"არასდროს იცი ამის გაგებისას, შენს მეუღლეს რა რეაქცია ექნება, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო" - კვირის პალიტრა

"არასდროს იცი ამის გაგებისას, შენს მეუღლეს რა რეაქცია ექნება, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო"

ჰოლივუდში ბევრ ბედნიერ წყვილს წააწყდებით, თუმცა ტომ ჰენქსისა და რიტა უილსონის სიყვარულის ისტორია იმაზე უკეთესია, ვიდრე რომელიმე რომანტიკული კომედია.

როგორც ბევრი მსახიობის, მათი სიყვარულის ისტორიაც გადასაღებ მოედანზე დაიწყო, რიტა და ტომი საერთო ფილმში მონაწილეობდნენ. გაცნობიდან სამი წლის შემდეგ კი მიხვდნენ, რომ მათ შორის ქიმია არ ქრებოდა და ტელეეკრანების გარეთ, რეალური სიყვარულით ცხოვრება განაგრძეს. დღეს ტომიც და რიტაც 64 წლისანი არიან და მათ მსოფლიოს მასშტაბით, კვლავ ჰოლივუდის გამორჩეულ წყვილებს შორის მოიხსენიებენ.

1981 წელს ტომი თავის მომავალ მეუღლეს ABC Comedy-ის სტუდიაში ფილმის გადაღებაზე შეხვდა, მაშინ რიტა ეპიზოდური როლის შესასრულებლად იყო მიწვეული. ტომმა მაშინვე შეამჩნია რიტა, თუმცა გოგონას გადასაღებ მოედანზე არც ტომისთვის და არც სხვა მამაკაცისთვის მიუქცევია ყურადღება. 1984 წელს ფილმი "მოხალისეების" გადაღებაზე, როდესაც ტომი ჯერ კიდევ სამანტა ლუისთან იმყოფებოდა ქორწინებაში, რიტას მიმართ გრძნობები გაუჩნდა.

"მე და რიტა ერთმანეთს ვუყურებდით და მივხვდი ეს გრძნობა რეალურად გაჩნდა ჩემში" - იხსენებს ტომი.

იმ დღის შემდეგ, ტომსა და რიტას შორის თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მსახიობები სკანდალებს ერიდებოდნენ, თუმცა მალევე ჰენქსმა პირველი ქორწინება განქორწინებით დაასრულა და რიტას მიმართ გრძნობების დამალვასაც დაანება თავი.

"პირველი ქორწინების დროს ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც რიტა გავიცანი, 23 წლის ვხდებოდი, ჩემი შვილი კი 2 წლის იყო. მაშინ ამხელა პასუხისმგებლობის აღება ჩემს თავზე არ შემეძლო და განქორწინება ვამჯობინე"- იხსენებს ტომი.

ჰენქსის რომანზე ჰოლივუდში ყველა საუბრობდა, თუმცა უკვე დანგრეულ ქორწინებას აღარაფერი ეშველებოდა ტომს სხვა ქალი უყვარდა და 1986 წელს ჰენქსი ოფიციალურად გაშორდა პირველ მეუღლეს.

2-წლიანი პაემნებისა და ზღაპრული პერიოდის შემდეგ, 1988 წლის 30 აპრილს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში რიტამ და ტომმა მოკრძალებულ გარემოში პატარა ქორწილი გადაიხადეს, საზოგადოება ვარსკვლავებისგან გრანდიოზულ ცერემონიას ელოდა, თუმცა წყვილმა ეს არ ისურვა.

"ჩვენი ურთიერთობის წარმატება ის იყო, რომ ყოველთვის ვაფასებდით დროს, ამასთანავე ჩვენ ორს რაღაც ამოუხსნელი გრძნობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. როდესაც რიტაზე დავქორწიდი მეგონა ეს გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევდა ჩემში, ვაღიარებ, არ მინდოდა შეცვლა და მეშინოდა, არ ვიცოდი ამას როგორ შევძლებდი. მალევე მივხვდით, რომ ჩვენი სიყვარული ისეთივე რეალური იყო, როგრც მე ახლა, აქ. ჩვენს შორის არაფერს სჭირდებოდა შეცვლა. ქორწინება ხანდახან ჯოჯოხეთს ჰგავდა, თუმცა ჩვენ ამას ერთად ვუმკლავდებოდით"- აღნიშნა ჰენქსმა ოპრა უინფრის ერთ-ერთ გადაცემაში.

1990 წლის 4 აგვისტოს ტომსა და რიტას პირველი ვაჟი მარლონი შეეძინათ, 5 წლის შემდეგ, 26 დეკემბერს კი მათი უმცროსი ვაჟი, ტრუმან თეოდორ ჰენქსი გაჩნდა. ბედნიერ წყვილს უკვე აღარაფერი სჭირდებოდათ იდილიამდე, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა.

2015 წელს რიტა დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მას ექიმებმა მკერდის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რიტას ორი ოპერაციის გაკეთება მოუხდა, წამლებისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ კი საბოლოოდ მოახერხა და დაამარცხა სიმსივნე.

"შენ არასდროს იცი ამის გაგებისას, შენს მეუღლეს რა რეაქცია ექნება, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო, როდესაც ტომმა ჩემი დაავადების შესასხებ შეიტყო, სრულიად შეიცვალა, გაოგნებული ვიყავი, ტომი მივლიდა და ყველა საჭირო საქმეს ჩემს მაგივრად აკეთებდა, ამან უფრო დაგვაახლოვა"- რიტა უილსონი.

სიმსივნისა და მათ შესახებ ათასგვარი უსამართლო ჭორის მიუხედავად ჰენქსი და უილსონი უკვე 31 წელია მყარად ინარჩუნებენ ოჯახს, მათი ქორწინების იუბილეზე წყვილმა ჰოლივუდს წლების წინ წარმოთქმული ფიცი თავიდან წაუკითხა. ჰოლივუდში დღემდე ამბობენ, რომ ოდესმე რეჟისორები მათ სიყვარულზე ფილმს გადაიღებენ.

"ქალი, რომელსაც მთელი ცხოვრება დავუკავშირე, ყოველდღე მასწავლის და მაჩვენებს, რას ნიშნავს ნამდვილი სიყვარული. ორივემ ვიცით, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით"- ამბობს ტომ ჰენქსი(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)