"გარკვეულ ასაკს რომ მივაღწევ, მემუარივით წიგნს დავწერ, რომ მომავალ თაობას დავუტოვო..." - კვირის პალიტრა

"გარკვეულ ასაკს რომ მივაღწევ, მემუარივით წიგნს დავწერ, რომ მომავალ თაობას დავუტოვო..."

თაკო ცქვიტინიძე განსხვავებულ ამპლუაში

მსახიობ თაკო ცქვიტინიძეს ჩანთაში წიგნი სულ უდევს. ზოგჯერ გადაღებაზე, 15-20-წუთიან შესვენებასაც კითხვისთვის იყენებს. არ მოსწონს ელექტრონული წიგნები. მის მობილურ ტელეფონში გასართობ აპლიკაციებსაც ვერ ნახავთ. ამბობს, რომ ურჩევნია, თავისუფალ დროს 3-4 გვერდი წაიკითხოს, ვიდრე მობილური ტელეფონით უსარგებლო გართობაში დრო დაკარგოს.

- ბევრი ადამიანის მსგავსად, ჩემ მიერ წაკითხული პირველი ლიტერატურული ნაწარმოებები იყო: "ტომ სოიერის თავგადასავალი", "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"... კითხვა 8-9 წლიდან შემიყვარდა. ყველაფერს თანაბარი ინტერესით ვკითხულობდი, მაგალითად - მხატვრულ თუ სამეცნიერო ლიტერატურას. ახლაც ასე ვიქცევი.

- პირველად წიგნის წაკითხვა როგორ გადაწყვიტეთ?

- ბებიამ მირჩია: ნაწარმოების შინაარსი მომიყვა და მითხრა, - ხომ არ დაინტერესდები, რომ წაიკითხოო? დავინტერესდი. ეს თავისთავად მოხდა... მერე თავად ვირჩევდი, რა წამეკითხა, რა მაინტერესებდა. თავად ვიაქტიურე, ვერ ვიტყვი, რომ ვინმე მითითებდა.

- მოზარდობისას რას კითხულობდით?

- ადრეული ბავშვობიდანვე მსახიობობა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება მინდოდა. მოგეხსენებათ, რომ ამისთვის პიესების კარგად შესწავლა, კონკრეტული დრამატურგების შემოქმედების, მითოლოგიის ცოდნა აუცილებელია. ამიტომ ნელ-ნელა მზადება დავიწყე - ვკითხულობდი პიესებს, მოთხრობებს, რომანებს... მხოლოდ კლასიკურ ნაწარმოებებს ვეცნობოდი. ახლა ძირითადად ვცდილობ, თანამედროვე მწერლების შემოქმედებას გავეცნო. ქართველ ავტორებს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ძალიან მაინტერესებს, რა აწუხებთ, რას წერენ, რა არის აქტუალური... თითქოს გვგონია, რომ პრობლემები იცვლება, მაგრამ თუ დავაკვირდებით და კლასიკას გადავხედავთ, დღესაც არსებობს ყველა ის პრობლემა, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ დაწერეს...

- ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხეთ ან ამჟამად რას კითხულობთ?

- ახლა ბასა ჯანიკაშვილის მოთხრობებსა და პიესებს ვკითხულობ. ბოლოს ლანა ღოღობერიძის წიგნი წავიკითხე - ვისიამოვნე, მოვიხიბლე... წიგნში მისი ცხოვრების განვლილი გზაა აღწერილი, ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული, როცა მშობლები გადასახლებაში ჰყავდა, ასევე - ფილმებს როგორ იღებდა, რომელ მსახიობებთან ჰქონდა კონტაქტი... ძალიან საინტერესოა. პირადად მე, როგორც კინემატოგრაფში, ასევე ლიტერატურაში, ბიოგრაფიული ჟანრი, მემუარები ძალიან მიყვარს. მაგალითად, დეტექტივებზე დიდად არ ვგიჟდები, ფენტეზი არ მიყვარს (მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ჟანრის ბევრი საინტერესო ნაწარმოები წამიკითხავს)... ასევე ძალიან საინტერესო წიგნია ზაირა არსენიშვილის (რომელიც ქალბატონი ლანას დაქალი ყოფილა და უამრავი ფილმის სცენარი აქვს დაწერილი) "ვა, სოფელო..." მასში ყველაზე მიმზიდველი ისაა, რომ "სხვანაირი ქართულითაა" დაწერილი - ავტორს წერის განსხვავებული სტილი აქვს, რაც ნაწარმოებს თავის პეწს სძენს. ეს წიგნიც ადამიანების ცხოვრებაზე, განვლილ წლებზე, ემოციებზეა აგებული...

- ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებიდან თქვენს ყურადღებას რომელი ფილმი იქცევს?

- მაგალითად, ვერასოდეს წარმომედგინა, "ოსტატი და მარგარიტა" როგორ უნდა გადაეღოთ, მაგრამ რუსებმა სერიალი გადაიღეს - ცუდი ნამდვილად არ არის. თან, მსახიობების ფანტასტიკური ნაკრებია...

- რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სცენაზე ან ეკრანზე განსახიერება განსაკუთრებულად ხომ არ გინდათ?

- მოზარდობისას ნასტასია ფილიპოვნას (დოსტოევსკის "იდიოტი") თამაში მინდოდა - ძლიერი ხასიათის მქონე, პრინციპული, გამორჩეულად საინტერესო ქალბატონია. ჩემთვის ნატაშა როსტოვაც ("ომი და მშვიდობა") განსაკუთრებულად საინტერესო პერსონაჟია. ამ 2 გმირის განსახიერება ძალიან მინდოდა, მაგრამ ახლა იმავეს ვერ ვიტყვი: ჩემი პროფესია ისე ძლიერ მიყვარს, რომ ჩემთვის ყველა როლი მნიშვნელოვანი და საყვარელია, რომელიმე პერსონაჟს ვერ გამოვარჩევ.

- როგორ ფიქრობთ, რომელი ლიტერატურული პერსონაჟი გგავთ განსაკუთრებულად?

- როლის შესრულებისას მსახიობები ძირითადად ვცდილობთ, პერსონაჟთან მსგავსებას თავი ავარიდოთ. მინდა, მაყურებელს განსაკუთრებული ნამუშევარი შევთავაზო - ისეთი როლი ვითამაშო, როგორიც რეალურად არ ვარ.

- ანუ ნასტასია ფილიპოვნა და ნატაშა როსტოვა არ გგავთ...

- ნამდვილად ასეა. მინდა, პერსონაჟსა და ჩემს ხასიათს შორის რადიკალურად დიდი სხვაობა იყოს, თორემ საკუთარი თავის თამაში იოლია. ამას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება - ჰაბიტუსი კმარა, უბრალოდ, მცირე დეტალებს შემატებ და როლიც გამოდის. გაცილებით საინტერესოა, როცა ისეთ პერსონაჟს ასახიერებ, რომელიც შენს ხასიათთან თანხვედრაში არ არის... ერთი როლი შევასრულე, როცა ჩემი პერსონაჟის საქციელი არც მესმოდა. მსახიობები ძირითადად, პერსონაჟის "ტყავში შევდივართ" და ვცდილობთ გავამართლოთ. ჩემს შემთხვევაში ეს ძალიან რთული იყო, რადგან ჩემი გმირის ტყავში ვერანაირად ვერ შევიდოდი - იმას ვერ შევისისხლხორცებდი, რაც მან ჩაიდინა, თუმცა მაქსიმალურად ვეცადე, რომ გამემართლებინა, თუ რატომ გააკეთა ისეთი ცუდი რამ... სპექტაკლს - "თერთმეტი" ვგულისხმობ, რომელიც რეალურ ამბებზე დაყრდნობითაა შექმნილი... ლიტერატურულ პერსონაჟთან ჩემს მსგავსებას რაც შეეხება, ალბათ, ბავშვობაში ალისას ("ალისა საოცრებათა ქვეყანაში") ვგავდი, რომელიც მუდმივად რაღაცის ძიებაშია, რომანტიკული, ნაზი და ფარფატაა, სხვადასხვა ამბავში ხვდება... სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე ნამდვილად, არ მიფიქრია (იღიმის).

- თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი რომელია? - ჩემთვის ყველაზე "დიდი", მნიშვნელოვანი წიგნი გოეთეს "ფაუსტია". შემიძლია ბევრჯერ წავიკითხო და ხშირადაც ვკითხულობ. დიდი ხნის წინ არის დაწერილი და ახლაც აქტუალურია. ავტორის წერის მანერაც საოცარია. ჩემთვის შედევრია!.. ტოლსტოის, დოსტოევსკის შემოქმედება ჩემთვის ასევე უმნიშვნელოვანესია. უცხოურ ლიტერატურას რომ თავი დავანებოთ, მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებები ჩემთვის ღრმა ფილოსოფიურია: თითქოს მარტივად წასაკითხია, მაგრამ ამ დროს უამრავი საინტერესო აზრი დევს... ქართული მწერლობა ძალიან მიყვარს.

- თანამედროვე ავტორებიდან რომელიმეს შემოქმედებას განსაკუთრებული ყურადღებით ხომ არ ადევნებთ თვალს?

- აბსოლუტურად ყველა თანამედროვე ავტორის შემოქმედებას ვკითხულობ. ბესტსელერებს თვალს ვადევნებ, რადგან მაინტერესებს, რატომ აღიარეს... საკმაოდ ბევრი საინტერესო ავტორია. გოგონები აქტიურობენ, რაც ძალიან მახარებს. ზოგი ნაწარმოები "მსუბუქად" წასაკითხია, რომ უბრალოდ, კარგ ხასიათზე დაგაყენოს, დრო "გაგაყვანინოს"... ასეთ წიგნებსაც თავისი ფუნქცია აქვს და კარგია. ბექა ადამაშვილის "ბესტსელერი" მახსენდება, რომელიც საოცარი იუმორით არის დაწერილი. ამ წიგნმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ნოდარიკო მაჭარაშვილის "ავი მუსაიფი". "ჩემი" ჟანრია - ისტორია, ბიოგრაფია და რომანი ერთადაა.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ცხოვრება წიგნის სიუჟეტისთვის საინტერესოა?

- მოსაყოლი ძალიან ბევრია, შთაბეჭდილებაც - უამრავი. წიგნის დაწერა ალბათ ბევრი ადამიანის შესახებ შეიძლება. უბრალოდ, გააჩნია, ამა თუ იმ მოვლენას ვინ როგორ აღიქვამს. არის რაღაცები, რასაც ვერ ვხედავთ და რაც ერთეულებს შეუძლიათ, რომ მკითხველს სხვა თვალით დაანახვონ. ეს რომ შემეძლოს, კარგი იქნებოდა (იღიმის)...

- გიცდიათ?

- ჟურნალისტიკის კურსიც დავამთავრე. რაღაცებს ვწერდი... მოკლედ, მცდელობები მქონდა, მაგრამ ისეთი - არა, რომ გამომექვეყნებინა, თუმცა მიფიქრია - გარკვეულ ასაკს რომ მივაღწევ, ერთ საინტერესო, მემუარივით წიგნს დავწერ, რომ მომავალ თაობას დავუტოვო...

- "გზის" მკითხველებს რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევთ?

- მგონია, რომ ადამიანს ბაზა უნდა ჰქონდეს: კლასიკური ნაწარმოებების ნაწილი მაინც, რაც ყველამ ვიცით, წაიკითხოს, რომ შემდეგ თანამედროვე ლიტერატურას გაეცნოს და გაარჩიოს, რომელია კარგი, "მსუბუქი" და ა.შ. ამიტომ მოზარდებს აუცილებლად ვურჩევ, ლიტერატურის კითხვა კლასიკური ნაწარმოებებით დაიწყონ: ჯერ - ქართულით, შემდეგ უცხოურსაც გაეცნონ...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"