"მის საფლავზე ვიპარებოდი ხოლმე... მე რატომ გამაუბედურეთ-მეთქი? აბა, ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შვილი რად მინდოდაო?" - კვირის პალიტრა

"მის საფლავზე ვიპარებოდი ხოლმე... მე რატომ გამაუბედურეთ-მეთქი? აბა, ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შვილი რად მინდოდაო?"

18-წლიანი გლოვის შემდეგ ნაპოვნი შვილის ამბავი

"მე მის საფლავზე ვიპარებოდი ხოლმე..."

მაკა კოხრეიძის ცხოვრებაში შვილებთან დაკავშირებული არაერთი ტკივილი იყო. მეორე მშობიარობის შემდეგ, გოგონა შეეძინა. იმავე დღეს უთხრეს, ჩვილი მოკვდაო და რადგან არც დედა და არც ოჯახის სხვა წევრები თმობდნენ პოზიციას, ექიმები იძულებული გახდნენ, ცხედარი მათთვის გადაეცათ... შემდეგ იყო კიდევ სამი მშობიარობა და სამწუხაროდ, სამივე ბავშვმა მხოლოდ რამდენიმე წელი იცოცხლა. ძმებს ექიმებმა ზუსტი დიაგნოზიც კი ვერ დაუსვეს. თითქოს ჯანმრთელები, მოულოდნელად ხდებოდნენ ავად, რასაც ლეტალური შედეგი მოჰყვა სამივე ჯერზე...

მაგრამ მაკას ცხოვრებაში სინათლეც გამოჩნდა გვირაბის ბოლოს და მეორე შვილი - გოგონა, რომელსაც 18 წელი გლოვობდა, რომლის საფლავიც კი ჰქონდა მოწყობილი, ცოცხალი აღმოჩნდა...

- 1996 წლის 25 ივნისს გავაჩინე მეორე შვილი - ჩემი გოგონა. აყვანილი მყავდა გინეკოლოგი, მისი მეთვალყურეობის ქვეშ გავაჩინე პირველი ბავშვი და ვენდობოდი. სამშობიაროში რომ მივედი, ამ ექიმმა სადღაც დარეკა და გვითხრა, რომ მესამე სამშობიაროს არ ჰყავდა ბავშვთა პედიატრი, ამიტომ უნდა გადავეყვანე პირველ სამშობიაროში. როცა იქ მივედით, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ არაფერი გამომკითხეს, არც ანკეტა შეავსეს, როგორც ეს სხვაგან ხდებოდა, პირდაპირ შემიყვანეს პირველ სართულზე მდებარე პალატაში. 15-20 წუთში უკვე ვიმშობიარე, ბავშვმა მაშინვე იტირა. ერთი კი მოვკარი თვალი და მერე გაიყვანეს. ვიცოდი, რომ წესი იყო ასეთი, ბავშვი უნდა მოეწესრიგებინათ, მაგრამ რატომღაც ავფორიაქდი, დავიწყე წუწუნი, შვილი მომიყვანეთ-მეთქი. პალატაში თეთრხალათიანი ქალი რომ შემოვიდა, ვკითხე: ხომ გოგოა-მეთქი? უხეშად მიპასუხა: რას დაეძებ, გოგოა თუ ბიჭი, ბავშვი ხომ არისო. მერე მესმოდა, როგორ მიულოცეს ჩემი ოჯახის წევრებს პატარას დაბადება, ნათესავები იქვე აღნიშნავდნენ ამ ამბავს. რამდენიმე საათის შემდეგ ჩოჩქოლის ხმა გავიგონე. მოვინდომე ავმდგარიყავი, მოვითხოვე ექიმი, მაგრამ არავინ მეკარებოდა. ვიფიქრე, ალბათ შეზარხოშებულებმა ჩხუბი თუ დაიწყეს-მეთქი და მინდოდა გამერკვია, რა ხდებოდა. ამ დროს შემოვიდა წელში მოხრილი მოხუცი ქალბატონი და მიყვირა: რა შეაწუხე გული, რა გაყვირებს და გაწივლებს, მოვლენ და გაგცემენ პასუხს, ნუ დგებიო. ცოტა ხანში პალატაში შემოვიდა მამაკაცი, საშუალოზე ცოტა მაღალი, გამხდარი. ბეჭებზე ხალათი ჰქონდა მოხურული. გამეცნო, როგორც "ნარკოზისტი". მე არ ვარ ნაკეისრალი-მეთქი, ვუთხარი. ნაკეისრალი რომ არ ხარ, ეს მეც ვიცი, მაგრამ რა გაყვირებს?.. შენი შვილი მოკვდაო...

