"მღრღნის ეჭვი, რომ ახლა იმ ქალს ეძახიან ჩემი შვილები დედას. მტერსაც არ ვუსურვებ ამის გამოცდას"
"მღრღნის ეჭვი, რომ ახლა იმ ქალს ეძახიან ჩემი შვილები დედას. მტერსაც არ ვუსურვებ ამის გამოცდას"
"განა ისეთი როგორი "ზურგი" ჰქონდა, რომ ბავშვების გამყიდველი არ დააპატიმრეს?"

ირმა მახარაშვილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. წლების განმავლობაში ღირსეულად ატარა სამხედრო ფორმა და არასდროს გაბოროტებულა, მიუხედავად იმისა, რომ გულით დიდ ტკივილს დაატარებდა. თავის დროზე ახალგაზრდა დედას უთხრეს, რომ მისი ტყუპი გარდაიცვალა, მაგრამ არც ცხედრები გადასცეს ოჯახს და ყველა კარი, რომლის შეღებაც სცადეს, ცხვირწინ მიუხურეს გაურკვევლობაში მყოფებს. მალევე გაიგო, რომ ჩვილების გაყიდვის ბრალდებით დააკავეს სამშობიაროს ერთ-ერთი თანამშრომელი და ეჭვი, რომელიც გულზე მძიმე
ტვირთად აწვა, კიდევ უფრო გაუმძაფრდა...

- ვარ მშრომელი, პატიოსანი ადამიანი სამხედრო ოჯახიდან. გვარს არ ვღალატობ და მეც წლების განმავლობაში ვიმსახურე შეიარაღებულ ძალებში, მიღებული მაქვს ჯილდოებიც, მედლებიც, სიგელებიც. 2015 წლამდე ვმსახურობდი სხვადასხვა ქვედანაყოფში, თანამდებობებზე.

1986 წელს დავქორწინდი მუსიკოს ჯამბულ (ბესიკ) ჩირიკაშვილზე ("ერისიონში" მუშაობს, ჩემს ვაჟთან ერთად,
რომელიც ასევე მუსიკოსია) და ერთი წლის შემდეგ შემეძინა გოგონა - რუსუდანი. რაღაც პერიოდის შემდეგ გავიგე, რომ ისევ ფეხმძიმედ ვიყავი - ამჯერად ტყუპზე. მოუთმენლად ველოდით ოჯახის ახალ წევრებს...


იმ დროს, როცა ქვეყანაში 9 აპრილის მოვლენების გამო გლოვობდა საზოგადოება, მე სამშობიაროში გავხდი წასაყვანი. მაშინ ჩემი მეუღლე გასტროლზე გახლდათ, ანსამბლთან ერთად. მახსოვს, ჭკუასელმა და ჭოხონელიძემ როგორ მოგვილოცეს შვილის დაბადება: ჩვენ ახალგაზრდები დავკარგეთ 9-ში და სამაგიეროდ, ტყუპი იბადებაო.

11 აპრილს საკუთარი მანქანით წამიყვანეს მამამ და დედამ მე-4 სამშობიაროსკენ, სადაც აყვანილი ექიმი მელოდებოდა. ციხეებთან ტანკი იდგა, გადაკეტილი ჰქონდათ გზა და არ გაგვიშვეს. გვითხრეს, პირველ სამშობიაროში წაიყვანეთო. ასე მოვხვდი უცხო გარემოში, სადაც ერთ საათში უკვე გავაჩინე ბავშვები. პირველი გოგონა დაიბადა და რომ შევხედე, ასე მეგონა, რუსუდანი გავაჩინე მეორედ-მეთქი, ისე ჰგავდა; მეორე ბიჭი იყო, წონით შედარებით პატარა და სუსტი, მაგრამ ტირილით ორივე ტიროდა... გვერდით მაგიდაზე იწვნენ პატარები და მათ შორიდან ვეფერებოდი, სანამ არ მოვიდა ბებიაქალი თუ ექთანი და არ წაიყვანა ჩემი პატარები. მას მერე ისინი არც მინახავს. მჯეროდა დედისაც და ექიმისაც, რომელიც მაშინ მეუბნებოდა, ინკუბატორში არიანო. აბა, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ მათ ვეღარ დავიბრუნებდი?

