მტრის ხატი GeoPolice-ში?! - კვირის პალიტრა

მტრის ხატი GeoPolice-ში?!

რა კავშირია დავით თევზაძესა და კომპიუტერულ ტერორისტს შორის

"რამდენიმე "თევზაძის" მოკვლამ მომიწია"

ცოტა ხნის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას წარუდგინა პირველი კომპიუტერული თამაში, GeoPolice,  რომლის პრეზენტაცია თვით მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გააკეთა. "ჯეო პოლისის" მენეჯერის, კარლო მატიტაშვილის თქმით, თამაშის მთავარი მიზანი იყო პოლიციის პოპულარიზაცია, აგრეთვე საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ხელშეწყობა და განვითარება.

ჩვენს პოლიციას პროპაგანდა არც აქამდე აკლდა: გავიხსენოთ ვიდეოკლიპი, სადაც მთავარ როლს ბავშვები ასრულებენ. ამ ვიდეოს სიუჟეტი, სიმღერის ტექსტი და მუსიკა (რომელიც საოცრად ჰგავს საბჭოთა მარშების მელოდიებს) ცალკე სალაპარაკოა, ამიტომ სჯობს ისევ ახალგამოსულ კომპიუტერულ თამაშს დავუბრუნდე.

აი, რა წარმოდგენა შემექმნა მისი ნახვისთანავე:

ქართული პოლიცია ყოვლისშემძლეა, მას ვერავინ აჯობებს! აბა, სხვა რა უნდა ვიფიქრო, როდესაც თამაშის მთავარი გმირი, პოლიციელი, მარტოდმარტო უმკლავდება ბანკის მძარცველებს, ხოცავს მათ და მძევლებს ათავისუფლებს. თან არ გეგონოთ, რომ ორ, სამ, ან, თუნდაც, ათ ბანდიტს ებრძოდეს! თამაშის პირველ ეტაპზე ზუსტად თვრამეტი მოკლული დავითვალე, მეორე ეტაპზე კი, მართალი გითხრათ, სათვალავი ამერია.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო ერთ-ერთი პოლიციელის მიერ ბანკის მძარცველებზე ნათქვამი ფრაზა: "რით ვერ გაიგეს ამათ, რომ ეგეთი რამეები აღარ გადის, სპეცრაზმი უკვე გამოსულია და ათ წუთში ყვერებით გამოათრევენ იქიდანო" (სტილი დაცულია). კითხვაზე, ხომ არ არის ეს ფრაზა, ცოტა არ იყოს, პროპაგანდისტული ხასიათის? "ჯეო პოლისის" მენეჯერმა, კარლო მატიტაშვილმა მიპასუხა: "ეს რეალობა უფროა: თამაში პოლიციაზეა  და იქ ასახულია მათი ცხოვრება, ქცევისა და აზროვნების სტილი და ა.შ. ეს ფრაზა კი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში კრიმინალების მასობრივი შემოსევები აღარ ხდება".

ასევე თვალში მომხვდა კედელზე მიწერილი STOP  RUSSIA! რატომღაც ისევ საბჭოთა პროპაგანდის სუნი მეცა: განა საბჭოთა კავშირშიც ასე არ ჩასჩიჩინებდნენ ჩვენს მშობლებს, რომ დასავლეთი მოსისხლე მტერია და შორს უნდა დავიჭიროთ თავი მისი "გარყვნილი კლანჭებისაგან"? მატიტაშვილის თქმით, - STOP  RUSSIA არანაირ პოლიტიკურ მოწოდებას არ შეიცავს, რომელიც შეიძლება, მოთამაშის თვალში "მტრის ხატის" შექმნას ემსახურებოდეს".

გარდა ამ წარწერისა, ჩემი ყურადღება მიიქცია ერთ-ერთი მძარცველის (თუ ტერორისტის) სახემ: ეს იყო თავგადაპარსული, ულვაშა და ყბებგანიერი შუახნის კაცი, რომელიც საოცრად ჰგავდა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით თევზაძეს. ტერორისტსა და თევზაძეს შორის მგსავსება თამაშის მთავარმა გრაფიკოსმა, დავით სახვაძემაც დამიდასტურა, - აშკარად ჰგავსო! - მითხრა. თუმცა დასძინა, რომ „ეს უბრალო დამთხვევაა და თამაშის შექმნისას ასეთი დაკვეთა არ ყოფილა. ამის მიუხედავად, თამაშის განმავლობაში რამდენიმე "თევზაძის" მოკვლამ მომიწია.

ერთი სიტყვით, პირველმა ქართულმა კომპიუტერულმა თამაშმა სულ რაღაც ათ წუთს გასტანა (სწორედ ეს დრო დასჭირდა მთავარ გმირს ბანკის მძარცველთაგან გასათავისუფლებლად). ათი წუთის შემდეგ კი მე (ანუ პოლიციელი) უკვე სპეცრაზმისგან ქებას ვისმენდი იმის გამო, რომ ასე ვიყოჩაღე, თუმცა, იქვე დასძინეს: "ისე, კარგი იქნებოდა, ცოტა საქმე ჩვენთვისაც დაგეტოვებინაო".

P.S. ტერორისტისა და დავით თევზაძის მსგავსებასთან დაკავშირებით, გადავწყვიტე თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრიც მომესმინა, თუმცა, ამაოდ, მისი პირადი ნომერი რამდენიმე დღის განმავლობაში გამორთული იყო.

გიორგი გოგუა