"ასობით ლამაზი ქალის გარემოცვაში მიწევდა ყოფნა, თუმცა მე ჩემი ლამაზი ქალბატონი მელოდა შინ და მას ამას ვერ გავუკეთებდი" - კვირის პალიტრა

"ასობით ლამაზი ქალის გარემოცვაში მიწევდა ყოფნა, თუმცა მე ჩემი ლამაზი ქალბატონი მელოდა შინ და მას ამას ვერ გავუკეთებდი"

"ჩემი მეუღლისთვის არაფერი მენანება, მის გარეშე აქ არ ვიქნებოდი"

"ბნელი რაინდი", "დასაწყისი" "ზული" და "მის კონგენიალურობა" - ეს იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც გენიალური ბრიტანელი მსახიობი მაიკლ კეინი საზოგადოებამ გაიცნო. დღეს 87 წლის მსახიობი ჰოლივუდის დიდების ხეივანზე ხშირად აღარ ჩნდება, თავისი დრო ამოწურა და საყვარელ მეუღლესთან ერთად დარჩენილი ცხოვრებით ტკბება. მის გენიალურ სიყვარულს კი ჰოლივუდში აქტიურად ახსენებენ.

ქორწინებაში გატარებული 47-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მაიკლის მეგობრები და მსახიობები ხუმრობით ამბობენ, რომ მისი სასიყვარულო ისტორია იმაზე ამაღელვებელია, ვიდრე მსახიობის ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა. მაიკლ კეინისა და შაკირა ბაკშ-კეინის ისტორია 1971 წელს დაიწყო. მაშინ, მომავალი მეუღლის დანახვისას, მსახიობმა ემოციები ვერ დამალა და ხმამაღლა თქვა, რომ მან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი დაინახა.

"ჩემი მომავალი მეუღლე პირველად ტელევიზიით, ყავის რეკლამაში ვნახე. რეკლამა ბრაზილიაში იყო გადაღებული. ტელევიზორს იშვიათად ვუყურებდით და იმ დღეს შაკირას ნახვა ჩემი ბედი იყო. მეგობარს ვუთხარი, რომ მომდევნო დილას ბრაზილიაში უნდა წავსულიყავით, იმ საღამოს კი გასართობად წვეულებაზე წავედით", - იხსენებს მაიკლ კეინი.

წვეულებაზე მისული მაიკლი ყველას უყვებოდა, რომ ბრაზილიაში ქალის მოსაძებნად მიდიოდა. თვითონაც არ იცოდა, ვის ეძებდა და არც ის იცოდა, გოგონა "მაქსველის" ყავის რეკლამიდან"  საერთოდაც თუ იქნებოდა ბრაზილიაში. კეინმა ეს ამბავი რამდენიმე მსახიობს უამბო და მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა რეკლამაში ნანახი გოგო ამოიცნო.

"ვუთხარი, რომ ბრაზილიაში მივდიოდი, ჩემა მეგობარმა კი მითხრა, მაიკლ, სად მიდიხარ ეს გოგო ბრაზილიელი კი არა, ინდოელია და ის ფულჰამის ქუჩაზე ცხოვრობს. გეგმები ჩავშალე და შაკირას ნომრის გასაგებად გავვარდი", - იხსენებს კეინი.

მსახიობმა მომხიბვლელ გოგონას 11-ჯერ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, და 10 მტკიცე უარიც მიიღო მისგან, მე-11 ცდაზე კი შაკირა დათანხმდა და 1971 წელს კეინმა მომავალი მეუღლე პირისპირ იხილა. "ბოლო დარეკვაზე მითხრა, თანახმა ვარ, გავისეირნოთო. ჩვენ გარეთ გავედით, ვისეირნეთ და ამ დღიდან დაიწყო ჩვენი სიყვარული, რომელიც დღემდე გრძელდება", - აღნიშნავს მაიკლი. შეყვარებული კეინი და შაკირა ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ, ინდოელი მოდელის კარიერა წარმატებით მიიწევდა წინ, ბრიტანელი კეინი კი უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა და ძველი, მავნე ჩვევა, სასმელის ძლიერი სურვილი და მიდრეკილება შაკირას გაცნობის შემდეგ სრულიად დაივიწყა.

