"...ამ დროს უნდა მოიკრიბო ძალა, ალქაჯს რომ არ დაემსგავსო"
"...ამ დროს უნდა მოიკრიბო ძალა, ალქაჯს რომ არ დაემსგავსო"
ჟურნალ "გზის" რუბრიკის სტუმარი სალომე ბაკურაძეა. რას შეუძლია მომღერლის წონასწორობიდან გამოყვანა, რატომ და როდის შეიძლება მოეჩვენოს სპილენძი ოქროდ, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად, ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ.

- "აღზრდა, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, აღზრდის უქონლობა, ყოველგვარი ბოროტების დედაა" (ალექსანდრ პუშკინი).
- აღზრდას ნამდვილად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ჩემს შვილთან ურთიერთობისას ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ. მშობელმა ოქროს შუალედი უნდა დაიცვას - საკუთარი გამოცდილება ისე არ უნდა მოახვიოს თავს, რომ
შვილს თავისი აზრი აღარ ჰქონდეს და გადაწყვეტილება თვითონ ვერ მიიღოს; იმდენი უნდა ასწავლო, რომ ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს.
მუდმივად მასწავლებლისა და მიმთითებლის როლშიც არ უნდა იყო. არც გადამეტებული სიმკაცრე ვარგა და არც თავის ნებაზე მიშვება. არ არსებობს ურთიერთობის ფორმულა და სახელმძღვანელო, როგორ აღზარდო შვილი,
მაგრამ აუცილებელია, მოზარდს შემდგომი განვითარებისთვის თავისუფლების განცდა ჰქონდეს, სხვა ღირებულებებთან ერთად. ჩემი მშობლებისგან მახსოვს, ყოველთვის კარგზე უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებდნენ - კარგ საქციელს მიწონებდნენ, მაქებდნენ, რაც ჩემთვის სტიმული იყო და მინდოდა, უფრო კარგად მოვქცეულიყავი. ალბათ ყველა ბავშვი ცდილობს, როცა რამეს დააშავებს, მშობელი მოატყუოს. დედა კი ყოველთვის მეუბნებოდა, ოღონდ არ მომატყუო, სიმართლე მითხარი და ყოველთვის გაგიგებო. ამიტომაც არ მიყვარს ტყუილი.

- "ეგოიზმის ყველაზე სრულყოფილ ფორმას დედის სიყვარული ჰქვია" (ზიადელი).
- რაღაც დოზით, ასეა, რადგან შვილი შენი ნაწილია და მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს. თუ შეატყობ, რომ დედაშვილური სიყვარული ეგოიზმში გადაგდის და მავნეა, მისგან განთავისუფლებას უნდა ეცადო. ჩემს შემთხვევაში ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, დედებს უფრო გვიან ეწყებათ ხოლმე ეგოისტური შეგრძნებები. როდესაც პატარაა, ბოლომდე შენია შვილი და საშიშროებას ვერ გრძნობ, თანაც, ეგოისტი არა ვარ.
მშობელს გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ყველაფერს იმისთვის აკეთებ, რომ მისი ცხოვრება სრულფასოვანი გახადო.

- "სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს" (პუბლილიოს სირიუსი).
- ყველა ადამიანს გააზრებული აქვს, რა არის სირცხვილი, მაგრამ მაინც ისე აკეთებს და იქცევა, როგორც უნდა და ხელს აძლევს. თუ სურვილი გაქვს, ალბათ სირცხვილის სწავლაც შეიძლება.

- "ყველაფერი, რაც ზედმეტია, ზნესაც აფუჭებს, ადამიანსაც და გონებასაც" (ჟუბერი).
- რატომ ასე "მოწუწკული" ყველაფერი? შენ რომ განსაზღვრო ცხოვრებაში, რა აიღო ბევრი და რა - ცოტა, არ აჯობებს? ზედმეტი სიყვარულით და სითბოთი ვინ გაფუჭებულა, ან ზედმეტი გონიერება ვინმესთვის დამღუპველი გამხდარა?.. ბოროტად არ უნდა ისარგებლო ამით, ეგ არის და ეგ. ნეტავ მოგვეცეს ყველაფერი ბევრი, ცუდის გარდა, და თვითონ გადავწყვეტთ, რამდენი, როგორ და სად გამოვიყენოთ.

- "მე სამი გაზეთის უფრო მეშინია, ვიდრე 100 ათასი ხიშტის" (ნაპოლეონი).
- ასე ძალიან არ მაშინებს მედია და ჟურნალისტები, მთავარია, ორივე მხრიდან კეთილგანწყობა იგრძნობოდეს. ჟურნალისტმა, როგორც თავისი პროფესიის ღირსეულმა წარმომადგენელმა, არ უნდა დაკარგოს სახე და ეთიკა, მაგრამ იგივეა საჭირო ჩვენგანაც, ჩვენც უნდა დავაფასოთ მათი შრომა.