- ანუ იმ დროს უკვე დედათქვენს უთხრეს, რომ პატარები გარდაიცვალნენ?
- დიახ, დედას უთხრეს. მე სუსტად ვიყავი, ვიწექი მეორე სართულზე და ბავშვები, ვიცოდი, რომ მესამეზე ჰყავდათ... სამი დღის შემდეგ, შუადღეს ექთნის დახმარებით გავედი განყოფილების უფროსთან (აკაკი თუ კაკო ერქვა, ზუსტად არ მახსოვს), რომელმაც თავისთან დამიბარა. მის კაბინეტში დამხვდა დედაც.

ექიმმა მითხრა, ახლა მკერდს გაგიკრავენ და არ გაგიკვირდეს. ტყუპი ინკუბატორშია. შენ გაგწერთ და მერე მოაკითხე ხოლმეო. დედას შევხედე, - ეს რა საჭიროა? რძე მაქვს და ვაჭმევ, რა პრობლემაა-მეთქი?! ჩვენ ვაჭმევთ, რადგან პატარები არიან და შენც არ გაწვალდებიო. მოკლედ, გამომწერეს. თურმე დედას უთხოვია, - ნუ ეტყვით ბავშვების შესახებ, ისედაც სუსტად არის და სახლში მე თვითონ ვეტყვიო. ნეტავ იქვე ეთქვა...


- დედათქვენმა არ მოითხოვა ბავშვების ცხედრების ნახვა?
- ეს რომ მოუთხოვია, უპასუხეს, უკვე გადავგზავნეთო, ხოლო მორიგ კითხვაზე, სად გადააგზავნეს, პასუხი არც გაუციათ... მერე დედა მიყვებოდა: ბავშვის ექიმი რომ მოვითხოვე, რათა მისთვის მეკითხა, სად გადაგზავნეს ცხედრები, ექიმმა ცხვირწინ მომიჯახუნა კარი სიტყვებით, - ქალბატონო, მკვდრებს რას დაეძებთ, ცოცხლებს მიხედეთო. იმ წუთას შენზე ვდარდობდი. ვერც წარმომედგინა, თუ ასეთი ტყუილი შესაძლებელი იყოო. ანუ, გააცურეს და დედამაც დაიჯერა. ცუდი ის იყო, რომ არავის სჯეროდა ჩემი. ვერავინ დავარწმუნე, რომ ბავშვებს სასიკვდილო არაფერი სჭირდათ. მკვდრები მანახეთ, სად გადაგზავნეს-მეთქი, სულ ამას ვიძახდი, მაგრამ აბა, ვინ მაჩვენებდა?!
მოკლედ, რომ არა ჩემი რუსუდანი, ალბად თავს მოვიკლავდი, ისე ცუდად ვიყავი. დღე და ღამე ვტიროდი; ყველა, მთელი სამყარო შემძულდა (ტირის)...

სადაც შეიძლებოდა გადაეგზავნათ ბავშვები, ყველგან გავიკითხე, ვრეკავდი, მივდიოდი, კითხვებს ვსვამდი, მაგრამ ისინი არსად იყვნენ რეგისტრირებული. ტყუპი მახარაშვილი-ჩირიკაშვილის გვარზე უბრალოდ გაქრა...

საშველი ისევ ბავშვიაო და რადგან ისევ ფეხმძიმედ დავრჩი, 1990 წელს მეყოლა გიორგი. რა თქმა უნდა, ჩემი პატარაც ვერ დამავიწყებდა შვილებს, მაგრამ მათთვის ვერც ვერაფერს ვაკეთებდი და მივყევი ცხოვრების დინებას... გიორგი რომ მეყოლა, ტყუპისცალი გამახსენდა, ისე ჰგავდა. მაშინვე აღვნიშნე, რომ დები და ძმები ემსგავსებოდნენ ერთმანეთს: გოგონები - მამას და ბიჭები - დედას.


