"პრინცმა ჩარლზმა პრინცესა დაიანა ქორწილამდე ერთი დღით ადრე "გაანადგურა" - უთხრა, რომ არ უყვარდა" - კვირის პალიტრა

"პრინცმა ჩარლზმა პრინცესა დაიანა ქორწილამდე ერთი დღით ადრე "გაანადგურა" - უთხრა, რომ არ უყვარდა"

პრინცესა დაიანა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე განსხვავებული პიროვნება გახლდათ. იგი ბრიტანელთა საყვარელ პრინცესად მიიჩნევა და მის ცხოვრებისეულ ფაქტებს დღემდე აქვეყნებენ ტაბლოიდები. ერთ-ერთ ასეთ სტატიაში "ლედი დის" შესახებ საინტერესო ამბებს მისი მეგობარი და მწერალი - პენი ტორნტონი ჰყვება.

1981 წელს ბრიტანეთში სამეფო ოჯახი ქორწილისთვის ემზადებოდა, პრინც ჩარლზს, ელისაბედ II-ს ვაჟს, ცოლად პრინცესა დაიანა მოჰყავდა. ქორწილის წინა დღეს მომხდარი ამბავი კი უელსის პრინცესამ მეგობარს, პირად ასტროლოგსა და მწერალს - პენი ტორნტონს გაუზიარა. წლების შემდეგ, სწორედ ტორნტონმა დაწერა წიგნი დაიანას ცხოვრების შესახებ.

"ის, რაც დაიანამ მიამბო, ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ისტორიაა - ქორწილამდე ერთი დღით ადრე ჩარლზმა მას უთხრა, რომ არ უყვარდა. ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება მომავალ მეუღლეს გაუკეთო. ეს მოხდა მაშინ, როცა მომდევნო დღეს, ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარში, ქორწილი უნდა გამართულიყო“, - წერს ტორნტონი.

მწერლის თქმით, პრინც ჩარლზს არ სურდა, რომ დაიანასთან ცხოვრება ტყუილით დაეწყო და სწორედ ამიტომ უთხრა სიმართლე. მწარე სიმართლემ კი, რომელიც პრინცესა დაიანამ ქორწინებამდე 24 საათით ადრე გაიგო, ეს უკანასკნელი დააფიქრა, ნამდვილად ღირდა თუ არა ცოლად გაჰყოლოდა პრინც ჩარლზს.

"დაიანა ბოლო წუთებამდე ფიქრობდა, რომ არ სურდა ქორწინება, მას არ უნდოდა ქორწილში მისვლა“ - ამბობს პენი ტორნტონი.

პრინცესაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში პრინცი ჩარლზი კიდევ ერთი საქციელის გამო გააკრიტიკეს.

როგორც ცნობილია, 1984 წელს, როდესაც დაიანას პრინცი ჰარი შეეძინა, მეუღლემ იგი მშობიარობიდან რამდენიმე წუთში ახალშობილთან ერთად მიატოვა და პოლოს სათამაშოდ წავიდა.

ფოტოგრაფ კენ ლენოქსს, რომელიც წმინდა მარიამის სახელობის საავადმყოფოში ახალშობილის ფოტოების გადასაღებად მივიდა, სთხოვეს, ცოტა ხნით შეჩერებულიყო. მან საავადმყოფოში გაიგო ჭორი, რომ, თითქოს, ჩარლზმა პრინცესა ახალშობილთან ერთად "მიატოვა“.

ლენოქსს ამის შესახებ Daily Mail-ის სამეფო ფოტოგრაფმა - ჯიმი გრეიმაც ჰკითხა, - ჩარლზმა დაიანა მართლა მიატოვა და პოლოს სათამაშოდ წავიდაო?! ლენოქსმა ეს ჭორი არ დაიჯერა და სანაძლეოდ £50-ც კი დადო, თუმცა წააგო.

"£50 წავაგე, რადგან ვერ დავიჯერე, რომ ეს სიმართლე იქნებოდა; ვერ დავიჯერე, რომ ადამიანს შეეძლო მეუღლე ახალშობილ ვაჟთან ერთად მიეტოვებინა და პოლოს სათამაშოდ წასულიყო", - იხსენებს ფოტოგრაფი. (წყარო)

1992 წელს ბრიტანელთა საყვარელი პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი დაშორდნენ. განქორწინების პროცესი საკმაოდ გაიწელა და 1996 წელს დაასრულეს. ოფიციალურად, განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, 1997 წლის 31 აგვისტოს, პრინცესა დაიანა 36 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.

(სპეციალურად საიტისთვის)