ცუდად გავხდი, ვყვიროდი, ვტიროდი. არც ის ექიმი გამოჩნდა, რომელმაც მიმიყვანა პირველ საავადმყოფოში სამშობიაროდ და არც ის, ვინც მამშობიარა. ვინაიდან ფანჯრიდან გადახტომა მიცდია (მე ეს არ მახსოვს), იმ დღის მერე მოხუცი სანიტრის გარეშე საპირფარეშიც არ მიშვებდნენ, პალატის კარიც ჩაკეტილი იყო. ვიდრე ჩამკეტავდნენ, ლოგინიდან გადავვარდი და ერთადერთი, ვინც წამოდგომაში მომეშველა, ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელიც მერე გავიგე, რომ იმ ექიმის შვილი ყოფილა, ვინც მამშობიარა...

პალატაში ვიყავი იმ ქალთან ერთად, ვინც ჩემი მშობიარობის დროს გვერდითა საწოლზე იწვა. უკვირდა: სამშობიარო ბლოკი მეოთხე თუ მეხუთე სართულზეა და შენ სამანიპულაციოში რატომ გამშობიარესო? თვითონ 6-თვიანი გააჩინა, რაღაც პრობლემები ჰქონია და შეგუებული იყო იმ ამბავს, რომ პატარით ხელში ვერ გავიდოდა საავადმყოფოდან. მაგრამ ეს ქალიც "დააპატიმრეს" ჩემთან ერთად, ვერც ის გადიოდა პალატიდან სანიტრის ნებართვის გარეშე.

- როცა თქვენს მეუღლეს ბავშვის დაბადება ახარეს, ალბათ ითხოვა მისთვის შვილი ეჩვენებინათ...

- კი, რა თქმა უნდა და მერე სულ მესმოდა, რა ლამაზი ბავშვი იყო, მარწყვივით წითელი ტუჩებითო. ჰოდა, გეკითხებით, შეიძლება მკვდარ ბავშვს მარწყვივით წითელი ტუჩები ჰქონდეს? არადა, მიმტკიცებდნენ, მკვდარი დაიბადაო და სამწუხაროდ, არც მე მიჯერებდა ვინმე, როცა ვყვიროდი, მშობიარობისთანავე ტირილი დაიწყო-მეთქი. ალბათ ფიქრობდნენ, დედაა და მოეჩვენაო...

მოკლედ, ჩემს ოჯახს უთხრეს, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა, რომ სამი დღე მკვდარი ნაყოფი მიტარებია მუცლით და ჩემი მდგომარეობაც არ იყო სახარბიელო. ჰოდა, ბავშვს რას დაეძებთ, ამ სიტუაციაში მთავარია ქალი გადარჩესო.

- კი მაგრამ, თუ მკვდარი ბავშვი დაიბადა, რაღას ულოცავდნენ?

- ეს ამბავი მახარობელს დააბრალეს: იმიტომ გამოვიდა, რომ ფული მიგეცათ და შედეგზე არ უფიქრიაო, ასე დაიბანეს ხელი ამ საქმიდან... მერე მოვითხოვეთ, ბავშვის ცხედარი მოეცათ, რომ საფლავი გვქონოდა. გვპირდებოდნენ და არ გვაძლევდნენ. შემოდიოდნენ, ჭკუას მარიგებდნენ: რად გინდათ ცხედრის ნახვა? ახალგაზრდები ხართ, ამ ბავშვის საფლავი ცხოვრებას დაგინგრევთ. ხომ გყავთ უფროსი შვილი, მასაც ფსიქიკა დაენგრევა. შვილმკვდარი მშობლები რატომ უნდა გერქვათო და ა.შ. რადგან ვერ მოახერხეს ჩემი და ჩემი მეუღლის გადაბირება, მესამე საღამოს შემოვიდა ქალბატონი და მეუბნება, - რას შვრებით, მაინც მიგყავთო? - კი, თუ დაგვადგა საშველი-მეთქი. აჰა, მოაწერე აქ ხელი, დაასაფლავეთ და მერე ინანებთ, მიხვდებით, რომ მართლები ვიყავითო.