- "ვისაც რომ სამშობლო უყვარს, სიცოცხლე მისთვის ომია" (ვაჟა-ფშაველა).
- სამშობლოს სიყვარული ჩვენი ვალდებულებაა, პატრიოტიზმი საქმის კარგად კეთებაში, სწორად ცხოვრებაში, კეთილ საქმეში გამოიხატება. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ასე მგონია, ყველას უყვარს, სხვანაირად წარმოუდგენელია.

- "რა საჭიროა ცხოვრება, თუ არ ცდილობ სხვისი ყოფის შემსუბუქებას" (თომას ელიოტი).
- მადლიერების გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია და სულ ვცდილობ, თუ ადამიანმა წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში, ცხოვრებაში, ყოველთვის ვასიამოვნო და ვუთხრა, რომ მახსოვს. განა ერთმანეთს ყოველ წუთს უნდა ვაძახოთ, ეს გამიკეთე ან მე გაგიკეთე რამეო, მაგრამ სასიამოვნოა, მადლიერებას რომ გამოხატავენ. როცა ჩემი პროფესია მაძლევს იმის შესაძლებლობას, ვიღაცებს რამით დავეხმარო, უარს არასდროს ვამბობ.

- "მოთმინება ისეთი უნარია, რომელიც მაშინ ამოიწურება, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო" (უილიამსი).

- მოთმინებას ვუხმობ იმ დროს, როცა ყველაზე მეტად მჭირდება. ამ დროს უნდა მოიკრიბო ძალა, ალქაჯს რომ არ დაემსგავსო (იცინის). უსაზღვროდ დიდი მოთმინების უნარი მაქვს და ამით არასდროს არ წამიგია. მოთმინებას მაკარგვინებს უსამართლობა - თუ შევცდი და დამნაშავე ვარ, ამის აღიარება არ მიჭირს, 2 წლის ბავშვსაც კი მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ როცა მართალი ვარ და ამას ვერ ვამტკიცებ, უსამართლობის განცდა მეუფლება და "ვიხრჩობი". სხვის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას რომ ვაწყდები, შეიძლება, ხმალამოღებული არ ვიბრძვი და არ ვილაშქრებ, მაგრამ ჩემს გულში ამ დროს დიდი ამბავი ხდება, შეიძლება წონასწორობიდან გამოვიდე.

- "ნდობა არის ის გრძნობა, როცა მაშინაც უჯერებ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა" (მენეკენი).
- ყოველთვის იცი, როდის უნდა ენდო და როდის - არა, როდის გატყუებენ და როდის - არა, შევმცდარვარ კიდეც, თუმცა მიპატიებია.

- "ძალიან ცუდი და აუტანელია ის, რომ ადამიანი სალაპარაკო საგნად იქცევა ხოლმე, ის უფრო უარესია, როდესაც მასზე არავინ არაფერს ამბობს" (ოსკარ უაილდი).
- როდესაც ამის შესაძლებლობა მეძლევა, ვამბობ და ახლაც, თქვენი ჟურნალის საშუალებითაც ვიტყვი, გინდ თხოვნად მიიღოს ვინმემ, - თუ უფრო ჰუმანურები ვიქნებით, ბევრად კარგი იქნება სამყარო. ვინც ჭორაობს, სოციალურ ქსელებში საშინელებებს წერს, მიკვირს, რა აკეთებინებთ ამას, ნუთუ ერთი წამითაც არ დაუყენებიათ თავი იმ ადამიანების ადგილზე, ვისზეც წერენ?! არ ფიქრობენ, რომ მათმა ერთმა ცუდმა სიტყვამ შეიძლება გული გვატკინოს და მოგვკლას?! წამით მაინც დაფიქრდნენ ხოლმე, ვიდრე განსხვავებული აზრის, ჩაცმულობის, საქციელის ან ნათქვამის გამო ვინმეს გადაუვლიან... ყველას გვაქვს ჩვენი აზრი ამა თუ იმ ადამიანის ან საკითხის შესახებ, მაგრამ მე, პირადად, ამას ჩემს მეგობრებთან, ჩემს წრეში განვიხილავ და იქ "ვიხარჯები". ჭორაობა ცუდი რამეა. ჭორაობის მსხვერპლი მეც გავმხდარვარ და ბევრი ჩემი მეგობარიც, რის გამოც გული მტკენია. მაქსიმალურად ვცდილობ, ნეგატიური ინფორმაცია ავირიდო.

