"ჩემს თავს ვუთხარი, მორჩა, სადღაც 6-7 თვე გაქვს დარჩენილი-მეთქი" - ქართველი გოგონა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა
"ჩემს თავს ვუთხარი, მორჩა, სადღაც 6-7 თვე გაქვს დარჩენილი-მეთქი" - ქართველი გოგონა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა
მკერდის სიმსივნეს დღეს ბევრი ქალბატონი ებრძვის. კიბო რომ განაჩენი არ არის, ამას ყველა ამბობს, თუმცა იმის მოსმენა, თუ როგორ დაამარცხა ეს ვერაგი დაავადება კიდევ ერთმა ადამიანმა, სიხარულისა და ბედნიერების მომტანია. 32 წლის ანა დგებუაძე წარმოშობით ხობიდან, სამეგრელოდან არის. ისიც ერთ-ერთი მებრძოლი გოგონაა, რომელმაც სიმსივნე სულ ახლახან დაამარცხა და ცხოვრებას განაგრძობს. ანა მეუღლესა და შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. მისი ბრძოლის ისტორიის მოსასმენად, გოგონას სოციალური ქსელით დავუკავშირდით:

- 2019 წლის თებერვალში მკერდში
პატარა კვანძი შევნიშნე. სულ დავდიოდი გამოკვლევებზე და მეორე დილითაც მივედი ექიმთან. მეუღლე არ გავიყოლე, რადგან  მარტო მინდოდა ვყოფილიყავი და მარტოს მიმეღო ეს დარტყმა. დამიძახეს
და ექიმმა მითხრა, რომ სიმსივნე მქონდა, მახსოვს, დრო გაჩერდა. ეს იმდენად შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, რომ სიტყვებით ვერც გადმოვცემ. კიბო ყოველთვის სიკვდილთან და დედაჩემთან ასოცირდებოდა, მაშინ მე ბევრს არავის ვიცნობდი და არც ბევრი რამ ვიცოდი ამ დაავადების შესახებ. ვფიქრობდი, რომ ეს იყო განაჩენი, ყველაფერი მთავრდებოდა და ჩემს თავს ვუთხარი, მორჩა, ანი, აღარ ხარ, სადღაც 6-7 თვე გაქვს დარჩენილი-მეთქი. საკუთარი თავი გამოვიტირე.

როდესაც 20 წლის ვიყავი, დედას საშვილოსნოს სიმსივნე აღმოაჩნდა, მე-4 სტადია, ექიმებმა უთხრეს 3 თვეს იცოცხლებო, თუმცა 10 თვეს იცოცხლა და გარდაიცვალა. იმ დროს დედა ძალიან მჭირდებოდა, ახლაც მინდა, ჩემს გვერდით იყოს და სიცოცხლის ბოლომდე დამჭირდება, მაგრამ - აღარ არის. როდესაც დედა დავკარგე, სუიციდის მცდელობაც მქონდა, თუმცა არ გამომივიდა, როგორც ჩანს, ღმერთს არ სურდა ამით დამთავრებულიყო ყველაფერი, არ ვემეტებოდი სიკვდილისთვის. დედის გარდაცვალების შემდეგ გამოკლევაზე ყოველთვის დავდიოდი, გენეტიკური ფონი მქონდა და შესაძლებელი იყო, სიმსივნის წარმოქმნაზე ემოქმედა. ასეც მოხდა.

დიაგნოზის დასმისას პირველად იმაზე დავფიქრდი, რომ ჩემი შვილი უდედოდ არ უნდა დარჩენილიყო, დედა ყველას სჭრდება გვერდით. თებერვალში გავიგე რომ სიმსივნე მქონდა და მალევე, მარტში საფრანგეთში წამოვედი სამკურნალოდ. ახლაც აქ ვარ მეუღლესა და შვილთან ერთად.

- რა რეაქცია ჰქონდათ მეგობრებსა და ახლობლებს, როდესაც შენი ამბავი გაიგეს?
- დიაგნოზი არავისთვის დამიმალავს, ყველას ვუთხარი და ყველამ განიცადა - ჩემმა დებმა, მეუღლემ, მამიდამ გამომიტირეს. მალევე მამიდასაც სიმსივნე აღმოაჩნდა, თუმცა როდესაც მე გავიგე, მაშინ არაფერი იცოდა, მოგვიანებით შეიტყო და დღეს მამიდა ცოცხალი აღარაა. ყველამ ძალიან განიცადა ჩემი ამბავი, განსაკუთრებით, ჩემმა მეუღლემ, რომელიც ყოველდღე განიცდიდა ამ მდგომარეობას, მაგრამ მაგრად დამიდგა გვერდში, მართლა მაგრად მედგა. მკურნალობის პერიოდში ცუდად ვიყავი, ხასიათი შემეცვალა, ცუდად ვრეაგირებდი ყველაფერზე, მაგრამ გამიძლო და ვამაყობ ჩემი მეუღლით.

- მოგვიყევი მკურნალობის პერიოდზე...
- დიაგნოზის დასმის შემდეგ საფრანგეთში წამოვედი. ვიცოდი, აქ ყველაფერი რთულად იქნებოდა, მაგრამ მაინც გავრისკე. ვიფიქრე, თუ გამოვა, გამოვა, თუ არადა, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები-მეთქი. საფრანგეთში ლტოლვილად ჩაბარებულებს 100%-იანი დაზღვევა ეკუთვნით, ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქ აჯობებდა მემკურნალა, თან თანხაზე სადარდებელი არ მექნებოდა.

