გზა შალვა ნათელაშვილიდან ლუჩანო პავაროტიმდე - კვირის პალიტრა

გზა შალვა ნათელაშვილიდან ლუჩანო პავაროტიმდე

როცა ტელეჟურნალისტი ხარ, იცი, რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხვდები სტრასბურგში, ვთქვათ, ევროსაბჭოში, მორიგ საპარლამენტო სესიაზე  ჩვენთვის რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის გასაშუქებლად. მაგრამ ნამდვილად ძნელად წარმოსადგენია, სტრასბურგში  ლეიბორისტების მიტინგის გადასაღებად მოხვდე. კიდევ უფრო ძნელად წარმოსადგენი კი ის არის, რომ ნახევარი ევროპა მოვიარე და ვერაფერი ვნახე.

2007 წლის სექტემბერი იწყებოდა. შალვა ნათელაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, სტრასბურგის სასამართლომ ჩემი სარჩელი მიიღო და განხილვის დღეც დანიშნაო. ნათელაშვილი იმ სარჩელით რევოლუციის შემდეგ არჩეული პარლამენტის უკანონოდ გამოცხადებას ითხოვდა. ნათელაშვილი ირწმუნებოდა, სტრასბურგში სასამართლოს წინ მრავალრიცხოვან მანიფესტაციას მოვაწყობო. აბა, ამ სანახაობას მაშინდელი "იმედი" ხელიდან როგორ გაუშვებდა?

როცა ერთ-ერთმა ჩვენმა რედაქტორმა ამ მეტად "საპასუხისმგებლო" მივლინების შესახებ მამცნო, ბილეთი პარიზის რეისზე ვიშოვეთ. მოკლედ, ორშაბათს პარიზში ჩავფრინდებოდი, მაშინვე სტრასბურგის მატარებელზე დავჯდებოდი, სამშაბათს ლეიბორისტების აქციას გადავიღებდი და, რადგან უკანა რეისი "აირზენას" მხოლოდ პარასკევს ჰქონდა, ორ დღეს მინდოდა სტრასბურგში დავრჩებოდი, მინდოდა - პარიზში!

რატომ სჯობს ჩვენი რკინიგზა ევროპულს?

ორშაბათს დილის 9 საათზე დე გოლის აეროპორტში ვიყავი. აღმოჩნდა, რომ თბილისთან შედარებით, ევროპაში სუსხი იყო, 14 გრადუსი, არადა თბილისში ტემპერატურა 30 გრადუსს ეთამაშებოდა.

ვაგზალი იქვე იყო. ფეხით ხუთ წუთში მივედით. სტრასბურგისკენ მიმავალი ჩქარი მატარებელი პარიზის სადგურზე ორი(!) საათის დაგვიანებით ჩამოდგა. თორმეტის მაგივრად ორზე დავიძარით.

ეს ჩემი ევროპულ რკინგზასთან შეხების პირველი შემთხვევა იყო და თავადაც მიხვდებით, როგორი შთაბეჭდილება შემექმნებოდა. ორი საათით მატარებელი საქართველოში აღარ იგვიანებს! როგორც აგვიხსნეს, შემადგენლობას რაღაც გაფუჭებია და ეს აქ ჩვეულებრივი მოვლენა სულაც არ ყოფილა, მაგრამ ჩემთვის რა შეღავათი? ვფიქრობდი, ამათ მატარებელში ჩაჯდომა კიდევ ერთხელ, უკანა გზაზე მომიწევს, ჯანდაბას, პარიზის ნახვის ხათრით ყველაფერს დავივიწყებ-მეთქი, მაგრამ...