- "სიმდიდრის შეზიზღება უდიდესი სიმდიდრეა" (გერმანული ანდაზა).
- ამას თუ მოახერხებ, მაგარია. ფუფუნება ვის არ უყვარს, უარს რომელი სულელი იტყვის, მაგრამ გააჩნია, რის სანაცვლოდ ირჩევ ფუფუნებას. ყველაზე დიდი უტვინობა ის არის, როცა სიმდიდრეს ადამიანურ ღირებულებებს ანაცვალებ...

- "მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ" (ნიცშე).
- ამ ნიშნით არასდროს ამირჩევია მეგობრები. საერთო ინტერესები და ღირებულებები უნდა გქონდეს მასთან, მაგრამ ის უნდა მოსწონდეს, ვინც მე, და ისეთი გემოვნება უნდა ჰქონდეს, როგორიც მეც, ეს სისულელედ მიმაჩნია...

- "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად" (მიგელ დე სერვანტესი).
- არის ამაში სიმართლის ნაპერწკალი. ეს ეტაპი ყველას გაუვლია, დაბნელებული რომ გაქვს თვალები და ვერაფერს და ვერავის ხედავ, რეალობის შეგრძნება დაკარგული რომ გაქვს. თუ ასე არ მომხდარა და სპილენძი ოქროდ არ მოგჩვენებია, სიღარიბე - სიმდიდრედ, ისე როგორ იქნება?! მეც ასე მჭირდა, როდესაც შეყვარებული ვიყავი (იცინის).

- "ქალების უმრავლესობა ღამის პერანგს უფრო გონივრულად არჩევს, ვიდრე საკუთარ მამაკაცს" (კოკო შანელი).
- ვისაც არასწორად ჰყავს მამაკაცი შერჩეული, იმან გაგვცეს ამ კითხვაზე პასუხი. ვერ შევედავები კოკო შანელს, უდავოდ, დიდი გამოცდილება ჰქონდა მამაკაცებთან და პერანგებთან დაკავშირებითაც.

- "ყველაზე მოკლე გზა ქალის გულისკენ სიბრალულია" (ბაირონი).
- ასე არ არის, არა მგონია, სიბრალული ხიბლავდეს ქალს. მთავარია, ერთმანეთის გესმოდეთ და ერთად ყოფნის სურვილი გქონდეთ. არც ქალის და არც მამაკაცის მხრიდან სიბრალული არ მომწონს.

- "როცა ჩემი ცოლი მეუბნება, რომ მზად იქნება 5 წუთში, ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს დრო, გავფრინდე მთვარეზე, დავწერო პოემა და დავბრუნდე" (მიკა ვანეტა).
- მართალია. მაგალითად, ლაშიკომ ზუსტად იცის, როცა ვეუბნები, ვთქვათ, 3 საათზე იქ ვიქნები, სამზე გავდივარ სახლიდან, თუმცა ზოგჯერ სწრაფადაც მოვმზადებულვარ. საერთოდ, თუ დრო მაქვს, ბევრს ვიპრანჭები. მთვარემდე არ ვიცი, მაგრამ ქუთაისამდე ჩასვლას ნამდვილად მოასწრებს (იცინის).

- "სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის" (ბიორნე).
- ასეც ხდება ხოლმე, თუმცა კარგია, თუ სიცოცხლის ბოლოს არ მოდის სინანულის გრძნობა და მანამდე გეძლევა საშუალება, შენი შეცდომა თუ დანაშაული გამოასწორო და ბოდიში მოიხადო.

- "რაა სიკვდილი? - ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგი დაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილ სიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულ-ხორცი არ გაეყრება ერთიმეორეს" (გოდერძი ჩოხელი).
- სევდა თან სდევდა ამ მწერალს... არასდროს ვფიქრობ სიკვდილზე, რადგან მამძიმებს და ცუდ ხასიათზე მაყენებს. ვიცი, გარდაუვალია და ამიტომ ვცდილობ, ბევრი კარგი რამ გავაკეთო. გოდერძი ჩოხელი წერდა: "სიცოცხლე ადამიანად ყოფნის სევდაა". ჩემთვის სიცოცხლე ღვთის საჩუქარია, თავისი ტკივილითა და სიხარულით...

ნინო ჯავახიშვილი
ლალი ქობალია
12 ივლისი 2020 18:41
ძალიან მომწონს სალომე ბაკურაძე თავისი
ნიჭით, უშუალობით, უბრალოებით და პოზიტიური
ხასიათით.
ბევრი, ბევრი წარმატებები ახალგაზრდა ქალბატონო
თქვენს ოჯახთან და შემოქმედებასთან ერთად.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები