ჩასახუტებელი ბუხუტი - კვირის პალიტრა

ჩასახუტებელი ბუხუტი

თუ თუთიყუშს შეუძლია გითხრას, "მიყვარხარ და გაკოცებო", ჩვენ  რა ჯანდაბა დაგვემართა?!

- ახლა რაღა გჭირს? - მკითხა ახლობელმა, როცა ცხოვრებაზე გულმოსულმა ჩანთა დავახეთქე.

- არაფერი... არ იცი, რომ ყველა დილიდან ნერვებს გიშლის, - ვუპასუხე მე.

- ვიცი, ვიცი, - მიპასუხა, - არ გინდა, გუნებაზე მოგიყვანო?

- კარგი, რა, - ხელი ჩავიქნიე.

მან თავისი მობილური ტელეფონი ყურთან მომიტანა, - ახლა ჩვენს ბუხუტის გალაპარაკებო. ბუხუტიღა მაკლია-მეთქი და - ტელეფონიდანაც შემეხმიანენ: "კარგი ბიჭი, კარგი ბიჭი, გაკოცებ, გაკოცებ!" ჰოდა, მეც ყურები ვცქვიტე და ჩამოშვებული ცხვირიც ავწიე. გარდა ამისა, ვარკეთილშიც გავემგზავრე და ნიკოლეიშვილებს მოვთხოვე - ეგ თქვენი ბუხუტი აუცილებლად უნდა გამაცნოთ-მეთქი. კი ბატონო, მობრძანდითო. დიასახლისმა ფარდა გადასწია. ბუხუტიც ეგრევე გამოქანდა და... მხარზე დამასკუპდა, ნისკარტი ჩემს საყურეს ჩაავლო და ისე მომქაჩა, შევხტი.

- კარგი, რა, ბუხუტი, არ გრცხვენია, ახლავე ჩამოფრინდი მაქედან, - გაუჯავრდა დიასახლისი, თუმცა სულ ტყუილად. იმასაც რა ექნა, ბუხუტის "ნამუსი მოსწმინდა": - ასე იცის, ძალიან უყვარს სტუმრები, როგორც კი დაინახავს, მერე აღარ სცილდება. ძალიან თუ შეგაწუხათ, მაშინვე გადმოსვით.

ამასობაში ბუხუტიმ კიდევ ერთხელ მომაძახა, - "კარგი ბიჭი, კარგი ბიჭი, გაკოცებ, გაკოცებ" და ლოყაზე ჩამინისკარტა. მერე კოცნა მოჰბეზრდა და ჩემს კალამს დაუწყო კირკიტი, - ზედ ნაწერზე გაფარჩხა ფეხები და ადგილიდან აღარ დაიძრა. მერე ეტყობა, ისიც მოჰბეზრდა, მაგიდაზე მდგარი სარკის წინ დასკუპდა და ისე დაუწყო თავს ცქერა, მეგონა, იტყოდა: "სარკევ, სარკევ, მითხარი, - ვინ არის ამქვეყნად ყველაზე მშვენიერიო..."

გაოცებული შევცქეროდი პრანჭია თუთიყუშს.

- უყურე შენ, რა მაგარია! - შევაქე მე, - ერთი ეს მითხარით, ლაპარაკი როგორ ასწავლეთ?

- მართლა მაგარია, - მითხრა იმანაც, - სამი თვის არის, მეტის კი არა და უკვე იმდენი რამ იცის... "ჩიტო, ჩიტო, ნაცარა იცის"... "წითელი ვაშლი გაგორდა"... ერთი-ორჯერ ვუთხარით და დაიმახსოვრა. აწი სხვა ლექსებსაც ვასწავლით, უყვარს, როცა ლექსის კითხვას ვიწყებთ, მოფრინდება, დასკუპდება და გვისმენს.

- ეგ ვინ ყოფილა! კიდევ რა უყვარს?

