"ქორწინებაში ბედნიერი არ ვიყავი, ჯონს რომ შევხვდი კევინს მალევე დავშორდი, ეს ნაბიჯი მანამდეც უნდა გადამედგა" - კვირის პალიტრა

"ქორწინებაში ბედნიერი არ ვიყავი, ჯონს რომ შევხვდი კევინს მალევე დავშორდი, ეს ნაბიჯი მანამდეც უნდა გადამედგა"

ყველაფერი ერთი ცეკვით დაიწყო... 1988 წელი იყო, გენიალური ამერიკელი მსახიობი ჯონ ტრავოლტა გადასაღებ მოედანზე კელი პრესტონს შეხვდა, მაშინ ჰოლივუდში ფილმის "ექსპერტების" (The Experts) გადაღება მიმდინარეობდა. კელი მაშინ კევინ გეიჯის ცოლი იყო, თუმცა ტრავოლტას მომხიბვლელობამ მსახიობის ყურადღება მაშინვე მიიპყრო.

დიახ, ყველაფერი ცეკვით დაიწყო და ამას მსახიობები თვითონ აღიარებდნენ. გადასაღებ მოედანზე ტრავოლტამ კელი გამოიცეკვა და ფილმის მთავარი ეპიზოდიც ასე შედგა, თუმცა ფილმი ვის აინტერესებდა, იქ, იმ დროს ლეგენდარული სიყვარულის ისტორია დაიწყო.

"მაშინ პირველად გამომიცეკვა, ვიცინოდით და ვერთობოდით. უკვე წლებია ეს ჩვენი საყვარელი საქმიანობაა" - თქვა კელი პრესტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

29-წლიანი თანაცხოვრება, ოჯახური ტრაგედია და დაუსრულებელი სიყვარული, ერთმა ცეკვამ დაიწყო და ჯონისა და კელის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა.

"ქორწინებაში ბედნიერი არ ვიყავი, ჯონს რომ შევხვდი კევინს მალევე დავშორდი, ეს ნაბიჯი მანამდეც უნდა გადამედგა" - აღნიშნა პრესტონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ფილმის გადაღებები წარმატებით მიდოდა, ჯონი და კელი დამეგობრდნენ, ყველა სცენას მარტივად, რამდენიმე დუბლში იღებდნენ. ფილმი დასრულდა და მსახიობების რომანიც დაიწყო. 1991 წელს, გაცნობიდან რამდენიმე წელში ჯონმა მუხლებზე დაშვებულმა კელის ხელი სთხოვა, კელიც დაუფიქრებლად დათანხმდა ტრავოლტას და წყვილმა გრანდიოზული ქორწილის დაგეგმვაც დაიწყო. ქორწილი იმაზე რთული დასაგეგმი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ და მსახიობები საფრანგეთში, პარიზში გაიქცნენ, თუმცა ნიუ-იორკის გრანდიოზულ ქორწილს მაინც ვერ გაექცნენ და რამდენიმე კვირაში ქალაქში დაბრუნდნენ.

მსახიობების ერთად ყოფნა არავის უკვირდა, რამდენიმე წლიან რომანს ასეთი ფინალი შეეფერებოდა, 2000 წელს ტრავოლტასა და პრესტონს პირველი ქალშვილი ელა ბლეუ ტრავოლტა შეეძინათ, რამდენიმე წელში კი მათ ჯეფი და ბენჯამინი შეემატნენ. ახლა უკვე 3 შვილის მამა ყველაფერს აკეთებდა ოჯახის კეთილდღეობისთვის, ტრავოლტები ჰოლივუდში სასურველ მშობლებად ითვლებოდნენ, ისინი ყოველ სეზონზე საოჯახო ტურებს აწყობდნენ და სხვადასხვა ადგილს სტუმრობდნენ.

2009 წელს ტრავოლტების ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, როდესაც ჯონი და მისი ოჯახი ბაჰამის კუნძულებზე ისვენებდნენ, ჯეფს, ჯონის უმცროს ბიჭს, ეპილეფსიის მორიგი შეტევა დაემართა, კრუნჩხვებისას თავი სააბაზანოს ჩამოარტყა და გარდაიცვალა, ჯეფი 16 წლის იყო.

"ხალხი ამბობს, რომ ყველაზე რთული მშობლების დაკარგვაა, მე მათ ვეტყოდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე რთული შვილის დაკარგვაა, იმ ადამიანის, რომელსაც ყოველდღე უყურებ, როგორ იზრდება და ვითარდება. მას ასწავლი როგორ უნდა უყვარდეს, როგორ ილაპარაკოს, როგორ მოიქცეს. ჩემი შვილი ეპილეფსიით გარდაიცვალა. ჩემი ბიჭი ყველაფერი იყო ჩემთვის. მისი მამობის 16-მა წელმა მასწავლა, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი უსასრულოდ, ახლა ვხვდები, რომ მამები მადლიერები უნდა ვიყოთ შვილების და შვილები მადლიერები უნდა იყვნენ ჩვენი, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და ერთ დღეს როდესაც ტელეფონს დახედავ, გაიაზრებ რომ დაგტოვა, უბრალოდ წავიდა. არ დაკარგოთ დრო, გიყვარდეთ ისინი. ჩემთვის რთულია უმისოდ ცხოვრება" - შვილის გარდაცვალების შემდეგ ამ სიტყვებით გააცილა ჯონმა ჯეფი.

2010 წელს კელის პატარა ბიჭი ბენჯამენი შეეძინა, რომელმაც ტრაგედია გადატანილი მშობლების ცხოვრებაში პატარა სინათლე შემოიტანა. ბენჯამენმა ჯონის და კელის სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

2018 წელს ფილმი "გოტის კოდექსის" პრემიერაზე ჟურნალისტებმა კელსა და ჯონს ჰკითხეს, როგორ ინარჩუნებდნენ ძველებურ ურთიერთობას და როგორ უყვარდათ კვლავ ასე ძლიერ ერთმანეთი.

"ჩვენ იმდენად დაკავებულები ვართ ბავშვებით და კარიერით, რომ ჩვენი ყოველი საღამო პაემანს ჰგავს, მთელ დღეს მონატრებულები, ერთმანეთს საღამოს ვხვდებით, ვფიქრობ ცხოვრებამ ერთმანეთს სწორად შეგვახვედრა" - აღნიშნა ჯონ ტრავოლტამ ინტერვიუში.

მართლაც ხშირად უკვირდათ, მუდმივი გადაღებებისა და დატვირთული ცხოვრების ფონზე, როგორ ადრინდელივით ძლიერ უყვარდათ ერთმანეთი. საზოგადოება იმასაც ამბობდა, რომ მათი ოჯახური ტრაგედია, ჯეფის გარდაცვალება წყვილს დააშორებდა, თუმცა პირიქით, ტრავოლტებმა ეს ყველაფერი გადალახეს და ცხოვრება განაგრძეს.

2018 წლის მიწურულს, ტრავოლტების ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა, კელის უეცრად მკერდის სიმსივნე აღმოაჩნდა, თუმცა მსახიობმა ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ მოინდომა, მკურნალობა დაიწყო და დროებით კინოინდუსტრიიდან გაუჩინარდა.

2-წლიანი ბრძოლის შემდეგ, 2020 წლის 12 ივლისს კელიმ სიმსივნესთან ბრძოლა ვერ მოიგო და გარდაიცვალა, ამის შესახებ კი საზოგადეობას ჯონმა სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო.

"ჩემი მშვენიერი ცოლი კიბოსთან ორწლიან ბრძოლაში დამარცხდა. ის ბოლომდე მამაცად იბრძოდა და გარკვეული დროის განმავლობაში აქტიურად მკურნალობდა", - დაწერა ტრავოლტამ.

ამ ამბის შემდეგ ჯონი საზოგადოებას კიდევ ერთი წერილით გამოეხმაურა, ის დროებით კინოეკრანებიდან გაქრა.

"რაღაც დროს ჩემს შვილებთან გავატარებ, რომლებმაც დედა დაკარგეს, ამიტომაც მაპატიეთ, თუ გაუჩინარებული ვიქნები. თუმცა იცოდეთ, რომ ჭრილობის მოშუშების მომავალ კვირებსა და თვეებში თქვენ მიერ გამოხატულ დადებით ემოციასა და სიყვარულს ყოველთვის ვიგრძნობთ" - ვკითხულობთ ტრავოლტას წერილში.

(სპეციალურად საიტისთვის)