობება ყოველთვის სევდით მავსებს ხოლმე, ნაურუდან წამოსვლისას კი ეს არ შემინიშნავს. მიზეზი... აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო.

აკაკი გეგენავა