"მეექვსე წელია, მეორე ქორწინებაში ვიმყოფები და ბედნიერი ვარ...ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს" - კვირის პალიტრა

"მეექვსე წელია, მეორე ქორწინებაში ვიმყოფები და ბედნიერი ვარ...ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს"

"იღბლიანია. ყოველთვის "თათებზე" ეცება და ეს დაცემა ნაკლებად მტკივნეულია. მოუსვენარია. უყვარს მოგზაურობა, ყველაფერი უცხოური ხიბლავს. პირდაპირია, მისი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება. ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა სიამოვნებს, მასში მაღალი საზოგადოების სიყვარული ღრმად არის გამჯდარი, სნობია. მისი სასიყვარულო რომანი ხშირად ხანმოკლეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები კურდღლის (კატის) წელში დაბადებულ მშვილდოსანს, ეს კი მომღერალ სალომე კორკოტაშვილის, სალიოს ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია მაინტერესებს, მაგრამ პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია. მშვილდოსანი ვარ და ჩემი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ყოველთვის ვცნობ, ძალიან მხიარული და თავისუფალი ხალხი ვართ. 5 დეკემბერს ვარ დაბადებული. ამ დღეს დაიბადა უოლტ დისნეიც. ეს რომ გავიგე, ძალიან მესიამოვნა. ჩემთვის საყვარელ შემოქმედებს შორის, ბევრი მშვილდოსანია.

- ასტროლოგები ამბობენ, რომ კურდღლის წელში დაბადებული ადამიანები იღბლიანობით გამოირჩევიან. თვლით, რომ იღბლიანი ხართ?

- მეც მგონია, რომ იღბლიანი ვარ. პანდემიის გამო ისეთი სიტუაციაა, ხელოვანი ადამიანები შინ სხედან, სცენაზე გასვლის და საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა გადაცემა "ვოისი", მადლობა ღმერთს, რომ დაკავებული ვარ, ვფიქრობ მუსიკაზე. სწორედ მუსიკამ ამომიყვანა იმ ჭაობიდან, რასაც ლოკდაუნი ერქვა. მიხარია, რომ საქმე მაქვს.

- რთული სიტუაციებიდან გამოსავალს იოლად და უმტკივნეულოდ პოულობთ?

- ყოველ დაბლა დაშვებას ჩემებურად ვუყურებ. ვიცი, საკუთარ თავში ჩაღრმავება უფრო დიდ საშუალებას მოგცემს, რომ ადვილად იფრინო. ყოველი დაშვება გამოცდილებად უნდა აქციო და რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად ფეხზე უნდა დადგე. მე ასე ვცხოვრობ. 11 წლის შვილი მყავს, ზუკა და მნიშვნელოვანია, როგორ მოვიქცევი, რამდენად ძლიერი ვიქნები. უფლება არ მაქვს, სუსტი დედა ვიყო.

- მოუსვენარი ხართ?

- ძალიან. მაკიაჟს ან ვარცხნილობას რომ მიკეთებენ, ერთი სული მაქვს, როდის ავდგები, გაჩერება ძალიან მიჭირს, მაგრამ სიმშვიდის მოპოვება მედიტაციამ მასწავლა. მედიტაცია ბევრმა არ იცის ან ზედაპირულად იცის. დღის განმავლობაში 9 საათი ლოტოსის ფორმაში ჯდომა, სუნთქვაზე ფიქრი სხვა რამეა, მედიტაციის 10-წუთიანი პროცედურა არაფერია. ეს პროფესიონალებმა მასწავლეს. მედიტაცია ლოკდაუნის დროს ძალიან გამომადგა. დილით 6 საათზე ვდგებოდი, ვიწყებდი მედიტაციით, მერე ვაკის პარკში მივდიოდი, ვვარჯიშობდი. ფიზიკურმა დატვირთვამ დეპრესიისგან მიხსნა. ვიცი, ბევრ ხელოვანს შინ გამოკეტვა ძალიან გაუჭირდა. მოუსვენრობა მედიტაციამ დამაძლევინა, ყველაფერი სუნთქვაზეა დამოკიდებული; ღრმად სუნთქვას თუ დაიწყებ და კონცენტრაციას სწორად სუნთქვაზე გააკეთებ, მაშინვე გაწონასწორებული გახდები.