სტრასბურგი, შალვა და "ძირს მიშა"

KvirisPalitra.Geმეორე დღეს შალვა ნათელაშვილის მოლოდინში უკვე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს წინ ვიდექით.  ვინც ის რეპორტაჟი ნახა, რამდენიმე კადრი დაამახსოვრდებოდა. პირველი: მეუღლესთან ერთად სტრასბურგის სასამართლოს ეზოში ამაყად მომავალი შალვა ნათელაშვილი და მეორე: ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ლეიბორისტულად განწყობილი ოცამდე ქართველი, ტრანსპარანტებით შეიარაღებულნი. აქციის მოწოდება ისეთივე იყო, როგორიც მრავალი გვინახავს - ძირს მიშა! ოღონდ ერთი განსხვავებით, - ამბავი სტრასბურგში ხდებოდა და აქედან საგანგებოდ ჩასული რამდენიმე ჟურნალისტის გარდა, არავის აინტერესებდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მე თან მახლდა ოპერატორი (თამაზ შავშიშვილი, იგივე ტომაზო), რომელიც თითქმის  ერთადერთი კაცი იყო მთელ "იმედში", ვინც სააკაშვილზე უგონოდ იყო შეყვარებული. ტომაზო მთელი დღე ლეიბორისტებს ლანძღავდა: - ამის დედა ვატირე, დღეს მიშა მარნეულში მიდის, მე კი სტრასბურგში ვარ და ნათელაშვილს ვიღებო(!).

დღის ბოლოს ჩვენი მისია უკვე შესრულებული გვქონდა. შეგვეძლო სტრასბურგი დაგვეთვალიერებინა. პირველ რიგში კათედრალის სანახავად წავედით. სწორედ მის წინ ვიდექი, რომ ჩემს ტელეფონზე თბილისიდან დარეკეს. რედაქტორი ჩემთვის მოულოდნელ დავალებას მაძლევს: - ახლა წახვალ სტრასბურგის მატარებლის სადგურზე, გაიგებ, დღეს ვენისკენ მატარებელი გადის თუ არა. თუ გადის, ბილეთს იყიდი და ავსტრიის დედაქალაქში გაემგზავრები. ხვალ იქ ეუთოს შტაბბინაში წითელუბნის ინციდენტს განიხილავენო. გეხსომებათ, წითელუბანი ის სოფელია, სადაც მაშინ რუსებმა რაკეტები ჩამოყარეს.

ეეჰ! მშვიდობით, პარიზო!

ვენაში ვარ თუ ტ...ში?!

ვენაში წვიმდა და არანაკლებ ციოდა, ვიდრე პარიზსა და სტრასბურგში. მე კი მივლინებაში თბილისური ამინდის წყალობით საზაფხულოდ გამოწყობილი წავედი. ეუთოს შტაბბინაში რომ მივედით, ჩემს ფეხსაცმელს ჭყაპაჭყუპი გაუდიოდა.

ბარგი ფოიეში დავყარეთ და მუშაობას შევუდექით. როცა მოვრჩით, მასალის "გადმოგორების", ანუ "პერეგონის" დრო დადგა.

ვჩქარობდი. ტელევიზიაში ოპერატიულობა ძალიან ფასობს. მით უმეტეს, გამძაფრებული კონკურენციის პირობებში. "რუსთავი 2" ვენაში ჩვენზე ერთი დღით ადრე ჩამოსულიყო. ტაქსისტს თბილისიდან მესიჯით მოწერილი ადგილობრივი ტელევიზიის მისამართი ვაჩვენე. რომელიღაც შტრასეზე უნდა მივეყვანეთ. ვიციო, მითხრა და დავიძარით. ოცი წუთი მატარა წვიმიან ვენის ქუჩებში და ბოლოს მითხრა, მოვედითო.

გავიხედ-გამოვიხედე და ახლომახლო ტელესტუდია ვერსად აღმოვაჩინე. ვუთხარი, რაღაც გეშლებათ-მეთქი. მისამართი კიდევ ერთხელ მივაწოდე, დახედა და: - ეს რა დამემართა, ჩემი სუსტი მხედველობის ბრალია, ქუჩის დასახელება არასწორად ამოვიკითხე. ეგ ადგილი, რომელიც თქვენ გინდათ, ქალაქის მეორე ბოლოშია, თან ზუსტად არც ვიცი, სადო. გულს შემომეყარა. "პერეგონამდე" მხოლოდ ხუთი წუთია დარჩენილი. თბილისიდან წუთში ერთხელ რეკავენ, მიხვედი თუ არაო და ახლა ირკვევა, რომ ქალაქის მეორე ბოლოში ვარ წასასვლელი. მძღოლმა მითხრა, იქ მისასვლელად მინიმუმ 40 წუთი მინდაო. როცა თბილისიდან კიდევ დარეკეს, "პერეგონი" 40 წუთით გადავატანინე. ხუთსაათიან გამოშვებაში, ბუნებრივია, ვეღარ მოესწრებოდა.

