"კილი არის ძალა, რომლის გარეშეც ვერ ვიცხოვრებდი" - კვირის პალიტრა

"კილი არის ძალა, რომლის გარეშეც ვერ ვიცხოვრებდი"

მომხიბვლელი მამაკაცი მსახიობების სია რომ შევადგინოთ, ირლანდიელი მსახიობი პირს ბროსნანი ტოპ ათეულში მოხვდება, 67 წლის პირსი ჰოლივუდში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, კინოინდუსტრიას არ წყდება და ხალხს თავისი შესაძლებლობებით უფროდაუფრო მეტად აკვირვებს.

მომხიბვლელი პროდუსერისა და მსახიობის ცხოვრება ყოველთვის ისეთი ლაღი არ ყოფილა, როგორც ტელეეკრანებზე ჩანს. პირსმა ჭეშმარიტი სიყვარულის პოვნაში წლები გაატარა, პირველი მეუღლე სიმსივნით დაეღუპა, შემდეგ დიდხანს არავის ხვდებოდა და საბოლოოდ კილი შაი სმიტი გაიცნო, რომელთან ერთად უკვე 27 წელზე მეტია ქორწინებაშია. როგორც ამბობენ, კილისა და პირსის სიყვარული ჯერ კიდევ ისეთივეა როგორც ურთიერთობის პირველ წლებში იყო, პირსი მეუღლეს აღმერთებს და თავდავიწყებით უყვარს ის.

სანამ ისინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ და ახალი სიყვარულის ისტორია დაიწერებოდა ბროსნანმა პირველი ცოლი დაკარგა, სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა და დაემშვიდობა ქალს, რომელიც წლები უყვარდა, ყველაფერს უზიარებდა და მასთან ერთად მთელი ცხოვრების გატარებას გეგმავდა. ტრაგედიამ მსახიობის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. 1992 წელს ჟურნალ "ფიფოლ"-ის ინტერვიუში პირსმა ცოლის დაკარგვასა და დაავადებაზე დეტალურად ისაუბრა.

"საშინელებაა, სიმსივნე სისასტიკეა ადამიანის ორგანიზმში და იღბლიანი იქნები თუ დამარცხებას შეძლებ" - აღნიშნა ბროსნანმა.

ერთი წელი მსახიობი ფსიქოლოგიურად ემზადებოდა ძალების მოსაკრებად და მართლაც ერთ წელში ბროსნანი კინოინდუსტრიას სრულიად ცოცხალი, ენერგიით სავსე დაუბრუნდა, ტკივილი გადახარშა და სამსახიობო კარიერა ახალი ფურცლიდან განაგრძო. მეუღლის გარდაცვალებიდან 2 წელში, 1994 წელს, ის კილი შაი სმიტს შეხვდა, თავიდან ბროსნანი ურთიერთობაში პატარა ნაბიჯებს დგამდა, ეშინოდა ახალი რომანის, თუმცა პირველ პაემანზე პირსმა და კილიმ დილის სამ საათამდე ისაუბრეს და მალევე ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ.

"სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან მენატრებოდა, გასტროლებზე ყოფნისას ბილეთებს ვუგზავნიდი, რომ ჩემთან ჩამოსულიყო" - ამბობს ბროსნანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მხოლოდ ბროსნანი არ გიჟდებოდა კილიზე, სმიტიც უზომოდ შეყვარებული იყო პირსზე და ამას არც მალავდა.

"ის ძალიან აფასებს ქალებს, ინტელექტუალი, მიმზიდველი და კეთილია. მისი ნამდვილი სილამაზე სულიდან მოდის" - აღნიშნა კილიმ ერთ-ერთ გადაცემაში.

მათი სიყვარული მართლაც ლამაზი და ფერადი იყო, თუმცა პირსი პირველი ცოლის დაკარგვისას მიყენებულ ტკივილს ბოლომდე ვერ ივიწყებდა, კილი მას ტკივილის დაძლევაში დაეხმარა და არცერთი წამი გვერდიდან არ მოშორებია ბროსნანს.

"კილი ყოველთვის კეთილი და მგრძნობიარეა, იმ დროს, როდესაც ძალიან მიჭირდა გვერდში მედგა, მახალისებდა. ხშირად ვფიქრობ, რომ კილი ჩემი ჩრდილოეთის ვარსკვლავია, რომელიც სულ მიყურებს და არასდროს დამტოვებს მარტო" - ამბობს პირს ბროსნანი.

ამხელა სითბოს ფონზე ჟურნალისტები და მეგობრები ხშირად კითხულობდნენ რატომ არ ქორწინდებოდნენ ისინი, ერთმანეთი ასე უყვარდათ, ერთად ცხოვრობდნენ და რაღა უშლიდათ ხელს საბუთებზეც მოეწერათ ხელი. თუმცა წყვილი წლების განმავლობაში უარს ამბობდა ქორწილზე და 7-წლიანი შეყვარებულობის შემდეგ, 2001 წელს პირსმა კილის ხელი სთხოვა და ჰოლივუდში მორიგი გრანდიოზული ქორწილი გაიმართა.

კილიმ ბროსმანს ორი ბიჭი აჩუქა, დილანი და პარიზი. ქორწინების 18 წლის იუბილეზე, ერთ-ერთ ჟურნალში მათ სიყვარულს ვცრელი სტატია მიუძღვნეს, სადაც ჟურნალისტმა დაწერა, რომ 18 წლის შემდეგაც ისე შეჰყურებს პირსი მეუღლეს როგორც პირველი პაემნის დროს, მათ თვალებში ნაპერწკალი კვლავ ანთია.

"მე მიყვარს მისი სიცოცხლისუნარიანობა, მისი ვნება, როდესაც კილი მიყურებს, მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ, უცნაურია, როგორ უნდა ახსნა სიყვარული" - თქვა ბროსნანმა ჟურნალ "სან"-თან ინტერვიუში.

მამის დღეს, სმიტმა პირსს სოციალურ ქსელში ოჯახური სურათი დაუდო და საჯაროდ სიყვარული აუხსნა.

"ბედნიერი ვარ, რომ ორი ვაჟით ამ გზას ერთად დავადექით, გილოცავ მამის დღეს, ყველაზე კეთილი, მხიარული და სათუთი ადამიანი ხარ. მადლობას გიხდი ამ საოცარი მოგზაურობისთვის, რაც მე ცხოვრებაში მაჩუქე, მადლობა ასეთი მამობისთვის, შენ და ჩვენმა შვილებმა ჩემს ცხოვრებაში სიხარული შემოიტანეთ" - დაწერა კილი სმიტმა.

ბროსნანები ასე ამბობენ, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, რამდენმა პრობლემაც არ უნდა შეხვდეთ, მათ ერთმანეთი ჰყავთ და ყველაფერს გადალახავენ. ახლა წყვილი ქორწინების 27-ე წელს ითვლის. მათმა სიყვარულმა, მეგობრობამ და ერთად ყოფნამ მსოფლიოში ბევრ ადამიანს იმედი მისცა, რომ ერთ დღეს ისინიც იპოვიან მარადიულ და წრფელ სიყვარულს, როგორც ეს ბრონსმა და სმიტმა შეძლეს.

"კილი არის ძალა, რომლის გარეშეც ვერ ვიცხოვრებდი" - ამბობს პირს ბროსნანი.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)