წარმოიდგინეთ, ცხედრის მაცივარში შენახვის თანხაც კი გადაგვახდევინეს... სასწრაფოდ მოიტანეს ჩემებმა სასახლე და პატარა დაასაფლავეს ისე, რომ არ უნახავთ ბავშვი. ცხედარი ახალი წასვენებული ჰყავდათ, როცა ერთი ქალი შემოვიდა: ჰე, ახლა აქ რატომღა უნდა იყო? დაურეკე შენს ქმარს, წაგიყვანოსო. ჩემმა ქმარმა და ოჯახის წევრებმა ეს რომ გაიგეს, გადაირივნენ: თქვენ არ ამბობდით, რომ სეფსისია და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებაო? თუ ასეა, სად გვატანთო? მოკლედ, იყო ერთი-გაწევ-გამოწევა... საბოლოოდ კი, ისე გამომწერეს, ფურცლის ნაგლეჯიც არ მოუციათ, სადაც ეწერებოდა, რომ ვიმშობიარე. თუმცა, მაშინ ამაზე არც მიფიქრია...

ლამის სასაფლაოზე დავიდე ბინა, ვაწყობდი პანაშვიდს, ვუთევდი ღამეს, როცა ამის საშუალება მეძლეოდა; დილით გავიპარებოდი ხოლმე სასაფლაოზე და სამსახურის მერე შინ დაბრუნებული მეუღლე რომ ვერ მპოულობდა, იცოდა, სადაც უნდა მოვეძებნე - ასე გრძელდებოდა თვეების მანძილზე. წელიწადი არ იყო გასული, როცა გოგალოზე დავფეხმძიმდი. ბავშვის დაბადების შემდეგაც ვერ მომაშორეს საფლავს. მერე ოჯახს შეეშინდა, ფსიქოლოგიური პრობლემები არ შემქმნოდა და გადაწყვიტეს, ჩემებთან, რუსეთში წავსულიყავით. ალბათ, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო... იქ ვიცხოვრეთ 2003 წლამდე, სანამ შვილი არ დაგვეღუპა გაურკვეველი დაავადებით...

გოგალოს შემდეგ, კიდევ ორი შვილი შემეძინა და ისინიც დავკარგე. ექიმებმა მათ დაავადებას დიაგნოზი ვერ დაუსვეს...

- სამწუხაროა... გვიამბეთ, როგორ იპოვეთ თქვენი გოგონა?

- როცა ნაბოლარა შვილიც ძალიან ცუდად იყო, იმ პერიოდში ვიღაცამ წერილი შემოგვიგდო სახლში, სადაც ეწერა, რომ გოგონა, რომელსაც წლები ვგლოვობდით, ცოცხალი გახლდათ. თუ ამ ბარათს წაკითვისთანავე დაწვავთ, მის ადგილსამყოფელსაც შეგატყობინებთო, მწერდა ვიღაც. ცხადია, წერილი წაკითხვისთანავე, იქვე დავწვი და მას მერე მოუთმენლად ველოდი მომდევნო ბარათს. ერთ დღეს ჩემმა შვილმა მითხრა, - დედა, მოდი, ამ საღამოს სახლიდან სულ ნუ გამოვალთ. იქნებ კი უნდა ვინმეს წერილის შემოგდება, მაგრამ ეშინია, რომ დავინახოთ. ხელს ნუ შევუშლითო. ასეც მოვიქეცით, შუქი ჩავაქრეთ ყველგან და მოვიცადეთ. იმ დღეს მართლაც დაგვიტოვეს წერილი, რომელშიც ეწერა, სად შეიძლებოდა მეპოვა ჩემი შვილი და მისი აღმზრდელი მშობლების ვინაობაც კი.