ფრანგმა ექიმებმა იმედები გამიმართლეს, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. პირველ ჯერზე, 20 ივნისს ოპერაცია გავიკეთე, აგვისტოში - ქიმიოთერაპია დავიწყე და თებერვალში - სხივური თერაპიით განვაგრძე მკურნალობა. ქიმიასთან ერთად, პერიოდულად, მიკეთდებოდა ჰერცეპტინის ნემსი, რომელიც იმ პაციენტებს სჭირდებათ, რომლებიც HER2 დადებითი არიან. ეს პრეპარატი საქართველოში ძალიან ძვირი ღირს, არადა, ამ ინიექციის გარეშე მკურნალობა შედეგიანი ვერ იქნება. ჩათვალეთ, რომ აზრი არაფერს აქვს.

- როგორ იყავით ოპერაციისა და მკურნალობის შემდეგ?
- ოპერაციის შემდეგ ყველაფერი კარგად მიდიოდა. იმდენად მინდოდა სიცოცხლე, რომ ვიცოდი, კარგად ვიქნებოდი. ოპერაციიდან მეორე დღეს გამომწერეს და ქიმიაც დავიწყე. ქიმიოთერაპიაზე ცუდად ვრეაგირებდი. 12 ქიმია გავიკეთე და 33 სხივური თერაპია. სხივები ქიმიასთან შედარებით არაფერია, - ასე ვამბობ ხოლმე, - ვისაც ქიმიოთერაპიის კურსი აქვს გამოვლილი, მას ცხოვრებაში აღარაფრის შეეშინდება-მეთქი. ქიმიის პირველი კურსის შემდეგ თმის ცვენა დამეწყო და, როგორც კი შევნიშნე, მეუღლეს ვუთხარი თავი გადაეპარსა ჩემთვის. მოგვიანებით წარბები და წამწამებიც დამცვივდა.

- ამ ყველაფერს მეუღლესთან ერთად თქვენი შვილიც ხედავდა, როგორ მიიღო მან ეს დიაგნოზი?

- ჩემი შვილი 6 წლის არის, ჯერ პატარაა და ბოლომდე არ ესმის. სიმართლე გითხრათ, არც მინდა, რომ ესმოდეს. მეუღლე ყოველთვის ეუბნებოდა, რომ დედა ცუდად არის და მას უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა მოვეფეროთ, ვაკოცოთ და გვერდში დავუდგეთო. ბავშვი კი იმას მეუბნებოდა, დედიკო გრძელი თმა მინდა, რომ გქონდეს ისევ და რატომ აღარ გაქვსო. დღეს უკვე თმაც მაქვს და ჩემი გრძელი წამწამებიც დაბრუნდა.

- რა შეცვალა ამ დაავადებამ თქვენში?
- ძალიან ბევრი რამ, ყველა და ყველაფერი დავაფასე, ჩემი ცხოვრება 100%-ით კარგის მხრივ შეიცვალა, ბრძოლა ვისწავლე და ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი იმ მომენტში ვიყავი და ამაზე რთულად ვერაფერს გადავიტან, ჩემთვის გადაულახავი ბარიერი უკვე აღარ არსებობს.

მკურნალობის პერიოდში პერიოდულად მიჩნდებოდა ფიქრები, რომ იქნებ სხვანაირად დასრულებულიყო ყველაფერი. ვიდრე ბოლომდე არ დასრულდა მკურნალობა, ეს ფიქრები ვერ მოვიშორე. როგორც კი ჩემმა ექიმმა მითხრა, ანი შენ კარგად ხარო, იმ წუთიდან გამიბრწყინდა თვალები, იმ წუთიდან ჩემი ქმარიც სულ სხვანაირად მხედავს, ამბობს ხოლმე, შენ ახლა სულ სხვანაირი ხარო.

- რას ამბობენ ახლა თქვენი ახლობლები და მეგობრები?
- დები დღემდე დარდობენ ჩემზე, მეც სულ ვაფრთხილებ, გენეტიკიდან გამომდინარე იარონ ექიმთან. ყველას ვეუბნები, რომ 6 თვეში ან 1 წელიწადში ერთხელ გამოკვლევაზე მისვლა აუცილებელია. მესმის, რთულადაა საქართველოში ყველაფერი, მაგრამ სიცოცხლე დასაფასებელია, საკუთარ თავზე თუ არა, ახლობლებსა და შვილებზე იფიქრეთ. დედა რომ გარდამეცვალა, იმდენად მჭირდებოდა ის გვერდით, რომ თავის მოკვლაზე ვფიქრობდი. შვილებს დედები განსაკუთრებით სჭირდებათ, ამიტომ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ.

- ბოლო შეკითხვა, რას ეტყოდით მათ, ვინც ახლა გაიგო თავისი დიაგნოზი ან მკურნალობას იწყებს?
- ვეტყოდი, რომ საშიში არაფერია და მე, ჯვარი მწერია, მაგრამ თუ მეორედ დამემართება სიმსივნე, აუცილებლად გადავიტან, მთავარია, გადავრჩე და ამისთვის ვიბრძოლებ. სულ ვეუბნები ადამიანებს, რომ იბრძოლონ, გასცვივდეთ თმა და წარბები, მერე რა, ის თმა ხომ ისევ ამოვა, მთავარია, არ დანებდნენ და საბოლოოდ გადარჩნენ ამ ბრძოლაში.

(სპეციალურად საიტისთვის)
22 ნოემბერი 2020 16:18
Gmertma janmrtvelad da bednierad gamyifos mteli cxovreba uflis wyaloba ar mogklebodes

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები