"ხანდახან ხალხს ავიწყდება, თუ რატომ შეუყვარდათ ერთმანეთი, მე ყველაფერი მახსოვს, თუ როდის და რატომ შემიყვარდა ის" - კვირის პალიტრა

"ხანდახან ხალხს ავიწყდება, თუ რატომ შეუყვარდათ ერთმანეთი, მე ყველაფერი მახსოვს, თუ როდის და რატომ შემიყვარდა ის"

ამერიკაში ერთ-ერთ ლეგენდარულ წყვილად კვლავ 73 წლის გოლდი ჰოუნსა და 69 წლის კურტ რასელს მიიჩნევენ. 37-წლიანი "ქორწინებისა" და ორჯერ დადებული სასიყვარულო ფიცის შემდეგაც კი ამერიკული საზოგადოება ამ გასაოცარი წყვილის ოფიციალურ ქორწილს ელოდება, თუმცა არც გოლდის და არც რასელს სურს თავიანთ თბილ, მეგობრულ და სიყვარულით სავსე ურთიერთობაში რაიმე შეცვალონ. მათი აზრით, ერთად ყოფნას საბუთების დასტური არ სჭირდება. ჰოლივუდში ხშირად ხუმრობენ, რომ გოლდისა და კურტის სიყვარული უკვე ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზარდა, თუმცა ფაქტები სხვა რამეს ამბობს, წლები გადის და მათი გრძნობები უცვლელი რჩება.

1966 წელს "დისნეის" ერთ-ერთ გადაღებაზე, 21 წლის გოლდი 16 წლის კურტს შეხვდა, მაშინ ვინ წარმოიდგენდა, რომ საბედისწერო შეხვედრა მარადიული სიყვარულით გაგრძელდებოდა.

"მახსოვს გავიფიქრე, რომ კურტი შესანიშნავი იყო, თან ის ასაკითაც პატარა იყო ჩემზე" - იხსენებს ჰოუნსი.

როგორც უმეტესი მსახიობის, მათი რომანიც გადასაღებ მოედანზე დაიწყო, თუმცა არა იმავე წელს. პირველი შეხვედრიდან რამდენიმე წელში კურტი ერთ-ერთ მორიგ გადაღებაზე კვლავ შეხვდა გოლდის და მაშინ წყვილს პირველად ერთმანეთის მიმართ გრძნობა გაუჩნდათ. მომხიბვლელმა და სიმპათიურმა რასელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და გოლდის კომპლიმენტიც უთხრა.

"გოლდის კარგად არ ვიცნობდი, უბრალოდ ვფიქრობდი რა მაგარი ქალი იყო. როდესაც დავინახე, ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რა კარგი ფიგურა გაქვს-მეთქი, ცოტა გაუკვირდა და მადლობა მითხრა, ეს იყო ჩვენი მეორედ შეხვედრა" - იხსენებს კურტი.

სულ მალე მსახიობებს ფილმში "მიმართულების შეცვლა" მოუწიათ მთავარი როლების შესრულება, სწორედ ამ ფილმიდან დაიწყო ლამაზი სიყვარულის ამბავიც. 1983 წელს ფილმის გადაღებების დროს, საღამოობით კურტი და გოლდი საფინალო საცეკვაო ნომერს სწავლობდნენ, იკრიბებოდნენ და საათობით რეპეტიციობდნენ, ერთ-ერთ დღეს რასელმა ჰოუნსი კლუბში გასართობად წაიყვანა, კლუბიდან გოლდმა კურტი თავისთან დაპატიჟა სახლში, ახალგაზრდა ქალს სახლის გასაღები თან არ ჰქონდა და კურტმა კარები შეამტვრია.

"სახლი რემონტის პროცესში იყო, გოლდის გასაღები არ ჰქონდა და გადავწყვიტეთ კარები შეგვემტვრია, გავტეხეთ კარები და მეორე სართულზე ავედით, რამდენიმე წუთში თავზე პოლიცია დაგვადგა, მათ ქურდები ვეგონეთ, არადა გოლდის სახლში ვიყავით, იძულებულები გავხდით ამ გზით შეგვეღწია შიგნით. ეს იყო ჩვენი პირველი პაემანი" - ერთ-ერთ ინტერვიუში სიცილით იხსენებდა რასელი.

პოლიციამ ახალგაზრდა მსახიობების ნათქვამი არ დაიჯერა და ისინი განყოფილებაში წაიყვანა, წყვილის პირველი პაემანი სწორედ იქ დასრულდა. ამ სახალისო შემთხვევას კიდევ რამდენიმე შეხვედრა მოჰყვა და 2-3 პაემნის შემდეგ, კურტი გოლდის სიყვარულში გამოუტყდა.

რასელს წინა ქორწინებიდან ვაჟი ბოსტონი, გოლდის კი ბიჭი და გოგო, ოლივერი და ქეითი ჰყავდა, თუმცა ეს წყვილს ურთიერთობაში ხელს არ უშლიდა. 1986 წელს გოლდისა და კურტს ბიჭი, ვაიატი შეეძინათ, ჰოლივუდი ახალგაზრდა წყვილის ქორწილს მოუთმენლად ელოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ვაიატის დაბადებამ კურტი და გოლდი კინო ინდუსტრიას დროებით მოწყვიტა, მსახიობებმა ერთი წლით უარი თქვეს თავიანთ კარიერაზე.

1987 წელს, ვაიატის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ, რასელი და ჰოუნსი კინოინდუსტრიას კვლავ შეუერთდნენ და კარიერაზე ფიქრი განაგრძეს.

"იცი, ხანდახან ხალხს ავიწყდება, თუ რატომ შეუყვარდათ ერთმანეთი, მე მახსოვს, ყველაფერი მახსოვს, თუ როდის და რატომ შემიყვარდა ის", - ამბობდა კურტ რასელი.

ხალხი ხედავდა როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი, პატარა ვაიატიც იზრდებოდა, თუმცა წყვილი დაქორწინებას თავს არიდებდა და არც ამ თემაზე საუბრობდნენ საჯაროდ. როდესაც ჰოლივუდში ჭორებმა იმატა ჰოუნსა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მათ ბედნიერებისთვის ქორწილი არ სჭირდებოდათ.

"ჩვენ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებთ და ქორწილი არ გვჭირდება, მე უკვე განქორწინებული ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, გულწრფელად ვამბობ, არ გვინდა ამ ნაბიჯის გადადგმა. კურტი ერთგული, მზრუნველი, მოსიყვარულე და გასაოცარია, ჩვენ კარგად ვართ და იდეალურად ვზრდით შვილებს. ყოველ დილით ვიღვიძებ და მას ვუყურებ. ვხვდები, რომ არ გვჭირდება ქორწილი იმისთვის, რომ ბედნიერები ვიყოთ" - აღნიშნა ინტერვიუში გოლდი ჰოუნსმ.

"თუ ფიქრობ, რომ იღბლიანი ხარ, მაშინ გვერდით ისეთი ადამიანი უნდა გყავდეს როგორიც გოლდია, თუ გყავს მაშინ გაგიმართლა ძმაო, ნამდვილად იღბლიანი ხარ"- აღნიშნა კურტმა ერთ-ერთ დაჯილდოებაზე.

2001, 2003, 2005 წლებში ჰოლივუდის ლეგენდარული წყვილი სხვადასხვა კონკურსში, თოქ-შოუსა და საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობდა, ხალხი გოლდისა და კურტის ყველგან ხედავდა, თუმცა ჭორები მაინც არ ასვენებდათ მათ. ხშირად ამბობდნენ, რომ კურტს სათანადოდ არ უყვარდა გოლდი და სწორედ ამიტომ არ სთხოვა ხელი, არადა ფაქტები, მათი ურთერთობა და ერთმანეთისადმი თბილი, ერთგული დამოკიდებულება სხვა რამეს ამბობდა.

2016 წელს ჰოუნსმა თავიანთი ბედნიერი თანაცხოვრების საიდუმლო გაამხილა.

"ვფიქრობ, ბედნიერი ურთიერთობის ერთადერთი საიდუმლო ის არის, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, ოჯახში ორივეს ჩვენი მხარე გვიჭირავს, თუმცა მხარში ვუდგავართ ერთმანეთს და მნიშნველოვან გადაწყვეტილებებსაც ერთად ვიღებთ. მეორე საიდუმლო სექსუალურობაა, ქალი მუდმივად უნდა იყო ფორმაში, იმისთვის რომ ჯანსაღი ურთიერთობა შეინარჩუნო" - აღნიშნა გოლდიმ.

2017 წელს გოლდი ჰოუნს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს, ცერემონიაზე წყვილი ერთად მივიდა. მომდევნო წელს შეყვარებულები, უფრო სწორი იქნება თუ მათ ასე ვუწოდებთ, ბებია და ბაბუა გახდნენ და წლის ბოლოს "ნეტფლიქსის" ფილმში მისტერ და მისის კლაუსების როლიც მოირგეს.

დღემდე, გოლდი და კურტი სოციალურ ქსელში აქტიურები არიან და თავიანთ უსაზღვრო, მარადიულ და წრფელ სიყვარულს ყველგან, ყოველთვის აზიარებენ. ამდენი წლის მიუხედავად რასელიც და ჰოუნსიც კვლავ ერთ აზრზე არიან, ბედნიერების დასამტკიცებლად, მათ ქორწილი და ოფიციალური დოკუმენტი არ სჭირდებათ.

"ის უნიკალური ადამიანია, კურტი ჭკვიანი, ცოცხალი და მხიარულია. წლების განმავლობაში ის შესანიშნავ მსახიობად ჩამოყალიბდა ასევე, სახლში საუკეთესო და მამაცი მამა და პარტნიორია"- ასე ახასაითებს გოლდი თავის ცხოვრებისეულ მეგზურს.

(სპეციალურად საიტისთვის)