"ახალგაზრდობაში დალევა მიყვარდა, გონების დაკარგვამდე ვსვამდი, შაკირასთან შეხვედრამ შემცვალა, დამამშვიდა. მას არასდროს უთქვამს, რომ სმა შემეწყვიტა, ეს მე, თვითონ მოვინდომე, მინდოდა, მის გვერდით მუდმივად ფხიზელი ვყოფილიყავი", - იხსენებს კეინი.

მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ისინი მარტო ცხოვრებისეული პარტნიორები არასდროს ყოფილან, მაიკლი და შაკირა ერთად უძღვებოდნენ ბიზნესს და ქმნიდნენ ასობით საინტერესო სიახლეს. კეინი გულახდილად ლაპარაკობდა, რამდენად რთული იყო ათას ლამაზ მსახიობთან თამაში და როგორ ერთგულად, მუდმივად შაკირასკენ მიუწევდა გული.

"ასობით ლამაზი ქალის გარემოცვაში მიწევდა ყოფნა, თუმცა მე ჩემი ლამაზი ქალბატონი მელოდა შინ და მას ამას ვერ გავუკეთებდი. არასდროს გვქონია ურთიერთობაში დაძაბულობა, ყოველთვის იცოდა, სად ვიყავი და, უმეტესად, ერთად სიარულს ვამჯობინებდით", - ამბობს კეინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მაიკლი და შაკირა თავიანთი იდეალური თანაცხოვრების საიდუმლოებებზე ხშირად ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დადიოდნენ ყველგან ერთად, ფიქრების, განცდებისა და გრძნობების გაზიარება იყო.

"როდესაც სადმე დიდი ხნით მიდიხარ, ნახულობ ადგილებს, რომელსაც შენი მეორე ნახევარი ვერ ნახავს, მიირთმევ საკვებს, რომელსაც ის ვერ მიირთმევს და კიდევ ბევრი რამეა, რისი გაკეთებაც მარტოს მოგიწევს. თუ დგამ ნაბიჯს და ქმნი ოჯახს, მაშინ მას ყველაფერი უნდა გაუყო, შენი თავი უწილადო და სადაც იქნები, თან წაიყვანო, ამიტომ ჩემი მეუღლე სულ ჩემთან ერთად არის", - ამბობს კეინი.

ხშირად აღნიშნავენ, რომ 87 წლის მსახიობს 47-წლიანი თანაცხოვრების შემდეგაც კი ისევე ძლიერ უყვარს თავისი მეუღლე, როგორც მისი პირველი შეხვედრისას, ისევ ისე უყურებს მას, როგორც ერთხელ ყავის რეკლამაში დაინახა და შეიყვარა.

"იგი ჩემი მარჯვენა ხელია, ყველაფერს ვუყვები. როდესაც შაკირას შევხვდი, უკვე წარმატებული კარიერა მქონდა, მაგრამ ამხელა გზას მარტო, მის გარეშე, ვერასდროს გავივლიდი".

დღეს მაიკლ და შაკირა კეინები კვლავ ერთად, ერთმანეთზე შეყვარებულები ცხოვრობენ. მათ 46 წლის ქალიშვილი - ნატაშა ჰყავთ, ხოლო კეინს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს ქალიშვილი - 64 წლის დომინიკ კეინი.

ერთხელ კეინმა ხუმრობით თქვა, ჩვენი ხანგრძლივი ქორწინების მთავარი საიდუმლო ის არის, რომ  სახლში ორი სააბაზანო გვაქვსო.

"საიდუმლო ორი სააბაზანოა. შენ არასდროს ხარ ვალდებული, გაუზიარო სააბაზანო სხვას და მალე იბანაო იმის გამო, რომ სხვა გელოდება. არც ის გიწევს, შენი პატარა კუთხე კიდევ უფრო შეამცირო და შენი ნივთები საბოლოოდ თაროს გარეშე დარჩეს. მე შაკირაზე უფროსი ვარ და მეტი სივრცე მჭირდება... რა თქმა უნდა, ვხუმრობ - ჩემი მეუღლისთვის არაფერი მენანება, მის გარეშე აქ არ ვიქნებოდი", - ღიმილით ამბობს მაიკლ კეინი.

(სპეციალურად საიტისთვის)