"რა გიხარია, წააგე-მეთქი... იმ ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი" - კვირის პალიტრა

"რა გიხარია, წააგე-მეთქი... იმ ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი"

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

სრულიად საქართველომ ისტორიული გამარჯვება იხილა. დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი შვეიცარიელ ლეგენდას, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.

პირველი სეტი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ნიკოლოზმა მეორე სეტში გაათანაბრა და მესამე სეტიც მისი გამარჯვებით დამთავრდა - 3:6, 6:1, 7:5. ნიკოლიოზი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

ჩოგბურთელები ერთმანეთს 2016 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში დაუპირისპირდნენ. გამარჯვება როჯერს დარჩა, რომელმაც ბასილაშვილს უშანსოდ, 6:2 6:1 6:2 მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბოლო პერიოდში ფორმაში არ იყო და თითქმის რამდენიმე შეხვედრა ზედიზედ წააგო. ამას გულშემატკივრები მის პირად ცხოვრებაში მომხდარ ამბავს უკავშირებდნენ.

ცნობილია, რომ გასული წლის მაისში ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მოდელ ნეკა დოროკაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. ცნობილი ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებდა.

მალევე ნიკოლოზ ბასილაშვილის ცხოვრებაში შარლოტა ელენა გამოჩნდა. გერმანელი ჩოგბურთელი გოგონა, რომელიც პანდემიის დროს საქართველოშიც გახლდათ. შარლოტას ინსტაგრამიდან ირკვევა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ბასილაშვილის რძალთან მაცო ჩოფიკაშვილთან და მომავალი მაზლის შვილთან.

თუ რა გზა გაიარა მან ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს არქივში ინახება ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკოლოზის მამასთან, ნოდარ ბასილაშვილთან. გთავაზობთ ინტერვიუს:

- 5 წლის ასაკიდან ნიკოლოზმა თქვენთან ერთად დაიწყო ჩოგბურთზე სიარული, ფიქრობდით, რომ მისი პროფესიული არჩევანი ამ სპორტზე შეჩერდებოდა? - რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ნიკა პატარაობიდან ცურვაზეც დამყავდა და იპოდრომზე ცხენებზეც ჯირითობდა, თუმცა ყველაზე მეტად აქცენტს ჩოგბურთზე

ვაკეთებდი. პატარაობიდან ნიკას ჩოგბურთის მწვრთნელი იყო გოგა სანთელაძე და პარალელურად მეც ვავარჯიშებდი. აი, 12 წლის რომ გახდა, მას შემდეგ მარტო ვწვრთნიდი.

- როგორ გაიხსენებთ ნიკოლოზის ბავშვობის წლებს? როგორი მოსწავლე იყო?

- მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში გვქონდა კამათი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ნიკოლოზი. ნატალიას უნდოდა, რომ ბავშვი სწავლით დაკავებულიყო, რადგან ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. ინგლისური კარგად იცოდა და დამოუკიდებლად ისწავლა რუსული. მე კი ვუმტკიცებდი, რომ ჩოგბურთი მას მოუტანდა წარმატებას და გახდებოდა სახელოვანი. ბოლოს და ბოლოს დავარწმუნე ჩემი მეუღლე, რომ ნიკოლოზი სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. 12 წლამდე აქ ვავარჯიშებდი, შემდეგ კი ამერიკაში წავიყვანე და სხვადასხვა შტატში დამყავდა

ტურნირებზე. 14 წლამდე მე და ნიკა ინდივიდუალურად დავდიოდით, მერე გამოჩდა სპონსორი და გორინის აკადემიაში დაგვპატიჟეს, სადაც 3-4 წელი დავყავით. შემდეგ ისევ ინდივიდუალურად დავიწყეთ ვარჯიშები.

- ახლა, როცა ნიკოლოზი ასეთი წარმატებული ჩოგბურთელია, ქალბატონი ნატალია რას ამბობს?

- ვეუბნები, რომ ჩემმა გათვლამ გაამართლა. ნიკოლოზი ყველაფერთან ერთად განათლებული ბიჭია, ამიტომაც დილემის წინაშე ვიდექით. რვა კლასი რომ დაამთავრა, ვთქვი, რომ კარგად სწავლა და პარალელურად სპორტი, ორი კურდღლის მადევარვით გამოგვდიოდა. ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა ჩემი მეუღლე. ამბობდა, შვილი გაუნათლებელი დაგვრჩებაო, რაც საბოლოოდ ასე არ მოხდა. ნიკა სულ ეძებს ინორმაციას და სულ სწავლობს. სამედიცინო სფეროშიც კარგად ერკვევა. გააგრძელეთ კითხვა