- როგორც პირად საუბარში აღნიშნეთ, წლების შემდეგ ამ სამშობიაროს თანამშრომელი, ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანისა და მათი გაყიდვის ბრალდებით დააკავეს.
- წელი ზუსტად არ მახსოვს, 1998-დან 2000 წლამდე პერიოდში დააკავეს ვინმე გომერი და ქალი გვარად მდივანი. მათ ედავებოდნენ ბავშვების გაყიდვას, მათ საზღვარგარეთ გადაყვანას. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ განმიახლდა ტკივილი. არც ახლა დამიჯერებთ, რომ ბავშვები ცოცხლები არიან და გამიყიდეს-მეთქი?.. მაშინ დედა თავდაცვის მინისტრთან, ჯონი ფირცხალაიშვილთან მუშაობდა და ჩემი ამბავი რომ გაიგეს, ჟურნალისტმა გურამ დონაძემ ინტერვიუ იქვე, სამსახურში ჩაწერა დედასთან, მე კი სახლში, შვილებთან ერთად გადამიღო. მერე ტელევიზიითაც გამოაცხადეს, მდივანს ახალი მომჩივარი გამოუჩნდაო. მატარეს პროკურატურაშიც. იცით, ამ ყველაფრის შედეგად რა მივიღე? თურმე, არც მიმშობიარია და აფერისტი ვარ. ლამის შოკი მივიღე. მიმტკიცებდნენ, თქვენი მშობიარობის დამადასტურებელი საბუთები არ არსებობსო. გამომძიებელი კობა კობალაძე შეწუხებული იყო: ათასობით გამწარებული დედაა მომჩივარი და არქივის გამო, ვერაფერს ვამტკიცებთო. არადა, ყველგან: ქალთა კონსულტაციაში, ბავშვთა პოლიკლინიკაში, სადაც ვიყავი აღრიცხვაზე, სიტყვიერად მიმოწმებდნენ, რომ მართალი ვიყავი, ყველას ახსოვდა ჩემი მდგომარეობა, მაგრამ საბუთს ვერ მაძლევდნენ: 5 წელი ინახება, მეტი არაო...

გამოძიების პერიოდში ითქვა, ქალბატონ მდივანს ინსტულტი აქვს და დაკითხვას ვერ ვახერხებოთო. გომერი კი დააკავეს, მაგრამ ისიც, მგონი, როგორც არა საქართველოს მოქალაქე, გადასცეს თავის ქვეყანას. გავიგე, რომ ის ექიმი, კაკო თუ აკაკი, 1 წლის მერე, 1990-1991 წლებში გარდაცვლილა.
მდივანს შვილიშვილი გარდაეცვალა... რატომ გამახსენდა ახლა ეს ამბები? გამწარებულ გულზე დავიწყევლე (მეზიზღება წყევლა, ამას სხვისგანაც ვერ ვიტან, მაგრამ მაშინ წამომცდა) ჩემი შვილებით გაკეთებული ფულით, კუბოები ეყიდო-მეთქი. ჰოდა, მათი უბედურების ამბავი რომ გავიგე, შევწუხდი: ჩემმა წყევლამ ხომ არ უწიათ-მეთქი. მაპატიოს უფალმა ეს საქციელი...

მოკლედ, მეგონა ეს მდივანი გარდაცვლილი იყო და ახლა, დაახლოებით 20 წლის მერე გავიგე, რომ ცოცხალია და რაღაც პერიოდი კიდევ უმუშავია სამშობიაროში. შვილიც გარდაცვლია და თვითონ სიმსივნით არის დაავადებულიო. ამხელა ცოდვის მატარებელი უფალმა განსაჯოს აწი... უბრალოდ მაინტერესებს, განა ისეთი როგორი ზურგი ჰქონდა, რომ არ დააპატიმრეს? ესაა ჩვენი სახელმწიფო? უსამართლობა ყოველგვარ ზღვარს სცდება...

- როცა ტყუპზე იმშობიარეთ, საეჭვო არაფერი შეგინიშნავთ?
- სულ მეფიქრება ერთ რამეზე და გაგიმხელთ ახლა: მშობიარობიდან მეორე დღეს ხალათმოხურული ქალი პალატში შემოვიდა და კითხვები დამაყარა: ქმარი სად მყავდა? რა განათლება მქონდა და სად ვმუშაობდი? გენეტიკურად რაიმე დაავადება ხომ არ გვქონდა ოჯახში და ა.შ. შევწუხდი, ბავშვები მოვიკითხე, რამე ხომ არ სჭირთ-მეთქი? მე ხომ ამ კითხვებზე პასუხი უკვე გაცემული მქონდა ექიმისთვის და ეს ყველაფერი ისტორიაში ეწერა. მიპასუხა, ბავშვების ექთანი ვარ და უბრალოდ მაინტერესებდა თქვენი ნახვაო... მღრღნის ეჭვი, რომ ახლა იმ ქალს ეძახიან ჩემი შვილები დედას. მას უნდოდა ენახა, გარეგნულად როგორ გამოვიყურებოდი... ეჭვს ისიც იწვევდა, რომ სამშობიაროდან ქალთა კონსულტაციაში მოვიდა საბუთი, თითქოს ბავშვებს ფილტვები არ გაეხსნათ, მეორე საბუთში კი ეწერა, რომ სეფსისით გარდაიცვალნენ. ექიმიც გაოგნებული იყო: რა ხდება, ორი სხვადასხვა დიაგნოზით გარდაიცვალნენო?.. ნეტავ ენახვებინათ, მართლა გარდაცვლილები თუ იყვნენ, ასე ხომ არ დავიტანჯებოდი წლების მანძილზე? თქვენ არ იცით, რა ძნელია ეჭვებით ცხოვრება, მტერსაც არ ვუსურვებ ამის გამოცდას.