- რა და... ტელევიზორი, იქ რომ ლაპარაკობენ, ეგეც წინ ჩამოჯდება და აჰყვება. მობილურიც უყვარს, იქაც ქაქანებს, კომპიუტერიც, მაგრამ ამ ამბავში ვერ თანავუგრძნობთ. როცა კომპიუტერს ვრთავთ, ამას გალიაში შევაბრძანებთ ხოლმე - ზედ კლავიშებზე დაპაკუნობს...

- თან "უნდა გაკოცოს" იძახის, არა?

- მაგასაც და სხვა რამესაც, გეგონება, აზროვნებს და ისე ამბობსო.

- იქნებ მართლა აზროვნებს?

- რა ვიცით. ისე, ზოგჯერ მართლა ადამიანივით იქცევა და, - უკეთესადაც, - ავად თუ ხარ, არ მოგშორდება, შენთან უნდა იყოს დასკუპებული, საწოლზე.

- აბა, ოჯახის წევრი გყოლიათ.

- ეგა თქვით. მაგრამ ოჯახის წევრები სულ გარეთ არიან მიმოფანტული, ეს კი სულ მხარზე მყავს და დამდევს. ბუხუტისთან კაცი ვერ მოიწყენს. ბანაობას რომ დავუგვიანებთ, წყლიან ჭიქაში ჩაეყუდება თავით და საშველს არ მოგცემს, თუ არ დაბანე.

ძალიან განიცდის, როცა ვინმე შინიდან გადის. ამბობს "უიო!". თქვენც რომ გახვალთ, იტყვის "უიო!" მაგრამ ჯერ იყავით, ილაპარაკეთ... მე კი ნამცხვარს მოგიტანთ.

და დიასახლისი ნამცხვრის მოსატანად გავიდა, იმის მიუხედავად, რომ ნამცხვარზე უარი ვთქვი; სამაგიეროდ, ბუხუტიმ - არა. თუმცა ვინ აჭმევდა, - თვალისჩინივით უფრთხილდებიან. სტაფილოსა და ვაშლს კი დიდის ამბით აჭმევენ.

მოკლედ, ბუხუტის დარჩა ვაშლი, მე - გადაყრილი დარდი... და - გზა რედაქციამდე. ამ გზაზე კი სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ თუ ბუხუტის შეუძლია "მიყვარხარ და გაკოცებო" მეძახოს, ჩვენ რა ჯანდაბა და დოზანა დაგვემართა-მეთქი.

როგორ მოვუაროთ თუთიყუშს

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუთიყუშს ჩვენსავით სჭირდება საკვები და წყალი. ისინი იკვებებიან მარცვლეულით. ისევე როგორც ჩვენ, ადამიანებს, მათაც უყვართ მრავალფეროვნება. ბევრმა არ იცის, რომ ჩვენი პატარა მეგობრები არც ხილზე ამბობენ უარს.  არ უნდა აჭამოთ ცომეული, რადგან მას არ აქვს კბილები, შესაძლოა ყელში გაეჩხიროს და დაიხრჩოს.

სასურველია გალიის ყოველდღე დასუფთავება, რათა თუთიყუში იყოს სუფთა და ლამაზი.

არ დაუდგათ სარკე მანამ, სანამ გარემოს არ მიეჩვევა.

გაითვალისწინეთ, რომ დედალი თუთიყუშები არ ლაპარაკობენ.

როგორ გავარჩიოთ სქესი?

თუ თუთიყუშს ნისკარტი მუქი აქვს ნესტოებთან, მამრია. ნისკარტის ზედა ნაწილი კარგად უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი,  ხანდახან ლურჯი ფერისაც აქვთ, მუქი ცისფერი, მონაცრისფრო. პატარაობაში ყველას ღია ფერის ბუმბული აქვს, დროთა განმავლობაში უმუქდებათ.

მდედრები თხელები არიან. ნისკარტი ვარდისფერი, უფერული ან ყავისფერი აქვთ.