ისეთი საცობები იყო, ორმოცი წუთი იქ მისასვლელად არც გვეყო.  თბილისიდან ისევ ყოველ წუთს რეკავდნენ. ერთ-ერთი ზარის დროს, როცა მკითხეს სად ხარო, ვუპასუხე, - ტ....ში ვარ-მეთქი. აბა, რა მეთქვა, მორიგ საცობში ვიყავი გაჩხერილი, ნერვები დაგლეჯაზე მქონდა და ჩემი პედანტი ტაქსისტი კი აქეთ-იქით დაბნეული იყურებოდა.

"პერეგონი" კიდევ ნახევარი საათით გადავწიეთ. ბოლოს, როცა მივაგენით, გულს კიდევ ერთხელ შემომეყარა. ტაქსის მრიცხველს რომ დავხედე, 40 ევრო ჰქონდა დაწერილი. ხელი საფულისკენ უხალისოდ წავიღე, ტაქსისტმა გამაჩერა: დროზე ვერ მოგიყვანეთ და ამდენიც ჩემი უცოდინრობის გამო დაწერა, გადახდა საჭირო არ არისო და მრიცხველი ნულებზე ჩამოყარა.

ბარემ მოდენაც...

"პერეგონის" მერე ბარგი დროებით ჩვენი კოლეგების, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნომერში დავტოვეთ და სასტუმროს მოძებნას შევუდექით. ვფიქრობდი, თუ პარიზი ვერ ვნახე, ვენას მაინც დავათვალიერებ-მეთქი. ამ ფიქრში ვიყავი, როცა ისევ ჩემმა რედაქტორმა დარეკა და კიდევ ერთხელ მითხრა საოცარი ამბავი: - რა სასტუმრო, რის სასტუმრო? ვენაში აღარ რჩები, ახლა ვაგზალზე წახვალ და გაიგებ, მატარებელი მოდენისკენ როდის გადის, სასტუმროს იქ დაგიჯავშნითო.

მოგეხსენებათ, მოდენა იტალიის პატარა ქალაქია, სადაც ლუჩანო პავაროტი დაიბადა და ჩემი ვენაში ჩასვლის წინადღეს გარდაიცვალა. ჩვენც მისი დაკრძალვის გასაშუქებლად გვიშვებდნენ. მაინც ევროპაში ხართ და ბარემ შეიარეთო(?).

ვენის ღირსშესანიშნაობათა ნახვის იმედიც წყალში ჩამეყარა. ერთ ბილეთში ბოლონიამდე 120 ევრო გადავიხადე. გამგზავრებამდე წუთები რჩებოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ შეიძლებოდა მატარებელზე დაგვგვიანებოდა.  ბარგის ასაღებად კოლეგების სასტუმროსკენ გავიქეცით. ბარგი  ავიღეთ და ახლა ვაგზალზე გავიქეცით. მატარებელში რომ ავედით, გასვლას ორი წუთი უკლდა.

ვაგონში ფეხი ავდგით თუ არა, ოპერატორის განწირული ღმუილი მომესმა. ბოლო ხმაზე იგინებოდა. ვიფიქრე, ვინმემ თბილისიდან სააკაშვილის გადადგომის ამბავი ხომ არ შეატყობინა, რა მოხდა-მეთქი. რაღა რა მოხდა, სასტუმროს ნომერში კამერის აკუმულატორების დამტენი დამრჩა თავის აკუმულატორიანადო.

ალბათ, მიხვდებით, რა ხასიათზე დავდგებოდი. გამოდიოდა, იტალიაში ტყუილად მივდიოდით. რას ვუპასუხებდით ხვალ უფროსობას, მასალას რომ მოგვთხოვდა?

