"გაინტერესებთ სინამდვილეში რას ვგრძნობ როცა ჰიჯაბს ვატარებ?" - ვინ არის არაბი პრინცესა, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს - კვირის პალიტრა

"გაინტერესებთ სინამდვილეში რას ვგრძნობ როცა ჰიჯაბს ვატარებ?" - ვინ არის არაბი პრინცესა, რომელიც სტერეოტიპებს ანგრევს

ზოგიერთი ქალი დაბადებულია იმისთვის, რათა მოდის დედოფლად იქცეს, სწორედ ასეთია საუდის არაბეთის პრინცესა დინა აბდულაზიზ ალ-საუდი, რომელიც სხვა პრინცესებისგან განსხვავებით, თანამედროვე და ამავე დროს გლამურული ჩაცმის სტილით გამოირჩევა.

მისი ისტორია ზღაპარს ჰგავს და 1998 წელს დაიწყო, როცა გოგონა ცოლად საუდის არაბეთის პრინცს სულთან იბნ ფაჰად იბნ ნასერს გაჰყვა. დღეს ის არ არის მხოლოდ პრინცესა, მან საკუთარი სტილი და სამოსის ხაზიც შექმნა. ის ელეგანტურობისა და ძლიერი ქალის სიმბოლოდ იქცა.

დინა ალი ალ-ჯუჰანი კალიფორნიაში ეკონომისტების ოჯახში დაიბადა. პატარაობისას მამას ხშირად დაჰყვებოდა ახლო აღმოსავლეთში საქმიან შეხვედრებზე. სწავლობდა რამდენიმე ამერიკულ უნივერსიტეტში. გოგონამ პრინცი 1996 წელს გაიცნო, შეყვარებულები 2 წელში შეუღლდნენ. მათ გოგონა და ტყუპი ბიჭები შეეძინათ. სამეფო ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკაში, თუმცა შემდეგ ისინი საუდის არაბეთის დედაქალაქში ერ-რიადში გადავიდნენ საცხოვრებლად. დინას არ უყვარს პირადი ცხოვრების აფიშირება, ამიტომ ის თავის ოჯახზე მედიასთან არ საუბრობს.

როგორ წარმოგიდგენიათ არაბი პრინცესას ცხოვრება? რამდენიც არ უნდა იფიქროთ, დინა არც ერთ ჩვეულ, ტრადიციულ ფორმატში არ ჯდება. სხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებისა და პრინცესებისგან განსხვავებით, დინა საკმაოდ წარმატებული ბიზნეს ლედია, ის საკმაოდ გავლენიანი ქალბატონია მოდის ინდუსტრიაში.

დინა პირველია, ვინც საზოგადოების სტერეოტიპი დაარღვია და ყველას ანახა, რომ არაბ ქალებს შესაძლებლობასთან ერთად კარგი გემოვნებაც აქვთ.

"არაბი ქალები 1960-იან წლებშიც კი ცნობილ დიზაინერებთან იმოსებოდნენ, თუმცა ჩვენ სხვა საზოგადოებას წარმოვადგენთ - ჩვენთან არ არის მიღებული დანახარჯებზე ხმამაღლა საუბარი, არც ამ ყველაფრის აფიშირება მოგვწონს. არაბი ქალები სხვაგვარები არიან, მათთვის ასეთი საქციელი სამარცხვინოა".

დინა მუდმივად ესწრებოდა ცნობილი მოდის სახლების ჩვენებებს, შემდეგ კი მან ერ-რიადსა და დოჰაში ბუტიკი D’NA გახსნა, სადაც ისეთი ცნობილი ბრენდებია წარმოდგენილი, როგორიცაა: Miu Miu, Haider Ackermann, M2Malletier და Maison Martin Margiela.

როგორც პრესასთან საუბრისას პრინცესამ განაცხადა, მას ყოველთვის სურდა მოდის ინდუსტრიაში ჩართვა, თუმცა საკუთარ თავს როგორც დიზაინერს, ვერ ხედავდა, მამასთან კონსულტაციის შემდეგ კი დარწმუნდა რომ მიზანს მიაღწევდა:

"მამამ მითხრა, რომ მე მივაღწევდი წარმატებას, იმ დროისთვის კი ბიზნეს იდეაც არ მქონდა, განვეწყვე ისე, რომ აუცილებლად მივაღწევდი წარმატებას და მივაღწიე კიდეც".

ამჟამად დინას დაარსებული ორგანიზაცია ეხმარება ახალგაზრდა დიზაინერებს, რათა მათ მომავალში წარმატებული კარიერა ჰქონდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა თითქმის არ ატარებს ჰიჯაბს და თანამედროვე სამოსით იმოსება, მას არ დაუკარგავს ზღვარი და ის ყოველთვის ცდილობს მისი შერჩეული სამოსი არ აცდეს ქვეყნის ტრადიციებს და ამით საზოგადოებას არ მიაყენოს შეურაცხყოფა.

საუდის არაბეთის პრინცესა ჩაცმისას თანამედროვე, თუმცა გრძელ სამოსს ანიჭებს უპირატესობას, დეკოლტეშიც იშვიათად ნახავთ. მისი საყვარელი სამოსია: "პრადას" მაისური, "მიუ მიუ"-ს ფეხსაცმელი და აქსესუარად "ჰერმესის" ჩანთა. გლამურული ჩაცმის სტილის მიუხედავად, ის ხშირად უბრალო შავი კაბით ჩნდება, რომელსაც მუსლიმანი ქალები ყოველდღიურად ატარებენ:

"აქ მილიონობით ქალი ცხოვრობს, რომელთაც მოდურად ჩაცმა მოსწონთ. გაინტერესებთ სინამდვილეში რას ვგრძნობ როცა ჰიჯაბს ვატარებ? ეს საოცარი სამოსია და მასში თავი გრეის კელი მგონია" - განაცხადა არაბეთის პრინცესამ. (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)