რა გამაჩერებდა უმოქმედოდ და იმავე საღამოს წავედი მოსაძებნად. ჩვენი სახლიდან 10 წუთის სავალზეა ის უბანი, რომელიც მითითებული იყო. მანქანით გამომეკიდნენ ჩემი შვილი, ძმა, შვილის მეგობრები. უკვე ბნელოდა და ბავშვები მეუბნებოდნენ, ჯობდა ხვალ წამოვსულიყავით, მანამდე თან ცოტათი დამშვიდდებოდიო. არც ქუჩაში და არც ეზოებში კაცისშვილი არ ჭაჭანებდა, რომ გვეკითხა, ესა და ეს ქუჩა სად არის ან ესა და ეს ოჯახი სად ცხოვრობსო? ერთ ადგილას, მარჯვენა მხარეს ჩასახვევი დავინახეთ. აქ შევიდეთ-მეთქი, ვთქვი. ცოტა ხანში სამი ადამიანის სილუეტი შევნიშნე და მანქანა გავაჩერებინე. გადმოვედი და გავრბივარ მათკენ ყვირილით, გაჩერდით, არ წახვიდეთ-მეთქი. მოტრიალდნენ, ხომ მშვიდობა გაქვთ? ნუ ნერვიულობთ, არ წავალთო. გოგონა იყო, რომელსაც მამაკაცი და ბავშვი ახლდა. წინ გოგო მოდიოდა, რომელსაც ვკითხე: ესა და ეს ქუჩაა სადაა-მეთქი? - დაწნარდით, აქვეაო, - ეს მითხრა და მე ცუდად გავხდი. სიბნელის გამო მის სახესაც კი ვერ ვხედავდი, მაგრამ რატომღაც, შინაგანად ავღელდი. ამასობაში ჩემებმა მანქანა მოაბრუნეს და შუქმა გზა რომ გაგვინათა, დავინახე, მანქანიდან გადმოსული ჩემი ვაჟი, რომელიც თავზე იჭერდა ხელს და მეგობარმა მანქანაში ჩასვა...

- რატომ იჭერდა თავზე ხელს?

- იმიტომ, რომ ჩემი გოგონა ძალიან მგავს. როცა უკან ვბრუნდებოდით, ვაჟის მეგობარი მთელი გზა იმას ამბობდა, ვაიმე, თეთრი მაკა ვნახე დღესო... მოკლედ, ამ გოგონას სახელი და გვარიც რომ ვუთხარი, ვისაც ვეძებდი, მიპასუხა, - ეგ დედაჩემიაო. მივხვდი, ვინც იყო, მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე. შემეშინდა, არ ენერვიულა, რამე ცუდად არ გაეგო და უაზროდ დავიწყე ლაპარაკი. ვუთხარი, ამ ქალს ვიღაცამ გერმანიიდან რაღაც გამოუგზავნა, მაგრამ დედათქვენი ვერ იქნება, აშკარად სხვას ვეძებ-მეთქი და თან ჩემს პასპორტს ვუჩვენებდი იმის დასამტკიცებლად, რომ მართლა ვიყავი გერმანიაში ნამყოფი...

ამერია ტვინი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არ ვიცოდი, რას ვამბობდი. მოკლედ, მარიამი დავაჯერე, რომ მის დედას კი არა, ამ ქალის სეხნიას ვეძებდი და ისიც დამპირდა, ოღონდ ნუ ნერვიულობთ და მე გაპოვნინებთო. გავცვალეთ ტელეფონის ნომრებიც...

ალბათ სახლში დაბრუნებულმა ეს ყველაფერი თქვა და... დაახლოებით 15-20 წუთში მირეკავს ვიღაც და მეუბნება: გამარჯობა, არავის სხვას არ ეძებ, მე მეძებ. მარიამის დედა ვარ და ხვალ შევხვდეთ ერთმანეთსო. არანაირი ხვალ არ იქნება, დღეს და ახლავე უნდა გნახოთ-მეთქი. დავთქვით შეხვედრის ადგილი. ჩვენ შორის ხმამაღალი საუბარი არ ყოფილა. ავუხსენი, რომ მათთვის არ მინდოდა ცუდი. პირველ ეტაპზე, შვილთან უბრალოდ დამეგობრება მსურდა, რომ ჩემთვის შოკი იყო, რაც ხდებოდა, რადგან შვილი, რომელიც 18 წლის წინ დავასაფლავე, ცოცხალი აღმოჩნდა. ბევრი ვისაუბრეთ და ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მან მთელი ჩემი ცხოვრება იცოდა. ბოლოს ვკითხე: თქვენ ხომ გინდოდათ შვილი, მაგრამ რაღა ჩემსას დაეტაკეთ, როცა ათასი ბავშვია გასაშვილებელი? თქვენც გეყოლებოდათ დედის დამძახებელი და იმ ბავშვებსაც ექნებოდათ ოჯახი, მე რატომ გამაუბედურეთ-მეთქი? პასუხმა გამაოგნა: შენ გიჟი ხომ არ ხარ, მე ვინმე მსუბუქი ყოფაქცევის ქალის შვილი რად მინდოდაო?