- დედა ალბათ საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რომ ვერ დაგიცვათ...
- დედას მეც სულ ვსაყვედურობდი: შენს ადგილას კარს ჩამოვუღებდი ექიმებს. რას ჰქვია, არ განახეს, რა უფლებით? ჩემზე თუ ფიქრობდი, ის არ იცოდი, რომ ამისთვის პასუხს მოგთხოვდი-მეთქი? აცხონოს უფალმა და მაპატიოს, რადგან გულს ვტკენდი ამით. ახლა მესმის მისიც: კომენდატის საათი იყო და საშინელი დრო, განუკითხაობის წლები. თან, დედას ჩემი შვილიც ჩაბარებული ჰყავდა, მისთვისაც უნდა მოევლო და რამდენად გაჭრილიყო? მერე ვიძახდი, ალბათ ბედი იყო, ეს უნდა გადამეტანა-მეთქი...

მოკლედ, ყველაფრის იმედი დავკარგე და ახლა, ჯგუფში "ვეძებ" რომ გავწევრდი, იქ დადებულმა პოსტებმა რაღაცნაირად ამაფორიაქა; იმდენმა იპოვა ერთმანეთი, რომ იმედი მომეცა და მეც დავწერე ჩემი გულისტკივილის შესახებ. ვინ იცის, იქნებ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდეს სასწაული...
სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ჩემს პოსტს ამდენი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. ბევრმა გააზიარა. მადლობა ჯგუფის თითოეულ წევრს დახმარებისთვის...


პოსტი რომ დავდე, მეორე დილას 200 მესიჯი დამხვდა "მესენჯერში". ზოგმა სურათები გამომიგზავნა, ეს ძალიან ჰგავს თქვენს შვილებსო. ერთმა გოგონამ მომწერა: ვარ 32 წლის და ოთხი თვეა, რაც გავიგე, ნაშვილები ვყოფილვარო. გული ამომვარდა საგულედან. სურათით ვგავარ თქვენს შვილს და კიდევ თუ გამომიგზავნით სხვა ფოტოებსო? არ ვიცი, ეს გოგონა ვინაა, მაგრამ ძალიან
მინდა, ნახონ ჩემებმა... მეკითხებით, რას ვიზამ, თუ მათ ვიპოვი? - არაფერს, ჩავიხუტებ გულში, თუ არ გამისკდა! მინდა, და-ძმებს ჰქონდეთ ურთიერთობა და ვუყურო მათ ბედნიერებას, სადაც უნდა იყვნენ. არ მინდა ვიფიქრო იმაზეც, რომ თუ ცოცხლები არიან, შესაძლოა ცალ-ცალკე გააშვილეს. უკუღმართია ეს ცხოვრება და მეშინია, ისე არ შეხვდნენ ერთმანეთს, რომ არ იცოდნენ, და-ძმა თუ არიან. ღმერთმა დაგვიფაროს...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)

ლიკა
11 მაისი 2021 23:29
ირმა ჩემო ლამაზო უფალი აუცილებლად მოგივლენს სასწაულს შენი კეთილი გულის გამო დაგიბრუნდება შენი შვილები და ჩახუტებ გულში ოთხივეს ერთად
ნატალი
09 მაისი 2021 21:52
ღმერტო გგევედრები აპოვნინე დედას შვილები
...
09 მაისი 2021 21:46
ღმეერტო ზალიან გტხოვ, კვირაცხოვრობის მადლო და ძალა ააპოვნიე დედას შვილები, გულიტ შგტხოოვ
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები