გერბი - მზითვად - კვირის პალიტრა

გერბი - მზითვად

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ტრადიციის თანახმად, "სამეფო ქორწილის" შემდეგ ნეფე-დედოფლის გერბებიც ერთმანეთს უნდა შეუწყვილდეს. სწორედ ამიტომ უფლისწულ უილიამისა და კეიტ მიდლტონის სამეფო ქორწილამდე მიდლტონების ოჯახმა საკუთარი საგვარეულო გერბი ოფიციალურად წარმოადგინა.

გერბი 5.000 ევროდ შექმნა ცნობილმა ჰერალდიკოსმა ტომას ვუდკოკმა. წითელ, ლურჯ, ცისფერ, თეთრ და ოქროსფერში შესრულებულ გერბზე სამი მუხის რკო აწ არისტოკრატი მიდლტონების ოჯახის სამი შვილის - კეიტისა და მისი და-ძმის სიმბოლოებია. ამას გარდა, მუხა მიდლტონების მშობლიური საგრაფოს - ბერკშირის სიმბოლოცაა.

გერბის ცენტრში ოქროსფერი გადმობრუნებული "V" კეიტის დედის ქალიშვილობის გვარის - გოლდსმიტის (სიტყვასიტყვით - "ოქრომჭედელი") გამოძახილია, ხოლო გერბის ზემო ნაწილში ცისფერი ბაფთა მიუთითებს, რომ კეიტი გათხოვილი არასდროს ყოფილა.