მეორე დღეს მარიამმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. მას მოუსმენია აღმზრდელი ბებიისა და დედის საუბარი. მითხრა, ქუთაისში, წითელ ხიდთან გელოდებით მე და ჩემი ქმარი, უნდა ვისაუბროთო. შევხვდით. ძალიან მძიმე საუბარი შედგა ჩვენ შორის, რადგან ჩემზე ათასგვარი საზიზღრობა უთქვამთ მისთვის. ამიტომ, ბედნიერი წუთების ნაცვლად, დაიწყო ჯოჯოხეთი. თუმცა, არ ვნებდებოდი, ვერც მაჩერებდნენ...

იცით, მარიამის გამზრდელი მამა ვინ აღმოჩნდა? - ის კაცი, რომელიც სამშობიაროში ანესთეზიოლოგად წარმომიდგა და შვილის სიკვდილი მამცნო...

- თქვენს შვილს აღმზრდელებთან ურთიერთობა აღარ აქვს?

- მე არ მინდოდა მათი დაშორება, მერწმუნეთ, მაგრამ არჩევანის წინაშე დააყენეს მარიამი: ან ჩვენ, ან ისინი, გასაზიარებელი ძროხაც არ გვჭირდებაო. ჰოდა, ბოლოს წამოვიდა ჩვენთან. რამდენიმე თვე "დედის" დაძახება უჭირდა, მაგრამ ეს სულაც არ მადარდებდა, მთავარი ის იყო, რომ მისი ჩახუტება, მოფერება შემეძლო... პირველად რომ მოვიდა სახლში, მე საქართველოში არ ვიყავი: ქმართან და შვილთან ერთად გერმანიაში გახლდით. ბავშვი გვყავდა სამკურნალოდ წამოყვანილი (ახლაც ემიგრაციაში ვარ, მოგეხსენებათ). ჩემს ვაჟს დაურეკა თურმე მარიამის ყოფილმა მეუღლემ, - რესტორანში ვართ და თუ შეძლებ, რომ მოგვაკითხოო? რა თქმა უნდა, მიაკითხა. როცა მანქანაში ჩასხდნენ და მისი აღმზრდელების სახლისკენ დაიძრნენ, მარიამს უკითხავს, მანდ რა გინდა? ჩვენს სახლში წამიყვანეო. ისე შესულა ეზოში და მერე სახლშიც, რომ არავის თქმა არ დასჭირვებია, აქეთ მობრძანდი ან იქით წადიო. "ზალაში" შესული თურმე, დივანზე დაჯდა და კმაყოფილმა თქვა, ახლა ვარ კარგადო!

- რამდენიმე წელია, რაც გოგონა თქვენთან ცხოვრობს. ამ დროის მანძილზე, მის აღმზრდელებს არასდროს ჰქონიათ მარიამთან ურთიერთობის აღდგენის მცდელობა? ადვილი არ იქნებოდა მათთვის მისი დაკარგვა...

- არა, არ ჰქონიათ. გაბრაზებულები არიან ალბათ, რადგან მარიამმა არჩევანი თავის ნამდვილ ოჯახზე გააკეთა... იცით, როცა ბებია გარდაიცვალა და ეს გავიგე, მარიამს ვუთხარი, სამძიმარზე მივიდეთ, თუ გინდა-მეთქი და წავედით კიდეც. ცუდი არაფერი უთქვამთ, მარიამს მისცეს საშუალება, დაეტირა მოხუცი. მარიამის აღმზრდელი მამა ჩემთან მოვიდა: აი, როგორ მაჯობეთო. რაში გაჯობეთ-მეთქი? - თქვენ შეძელით აქ მოსვლა და მოსამძიმრება, მე კი ეს ვერ შევძელი, როცა შვილი გარდაგეცვალათო... ალბათ იმიტომ არ მეშინოდა, რომ მე ჩემი სიმართლე მქონდა...

- დაბოლოს, კიდევ რაიმე ხომ არ გაქვთ სათქმელი?

- იცით, ანონიმური წერილი რომ არ მიმეღო, შეიძლება შვილი ვერასდროს მეპოვა. არადა, როგორც ახლა ვხვდები, უბანში, ქუჩაზე, ქალაქში ბევრს სცოდნია ეს ამბავი... მინდა ხალხს მივმართო: ნურასდროს დამალავთ სიმართლეს. ასეთი ამბის დამალვა დანაშაულის ტოლფასია...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)