კეთილი იტალიელი

KvirisPalitra.Geიტალიაში ჩასულებს თბილისიდან დილაუთენია დაგვირეკეს, - აბა, პირველი მასალა რაც შეიძლება ადრე მოგვაწოდეთ, სასტუმროში დაბინავდებით თუ არა, პირდაპირ დაკრძალვის ცერემონიაზე წადითო. ვუპასუხე, ჯერ ბოლონიაშიც არ ჩავსულვართ და მოდენაში როდის ვიქნებით, ვერ გეტყვით, შუადღემდე მასალას არ ელოდოთ-მეთქი. აბა, რა მექნა? დრო ხომ მჭირდებოდა მოდენაში ტელევიზიის მოსაძებნად და იქ აკუმულატორისა და დამტენის თხოვების საკითხის მოსაგვარებლად.

ათ წუთში სასტუმროში ვიყავით. ბარგი დავყარეთ და მაშინვე ტელევიზიის ძებნა დავიწყეთ. სასტუმროს მისაღებში გავარკვიეთ, რომ  აქ მხოლოდ ერთი ტელესტუდია "მოდენა-ტვ" იყო.

ფეხით 15 წუთში მივედით, მაგრამ ისე ადრე იყო, სტუდია დაკეტილი დაგვხვდა. მხოლოდ ერთი წვერიანი კაცი იდგა კართან. გვითხრა, გასაღები სხვა თანამშრომელს აქვს და მის მოსვლას უნდა დაველოდოთო. ცუდად მენიშნა, -  ტელევიზიას ვინ კეტავს? საწყობი ხომ არაა, ან რას ნიშნავს - გასაღები ერთ თანამშრომელს აქვს?! ეტყობა, ძალიან პატარა სტუდიაა და აკუმულატორებიც ცოტა ექნებათ-მეთქი. გასაღებიანი კაცი 15 წუთში მოვიდა. წვერიანმა მოსაცდელში დაგვტოვა და რამდენიმე აკუმულატორი გამოგვიტანა.

ამ კაცს შევთავაზე, რაიმე საბუთს დაგიტოვებ, დაბრუნების გარანტია რომ გქონდეს-მეთქი. არაფერი მინდა, წაიღეთ და სამ დღეში მომიტანეთო. მერე მთელი სამი დღე თავს ვიმტრევდი, - ასე როგორ გვენდო უცხო ხალხს, რომ აღარ დავბრუნდეთ, რას შვრება-მეთქი.

გამოთხოვება მაესტროსთან

ტაძარში, სადაც დიდი მაესტროს - ლუჩანო პავაროტის ნეშტი ესვენა, ტელევიზიებს არ უშვებდნენ - ოჯახის მოთხოვნააო. მხოლოდ იტალიურ "რაი უნოს" ჰქონდა გადაღების უფლება. დანარჩენები გარეთ ვმუშაობდით. დაკრძალვის წინადღეს ჩემს ოპერატორს ვუთხარი, - აქ ჩამოვსულვართ და დიდ მაესტროს პატივი როგორ არ მივაგოთ-მეთქი. მანაც კამერა თავის კოლეგებს მიაბარა და ჩემთან  ერთად უგრძელეს რიგში ჩადგა.

ცოცხალი პავაროტი არ მინახავს. ბუნებრივია, არც მისთვის მომისმენია  ცოცხლად. ახლა კი მივყვებოდი აცრემლებულ ხალხს, რომ მისთვის უკანასკნელი პატივი მიმეგო. სამძიმარზე მოსულები ეკლესიაში ერთი კარიდან შედიოდნენ და მეორიდან გამოდიოდნენ.  როგორც ჩვენში იციან, კუბოს წრეს არ უვლიდნენ. უბრალოდ, გვერდით ჩაუვლიდნენ. კუბოს მეორე მხარეს კი მაესტროს ოჯახის წევრები ისხდნენ. მეორე ცოლი და სამი ქალიშვილი პირველი ცოლისგან. დაკრძალვიდან ერთი კვირაც არ იქნება გასული, როცა ისინი ერთმანეთს მაესტროს ქონების გამო წაეკიდებიან. იმ დღეს კი მამას და ქმარს ემშვიდობებოდნენ. ისე ოსტატურად ემუშავა ვიზაჟისტს, როგორც ჩვენში უყვართ ხოლმე ასეთ დროს თქმა, - ცოცხალს ჰგავდა. გამოსასვლელში სამძიმრის წიგნი იყო, სადაც ქართულ ენაზე ჩანაწერი გავაკეთე. იმ დღემდე ჩემთვის პავაროტი მხოლოდ მსოფლიოში ნომერ პირველი ტენორი იყო. მას შემდეგ კი, რაც მის კუბოს გვერდით ჩავუარე, თითქოს ახლობელიც გახდა.

