"გვი­ჭირ­და ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა, რად­გან ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, მან­ძი­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­საც ამ­ძაფ­რებს..." - კვირის პალიტრა

"გვი­ჭირ­და ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა, რად­გან ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, მან­ძი­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­საც ამ­ძაფ­რებს..."

"თათიას ვუთხარი, ძალიან კარგად ყვები ჩვენი სიყვარულის ისტორიას, თუმცა დაგასწრებ, უფრო ვრცლად და ლამაზად მოვყვები-მეთქი", - მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ბიზნესმენმა სანდრო შელიამ, რომელმაც ახალხან ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. განვლილ ამერიკულ ცხოვრებაზე, ნარკოტიკებსა და ცხოვრების მთავარ სიყვარულზე ამბებს სანდრო AMBEBI.GE-ს უყვება:

ამ წიგნის დაწერის იდეა დიდი ხნის წინ, ამერიკაში ცხოვრებისას მომივიდა. ჩემი ერთ-ერთი სამსახური დაიკეტა და ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა მომიწია, მელანქოლიურ განწყობაზე ვიყავი, ამ დროს კი რადიოში ასეთი სიმღერა გაისმა - Midnight train to Georgia - და გავიფიქრე, თუ ოდესმე წიგნს დავწერ, ამ სახელს დავარქმევ-მეთქი, ამიტომ დაერქვა ჩემს წიგნს "ღამის მატარებელი". წიგნი ავტობიოგრაფიულია, მაგრამ გარკვეულწილად გადმოსცემს ჩემი თაობის თავგადასავალს - ჩვენ საბჭოთა კავშირის ეპოქაში დავიბადეთ, თინეიჯერობა ეროვნულ მოძრაობას დაემთხვა, შემდგომ იყო რთული 90-იანები...

- სანდრო, როგორ შეძელით იმ ბნელ წლებში ამერიკაში სასწავლებლად წასვლა?

- არ იყო მარტივი. მე ვიყავი ის იშვიათი გამონაკლისში ჩემს თაობაში, ვინც ამერიკაში წასვლა შეძლო. ძალიან კონტრასტულ ვითარებაში აღმოვჩნდი, რადგან ამერიკა თავისი ბედნიერების პიკში სწორედ 90-იანებში იყო, საქართვეელოში კი ურთულესი პერიოდი იდგა... კონკურსში გავიმარჯვე და ასე წავედი, მაგრამ ამ კონკურსში გასვლა ბევრჯერ ვცადე, რიგით მერამდენე იყო, ვერც ვიტყვი. საუკეთესო კოლეჯებში ვგზავნიდი განცხადებებს, მაგრამ არ მიღებდნენ. წარმატება ასე მარტივად არ მოდის. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დანებდე. ამერიკაში წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც წავიდა და ეგრევე გაუმართლა. ვაშინგტონში ცხოვრებაც დიდი გამოწვევაა, ბევრი სირთულე ახლავს. ამერიკა არა ოცნების, არამედ შანსის ქვეყანაა, თუ მოისურვებ, არანაირი საზღვრები არ გექნება, ოღონდ შრომა და ენერგია უნდა ჩადო.

- რა სირთულეები გაიარეთ?

- უამრავი. ერთ-ერთი კომპანია, რომელშიც ვმუშაობდი, დაიხურა, სხვა შემოსავალი არ მქონდა და ჩემთვის შეუფერებელ სამსახურებში მომიწია საქმიანობის დაწყება. ერთი პერიოდი, 3-4 თვე, ერთ-ერთ სასტუმროში ღამის დარაჯად ვმუშაობდი, თანაც ყველაზე საშიშ უბანში. საქართველოს ვერც ერთი ადგილი ვერ შეედრება საშიშროებით იმ ადგილს შუა ვაშინგტონში. ბევრ სახიფათო სიტუაციაში ვყოფილვარ იქაც და სხვაგანაც. თავიდან ძალიან განვიცდიდი. როცა ცხოვრებაში ცდილობ წინ წახვიდე, სულ გექნება რთული პერიოდები, მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოუშვა.

- ნარკოტიკტთან თუ გქონიათ შეხება?

- ვერ ვიტყვი, რომ ნარკოტიკთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. ახალგაზრდობის წლებში იყო პერიოდი, როცა მარიხუანას ვეწეოდი, ალკოჰოლზე ნაკლებად მავნეა, მაგრამ არ მომწონდა, დროს გპარავს, გადუნებს. სამყაროს ფხიზლად ყურებას არაფერი სჯობია. გააგრძელეთ კითხვა