ინცესტის მსხვერპლნი - კვირის პალიტრა

ინცესტის მსხვერპლნი

სისხლის აღრევა რომ დიდ ცოდვად ითვლება, საყოველთაოდ ცნობილია. მას გენეტიკური სავალალო შედეგებიც მოჰყვება. ინცესტის მაგალითები მსოფლიო ისტორიაში მრავლად არის და ნათესავებთან შეუღლების ფაქტები ცნობილ ადამიანებშიც გვხვდება.

ადოლფ ჰიტლერი

ადოლფ ჰიტლერი, რომელიც ასე გმობდა სისხლის აღრევას, თავადაც სისხლის აღრევის შედეგად გაჩნდა. ადოლფის მამამ ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილის შვილი. ინცესტმა მძიმე დაღი დაასვა ჰიტლერის პიროვნებას. თავისი წარმომავლობა იცოდა და ეშინოდა, არანორმალური შვილი არ მეყოლოსო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ადოლფ ჰიტლერის ერთადერთი ნამდვილი სიყვარული თავისივე დისწული იყო.

გამოდის, რომ მასაც მემკვიდრეობით გადაეცა მამისაგან დისწულისადმი ლტოლვა.

ამბობენ, რომ საბჭოთა ბელადებსაც არ ასცდენიათ ინცესტი: ვ.ი. ლენინის ბებია თავისი ქმრის ღვიძლი შვილი ყოფილა.(!).

KvirisPalitra.Geუძველესი ეგვიპტე

უძველესი ეგვიპტის ფარაონთა ქორწინებები და-ძმას შორისაც ხდებოდა. ეგვიპტის ფარაონებს, შინაოჯახური ქორწინების გარდა, სხვა ქორწინება ეკრძალებოდათ - "სუფთა სისხლი" არ უნდა შერყვნილიყო. ამის გამო დედოფალ ნეფერტიტს თავის ქალა ნორმალურზე ორჯერ გრძელი ჰქონდა.

და იძულებული იყო, მაღალი თავსარქმელი ეტარებინა.

მის ქმარს კი - ეხნატონს, "ცხენის სახე" ჰქონდა, ტუტანხამონს (რომელიც 18 წლისა გარდაიცვალა) სხეულის გაძვლოვანება სჭირდა და თავის მოსაბრუნებლად მთელი სხეულით  ბრუნდებოდა.

KvirisPalitra.Geჰაბსბურგების დინასტია

1661 წლის 6 ნოემბერს ესპანეთის სამეფო ოჯახში ნანატრი მემკვიდრე დაიბადა - მომავალი ხელმწიფე კარლოს II. მისი ოთხი ძმა პატარაობაშივე მოკვდა. მალე მეფე-მამაც გარდაიცვალა. ჯერ 4 წლისაც არ იყო, როცა ტახტზე დასვეს... მეფე ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობდა, სიარულიც მხოლოდ 8 წლისამ დაიწყო. რა აღარ სჭირდა - ეპილეფსია, დიარეა, პირღებინება, იმპოტენცია, ფსიქიკაც არ ჰქონდა ჯანსაღი, აღნაგობითაც ვერ დაიკვეხნიდა... კარლოსმა ორჯერ შეირთო ცოლი, არც ერთთან შვილი არ მიეცა. 30 წლის მეფე ბერიკაცს ჰგავდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ლოგინიდან ვერ დგებოდა და 39 წლისა გარდაიცვალა.

კარლოსს მკვეთრად გამოხატული მემკვიდრეობითი ნიშნები ჰქონდა: გამობურცული ტუჩი და ჰიპერტროფირებული ქვედა ყბა, რის გამოც მონარქს ჭამა უჭირდა. მემკვიდრეობით მიღებული გენები მასში გამძაფრებული კარიკატურული ფორმით გამოიხატებოდა. ისტორიკოსები ადრეც ხვდებოდნენ, რომ "ავადმყოფობის ეს თაიგული" მან იმის გამო მიიღო, რომ მშობლები ახლო ნათესავები იყვნენ:

მამამისს, ფილიპე IV -ს ცოლად ჰყავდა თავისი ძმისწული, მარიანა ავსტრიელი, რომლის მშობლებიც ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ. სისხლის აღრევა ამ დინასტიაში უძველესი დროიდან მოდიოდა და კარგა ხანს გაგრძელდა.

KvirisPalitra.Ge"პაწაწა" ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი

ცნობილი ფრანგი მხატვარი ტულუზ-ლოტრეკი უძველესი თავადური გვარის წარმომადგენელია. მისი მშობლები ბიძაშვილ-მამიდაშვილი იყვნენ, მათი შვილი, ანრი კი, მახინჯი დაიბადა:

პატარა ტანის, დიდთავიანი, ფეხებს ძლივს ადგამდა. სუსტმა ჯანმრთელობამ დიდი ხნის სიცოცხლე არ არგუნა, 37 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ მსოფლიო მნიშვნელობის შედევრები შექმნა.

KvirisPalitra.Geვიქტორიანული წყევლა

1837 წელს გარდაიცვალა მეფე უილიამ IV და ტახტზე მისი ძმისწული ვიქტორია ავიდა. ვიქტორია 18 წლისა გამეფდა, მას ჰემოფილია სჭირდა, რაც ევროპელ მონარქთა სისხლის აღრევის უძველესი ტრადიციის შედეგი იყო. მის შვილთაგან ერთს, ლეოპოლდს, იგივე ავადმყოფობა ჰქონდა, ორ ქალიშვილს - ამ დაავადების ნიშნები, რაც შვილებსაც მემკვიდრეობით გადასცეს.

ასე გადადიოდა ეს დაავადება თაობიდან თაობაში. ამგვარად, ვიქტორიამ, რომელსაც 9 შვილი ჰყავდა, თავისი გენი გადასცა იმ დინასტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მართავდნენ დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, რუსეთს, ესპანეთს, შვედეთს, დანიას, ნორვეგიას, იუგოსლავიას, საბერძნეთს და რუმინეთს. დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილმა, რომელიც რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზ II-ის ცოლი გახდა, ეს გენი რუსეთში ჩაიტანა.

სანამ მეუღლეებს გოგონები უჩნდებოდათ, პრობლემები არ იყო. მაგრამ ყველასათვის ცნობილია, რომ სწორედ მეფისწულ ალექსეის უწია ჰემოფილიამ.