როგორ უნდა

გამოფრინდე ვენიდან პარიზის ბილეთით

ჩვენი უცნაურად გაგრძელებული მივლინება სრულდებოდა (თუ, რა თქმა უნდა, მოულოდნელად კიდევ სადმე არ გაგვიშვებდნენ), მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რჩებოდა გასარკვევი: თბილისიდან რომ მოვემგზავრებოდი, კომპანიამ ორმხრივი ბილეთი იყიდა: თბილისი-პარიზი პარიზი-თბილისი. (მაშინ ვინ წარმოიდგენდა, თუ თავს მოდენაში ამოვყოფდი?). ახლა უკან, პარიზში ხომ არ დავბრუნდებოდი? კომპანიიდან "აირზენაში" გადარეკეს და სთხოვეს, რომ ჩვენთვის მათივე რეისით ვენიდან გამოფრენის უფლება მოეცათ. კიდევ ერთი "საქმე" გვქონდა დასამთავრებელი.

ბარგი სასტუმროს ფოიეში დავტოვეთ, ტაქსი დავიქირავეთ და გეზი "მოდენა-ტვ"-ისკენ ავიღეთ. გზად ერთ-ერთ სუპერმარკეტში შევიარეთ და ორი შეკვრა ლუდი ვიყიდეთ. ჩვენი იტალიელი კეთილისმყოფელისთვის მადლობა ხომ უნდა გადაგვეხადა?

როცა მივედით, ისე გაუხარდა, აშკარად არ ელოდა ჩვენს დაბრუნებას. საჩუქარი მივართვით და დავემშვიდობეთ. იმანაც - ჩაო რაგაციო, - მოგვაძახა.

იმ რამდენიმე დღეში, რომელიც ევროპაში გავატარე, ვიყავი პარიზში, სადაც მხოლოდ აეროპორტი და ვაგზალი ვნახე; ცოტა მეტი ვნახე სტრასბურგში; ვიყავი ვენაში, სადაც, ქალაქის ნაწილი მხოლოდ ტაქსის ფანჯრებიდან დავათვალიერე. შემიძლია ვთქვა, რომ ნამყოფი ვარ ბოლონიაში, სადაც პარიზზე ნაკლებად გამიმართლა და მხოლოდ ვაგზალი ვნახე. ყველაზე მეტი დრო კი მაინც დიდი მაესტროს მშობლიურ ქალაქში გავატარე. შემიძლია გითხრათ, რომ მოდენა პატარა, მაგრამ მშვენიერი ქალაქია, ნიჭიერი და კეთილი ხალხით დასახლებული. ყოველ შემთხვევაში, მე ორი მოდენელი ვიცი და იქიდან ერთი მსოფლიოს საუკეთესო ტენორი იყო, მეორე კი იქაურ ტელევიზიაში მუშაობს და როგორ ვთქვა, კეთილი არ არის-მეთქი?

p. s. ეს მივლინება ჩემთვის, როგორც "იმედის" ჟურნალისტისთვის, ბოლო აღმოჩნდა. ორ თვეში ხელისუფლებამ "იმედი" დაარბია, შემდეგ კი ხელში ჩაიგდო. ტომაზომ დიდი ხნის სურვილი აისრულა და დღეს პრეზიდენტის პირად ოპერატორად მუშაობს.