- "მას უყვარს მოგზაურობა, ყველაფერი უცხოური ხიბლავს".

- მოგზაურობა ჩემი ცხოვრების ნაწილია. ნეპალს, ინდონეზიას, სინგაპურს სხვა ხიბლი აქვს, ევროპის ქვეყნები სხვა "ხილია". ამერიკა ის ადგილია, სადაც თავს სხვაგვარად ბედნიერად ვგრძნობ, განსაკუთრებით - ნიუ-ორლეანში. იქ არის ქუჩები, სადაც მხოლოდ მუსიკა ისმის, შეგიძლია შეუერთდე და იმღერო. მოგზაურობა იმდენად მიყვარს, 25-საათიანი ფრენაც კი არ არის პრობლემა. ძალიან მიყვარს ახალი კულტურის, ახალი სამზარეულოს, მუსიკის, ხალხის გაცნობა. 21 წლის ვიყავი, მოგზაურობა რომ დავიწყე, პატარა გოგო ფულს ვაგროვებდი და ჩემი შემოსავლით ვმოგზაურობდი.

- "მშვილდოსანი საუბრის დროს ძალიან პირდაპირია, მისი სიტყვა მიზანს ისარივით ხვდება".

- ეს ცოტათი საშიში თვისებაა. ვთვლი, რომ სამართლიანი ვარ. მწარე სიმართლის თქმა ხშირად მჩვევია. მეგობრებს არაერთხელ უთქვამთ, დაგვინდეო, მაგრამ დრო გასულა და ჩემი იმდროინდელი საქციელის თუ სიტყვების სიმართლეში თავად დარწმუნებულან. ვამჯობინებ, მეც მწარე სიმართლე მითხრან, ვიდრე მომატყუონ.

- "ის ძალიან რომანტიკული და ვნებიანია".

- უზომოდ რომანტიკული ვარ. ძალიან მიყვარს სიურპრიზების მოწყობა. ჩემი მეუღლისთვის ისეთი სიურპრიზები მომიწყვია, თავადაც შოკირებული დარჩენილა. ერთ ამბავს გავიხსენებ: მისი დაბადების დღე იყო, მრავალსართულიანი შენობის ბოლო სართულზე ავიყვანე, ვითომ იქ რაღაც ხდებოდა, მეგობრებს წინასწარ ავატანინე მაგიდა, ავიყვანე მუსიკოსები, მეგობრები მიმტანებად ავამუშავე... ძალიან ლამაზი, რომანტიკული ვახშამი გამოგვივიდა. უცხო ქვეყანაში მოულოდნელად არაერთხელ გავფრენილვართ. რომანტიკა ჩემი ცხოვრების წესია, ურთიერთობას სინათლე და სითბო ემატება.

- "მშვილდოსანი შინაგანად მარტოსულია, ეს კი ხშირად მისი იდეალისტობის შედეგია".

- მარტოსულობის განცდა ხშირად მქონია, მაგრამ ეს განცდა იმ დროს მუსიკაში გადამაქვს. მივდივარ ინსტრუმენტთან და მუსიკის წერას ვიწყებ. საინტერესო მელოდიები გამოდის. სევდიანობისას მეტად ემოციური ვარ, სხვა იმპულსები მოდის. საინტერესოა, ასეთი მარტოსულობის განცდის ხელოვნებაში გადატანა და არა - ტრაგიზმში.

- "შემოქმედებით საქმიანობაში ის ხშირად ვერ ახერხებს გაექცეს მიმბაძველობას, ნიჭიერი ადამიანების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა".

- ნიჭიერი ადამიანების მოსმენა ძალიან მსიამოვნებს, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ხშირად ვუსმენ მათ ინტერვიუსაც, ვაკვირდები ჩაცმის სტილს, მანერებს... მერე ცოტ-ცოტას ყველასგან ვიღებ.

- "სანახევროდ გაკეთებულ საქმეს იმ იმედით ტოვებს, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება".

- საქმის შუა გზაში მიტოვება წლების წინ ჩემი თვისება იყო. მერე მივხვდი, ასე კარგი არაფერი გამოვიდოდა და გადავეჩვიე.

- "მუდმივად აქვს სურვილი იხეტიალოს".

