"ვაშა-ურა" ქუთათურად
ამ ქუჩაზე გზას ლამის წელიწადი არემონტებდნენ. ერთბაშად გადათხარეს ყველაფერი, - აღარც მანქანა გაატარეს და აღარც ფეხით მოსიარულე. მოსეირეები მაინც ახერხებდნენ ბლოკირებულ ტერიტორიაზე შეღწევას და ამაოდ ცდილობდნენ ზანტად მომუშავე გზის მშენებლებისგან ინფორმაციის მოპოვებას:
- როის დააყენებთ საშველს ამ გზის გახსნას, ბიძიებო?! - სტალინივით აპლაკუნებდა ყალიონს მოხუცი ოტია.
- მე მევესტრები, თუ იცით?! - თავისი თავი ედარდებოდა მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ამბროსის.
- თუ არ დეიწევი უკან, ბაბუა, ჩაგითრევს მაი მიწაყრილი და გზის გახსნას კი არა, სიკვდილს ვერ მოასტრებ, ისე დაგმარხავს ცოცხლათ! - შეუღრინა შვილიშვილის ტოლა მსუქანმა ბიჭმა, კომბინეზონში კარლსონს რომ ჰგავდა.
- ქვაფენილს აგებთ თუ ასვალტს?! - არ ასვენებდა ცნობისმოყვარეობა ოტიას.
- თეთრ კაფელს ვაგებთ! - იყო "ამომწურავი" პასუხი.
- რავაა, ბიჭებო, საქმე, ადგება საშველი გზას? - იკითხა იღლიაში ლავაშამოჩრილმა ოლიამ, - მოვკვტი შემოვლითი გზით სიარულით, მაღაზიაში მისვლამდე ქე მავიწყდება, რა უნდა მეყიდა.
- პური თუ იყიდე, მეტზე მაინც არ გეყოფოდა შენი პენსია! - "დაამშვიდა" ამბროსიმ და ფრთხილად ჩავიდა მიწაყრილიდან. ოტიამაც მას მიჰბაძა.
წლისთავზე ხმა გავარდა ქალაქში: გზა საზეიმოდ იხსნება, ხვალ მთავრობის კაცები ჩამოდიენ, შეიძლება პრეზიდენტმაც ქე შემოგვიაროს ლენტის გასაჭრელადო! - და ვინ დაასწრებდა ოტიას და ამბროსის მოვლენათა ეპიცენტრში მისვლას. ამბროსიმ თავისი მედლებიც კი დაიკიდა მკერდზე, წინადღეს საგანგებოდ გაწმენდილ-გაპრიალებული.
იმ დროს მივიდნენ, ლენტების შებმას რომ ამთავრებდნენ საგანგებოდ დაგვილ-გადარეცხილი ქუჩის დასაწყისში:
- უბრალო ასვალტი დოუგიათ! - გაწბილებული დარჩა ოტია.
- თვალი მატყუებს თუ მართლა ახლავე გაბზარულია! - შუბლი მოიჩრდილა ამბროსიმ.
ახლოდან მოინდომეს შემოწმება და ლენტიანი რკინის პალო გვერდზე მისწიეს:
- რას შობით, თუ იცით! - წინ გადაუდგათ ახალგაზრდა ჩინოვნიკი.
- რა იყო, გევივლით, შევამოწმებთ, რა გაკეთდა! - წარბები შეკრა ოტიამ.
- თქვენ გვაკლიხართ ახლა რევიზიად, ისედაც ძლივს დავამსგავსეთ გზა ახალს! - ნაჩქარევად სიტყვა მიუგდო ბიჭმა და ვიღაცას გასძახა: - რას შობით, ჩართეთ შადრევანი დროზე, თვარა, შემოვიდნენ სტუმრები ქალაქში და მოგვეჭრა თავი!..
- მოშობილია წყალი, მარა არ მიდის შადრევნამდე, საცხა იკარგება გზაში! - გამოეპასუხა იქიდან ვიღაც.
- ფუ-უ, დეგექცათ ოჯახი! - წამოჭარხლდა ახალგაზრდა ჩინოვნიკი, - მთელი წელიწადი მაგ ხუთ ტრუბას ასვარკებდით ერთმანეთს და წყალი თუ არ გადის შით, ვირთხებს დოუტოვეთ საძრომიალოდ?!
ამასობაში შემოგრიალდნენ ქალაქში დედაქალაქიდან ჩამოსული მთავრობის კაცები. ამჯერად პრეზიდენტი არ ახლდათ...
- ეს გზა თქვენია, ძვირფასო ქალაქელებო, თქვენზე ფიქრისა და დაუღალავი შრომის შედეგიაო, - რიხით ამცნო შეკრებილთ თბილისიდან ჩამოსულმა ახალგაზრდა ჩინოსანმა.
- უი, მოგვეჭრა თავი! - დაჭყიტა თვალები ამბროსიმ და ოტიას იმ ბზარისკენ გაახედა, ასფალტზე რომ შენიშნეს ცოტა ხნის წინ, - შეხედე, რავარმა წყარომ ამოხეთქა...
- მაი ალბათ შადრევნის წყალია და ნეტაი თელი ძალით არ ამოხეთქავდეს! - ის იყო შიში გამოთქვა ოტიამ, რომ ბუჰო, - იფეთქა მიწამ და იმოდენაზე ავარდა წყლის ჭავლი, ერთად დაბანა თავ-პირი თბილისელ სტუმრებსაც და მათ მასპინძლებსაც...
ისეირა ხალხმა და იხალისა. ატყდა ხარხარი და ტაშისცემა. წინ სტუმრები გარბოდნენ და უკან მასპინძლები მისდევდნენ...
იმავე საღამოს ხელახლა გადაიკეტა ქუჩა...