- ხეტიალი ყველაზე კარგი რამ არის. სანამ პროდიუსერები დამიკავშირდებოდნენ და "ვოისიდან" შემოთავაზებას მივიღებდი, კვარიათში წავედი. იქაურობა ძალიან მიყვარს, მეგობრები მყავს. მესიამოვნა ზღვის მოსმენა. ზაფხულისთვის რაჭის მონახულებას ვგეგმავ. სამწუხაროდ, იქ ჯერ არ ვყოფილვარ. სვანეთზე ვგიჟდები. საქართველო ძალიან მიყვარს, ყველა კუთხე თავისებურად გამორჩეული და ლამაზია, სულ უნდა შემოვიარო.

- "ხშირად მისი სასიყვარულო რომანი ხანმოკლეა".

- ვერ ვიტყვი, რომ ხანმოკლეა. ჩემი პირველი ქორწინება 6 წელი იყო და ბედნიერი ვარ, რომ ზუკა მყავს, ძალიან კარგი შვილია. უკვე მეექვსე წელია, მეორე ქორწინებაში ვიმყოფები და ბედნიერი ვარ. - თქვენი მეუღლე ვინ არის? ამ თემაზე საქვეყნოდ ნაკლებად ლაპარაკობთ.

- იმიტომ, რომ თავად მთხოვს. არ უნდა, მასზე ვილაპარაკო, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ის ინგლისელია, რიჩარდი ჰქვია.

- ახლა საქართველოშია?

- დიახ.

- ჩვენს ქვეყანაზე რას ამბობს, მისთვის თვალში საცემი რა არის?

- ძალიან მოსწონს საქართველო. გაოცებულია, გაჭირვების დროს როგორ ერთიანდებითო. მოსწონს, საქველმოქმედო კონცერტები რომ ტარდება ან ვიღაცის გადასარჩენად გახსნილია ანგარიში. ჩვენ ზოგიერთის თვალში სხვაგვარი ხალხი ვართ, თითქოს ერთმანეთსაც არ ვინდობთ, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა და ბოლო ლუკმის გაყოფა შეგვიძლია.

- "ელიტური ჭორების ეპიცენტრში ყოფნა უყვარს. ამ ადამიანში ღრმად არის გამჯდარი მაღალი წრის საზოგადოების სიყვარული. შეიძლება ითქვას, რაღაც დოზით სნობია".

- შეიძლება ვიღაც ჩემზე ასე ფიქრობდეს, ვიღაცას კი სრულიად საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს.

- თავად როგორ ფიქრობთ?

- მე მგონია, რომ ჰიპი ვარ, სულ სიყვარულზე ვლაპარაკობ და ეს ნიღაბი არ არის. შემიძლია ვიმეგობრო მეეზოვესთან, ბიზნესმენთან - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს რა პროფესია ან განათლება აქვს. კარგი ადამიანი თუ არის, ის ჩემი მეგობარი იქნება.

- "იშვიათად გამოდის წონასწორობიდან, არ ახასიათებს აფექტური ქმედებები".

- მართალია. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, როცა ყველა ელოდა, გავბრაზდებოდი, ყვირილს დავიწყებდი, მაგრამ ამ დროს რაღაცნაირი სიმშვიდე მეუფლება, იმ ადამიანს ვუღიმი და ვუბოდიშებ, რამე თუ ვაწყენინე. ჩხუბი არ მიყვარს, არ შემიძლია.

- "ყველაზე მეტად სკანდალი და ხმაურიანი გარჩევები ეზარება".

- იმიტომ, რომ ძალიან ვიძაბები. ვცდილობ, ყოველგვარი უთანხმოება მშვიდად მოვაგვარო, გარშემო ისევ სიყვარული რომ ტრიალებდეს და არა - უაზრო დაძაბულობა.

- "ყოველთვის იცის, რა უნდა და მისთვის სასურველი ნივთი, ადამიანი როგორ მოიპოვოს".

- ეს ალბათ გამართლებაზეა, ინტერვიუს დასაწყისში რომ იღბლიანობაზე ვილაპარაკეთ. ჩემთვის სასურველზე ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ, თითქოს ჩემს სურვილს კოსმოსში ვუშვებ და მერე ყველაფერი გამოდის.

ჟურნალი "გზა"

თამუნა კვინიკაძე