"ასე გამოვიდა, რომ ერთმანეთი შევინარჩუნეთ, ჩვენ პატივს ვცემთ ოჯახს, საკუთარ თავებსა და სიყვარულს" - კვირის პალიტრა

"ასე გამოვიდა, რომ ერთმანეთი შევინარჩუნეთ, ჩვენ პატივს ვცემთ ოჯახს, საკუთარ თავებსა და სიყვარულს"

ჰოლივუდში ცოტას თუ შეუძლია თავის სიყვარულზე იტრაბახოს და თამამად თქვას, რომ ცხოვრებაში გაუმართლა. ამერიკელი მსახიობები უილიამ დენიელსი და ბონი ბარტლეტი იმ იღბლიანთა სიის სათავეში არიან, რომელთაც თავიანთ სიყვარულზე საუბარი უსასრულოდ შეუძლიათ. უბერებელი წყვილი უკვე სამოცდაათი წელია ერთად ცხოვრობს. ცნობილ პერსონაჟ "მისტერ ფინიდან" საუკეთესო ქმრობამდე ერთი ნაბიჯიც საკმარისი აღმოჩნდა და დენიელსი მსოფლიოს შეუყვარდა.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზეა დამყარებული, ბონი ჩემზე ჭკვიანია და ეს მაძლიერებს" - თქვა უილიამ დენიელსმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

სხვა შეყვარებული მსახიობების მსგავსად, მათი ისტორია გადასაღებ მოედანზე არ დაწყებულა, ბონი და უილიამი ერთმანთს უნივერსიტეტში შეხვდნენ. 93 წლის დენიელსს მეუღლესთან შეხვედრა ახლაც ახსოვს, როგორც თვითონ იხსენებს, მეუღლე პირველად უნივერსიტეტის აუდიტორიაში დაინახა, ლექტორი სტუდენტებს მიმართავდა, როდესაც ბონიმ კონკეტულ საკითხზე თავისი აზრი გამოთქვა და მთელი აუდიტორიის ყურადღება ქერა ქალბატონის ნაზმა ხმამ და მომხიბვლელმა გარეგნობამ მიიპყრო.

"ლექციის დასრულების შემდეგ, კართან დაველოდე, როდესაც აუდიტორიიდან გამოვიდა, მივედი დ ვკითხე, რას ფიქრობდა ერთად ყავა რომ დაგველია, ბონიმ მაშინვე მომახალა, რომ არ მოვეწონე, მისთვის დაბალი ვიყავი, გავბრაზდი და ვუთხარი, კარგი რა, ეს ხომ მხოლოდ ყავაა, ერთი ჭიქა დავლიოთ მეთქი და ისიც დამთანხმდა" - იხსენებს უილიამი.

ერთ ჭიქა ყავაზე შეხვედრილი წყვილის ურთიერთობა მალევე სიყვარულში გადაიზარდა, ერთი კურსიდან წყვილმა ბროდვეიზე გადაინაცვლა და უილიამი ბონისთან ერთად წარმატებული მსახიობი გახდა. 1951 წელს დენიელსმა საყვარელ ქალს დაქორწინება შესთავაზა, ბონი წამითაც არ დაფიქრებულა და როგორც ჩანს, ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯიც გადადგა.

1980 წელს დენიელსმა სატელევიზიო სერიალში "ბიჭი ხვდება სამყაროს" (Boy meets world) ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა, სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ცნობილი პერსონაჟი "მისტერ ფინი", რომლითაც მსახიობმა სახელი გაითქვა და 2000-იანი წლების დასაწყისში უილიამი პოპულარობის ზენიტში აღმოჩნდა. სერიალში ეპიზოდური როლი შეასრულა ბონიმაც და საზოგადოებამ "მისტერ ფინის" რეალური სიყვარულის ისტორია მოისმინა.

სერიალის დასრულებიდან უკვე 20 წელზე მეტი გავიდა, ამერიკაში კი "მისტერ ფინი" კვლავ ისე უყვართ, როგორც წლების წინ. დენიელსი ხშირად ამბობს, რომ ვერ ხვდება ხალხის სიყვარული როგორ დაიმსახურა.

"მას არ ესმის, თუ რატომ უყვართ ის ასე ძლიერ. უილიამი ბედნიერია იმით, რა გზაც გაიარა. დენიელსი იმ ხალხს ყოველთვის თბილად იხსენებს, რომელიც გადასაღებ მოედანზე მას გვერდში დაუდგა" - ამბობს ბონი ერთ-ერთ ინტერვიუში.

2007 წელს ჟურნალ "ფიფოლთან" უილიამმა და ბონიმ თავიანთ ქორწინებაზე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს, წყვილმა ყველა სირთულე და ბედნიერი მომენტი გაიხსენა.

ქორწინებიდან რამდენიმე წელში, როდესაც დატვირთული გრაფიკის შემდეგ წყვილმა ცოტა ამოისუნთქა, შვილებზე ფიქრი დაიწყეს და 1961 წელს პირველი ბიჭი შეეძინათ, მაშინ ამერიკა ბონისა და უილიამსს შვილის დაბადებას ულოცავდა, თუმცა 24 საათში ჩვილი დაუდგენელი დიაგნოზით გარდაიცვალა და ტრაგედიამ წყვილის ცხოვრება გაანადგურა. ბონის მას შემდეგ შვილი აღარ ყოლია, ამ ტრაგედიიდან რამდენიმე წელში უილიამმა და ბონიმ ორი ბიჭი იშვილეს, მაიკლი და რობერტი საკუთარ შვილებად გაზარდეს და კინოინდუსტრიაში სანიმუშო კინოპროდუსერებად აქციეს.

თუ ვინმე ქორწინებისთვის ჯილდოს იმსახურებს, უთქმელად ეს ჯილდო დენიელსა და ბარტლეტს ეკუთვნის, როგორც ჰოლივუდში ამბობენ, წყვილი ერთმანეთს საოცრად ჰგავს, ისინი არასდროს ჩხუბობენ, მოთმინებით, წყნარი საუბრით აგვარებენ პრობლემებს და ერთმანეთის პატივისცემას არადროს ივიწყებენ.

"ასე გამოვიდა, რომ ერთმანეთი შევინარჩუნეთ, ჩვენ პატივს ვცემთ ოჯახს, საკუთარ თავებსა და სიყვარულს, ვცდილობთ ყველგან ერთად ვიყოთ" - აღნიშნა ბონიმ "ფიფოლთან" ინტერვიუში.

ქორწინების 65 წლის იუბილეზე ბონის ჰკითხეს თუ რა მოსწონდა უილიამში:

"მე ის მაცინებს, მისი იუმორი შეუდარებელია, შეუძლია მთელი დღე არ მოგაწყინოს, შენზე იზრუნოს და თავისი პრობლემები გვერდზე გადადოს" - აღნიშნა მსახიობმა.

1986 წელს დენიელსმა ემის ჯილდო მიიღო, 1987 წელს ჯილდო ბონიმაც მოიპ0ვა და სამადლობელ სიტყვაში, საჯაროდ უილიამს ბედნიერი ცხოვრებისა და კარგი ქმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მსახიობი ყოველთვის აღნიშნავს, რომ უილიამი შესანიშნავი მამა და კარგი ადამიანია, რომ მას გაუმართლა და ბედნიერია ცხოვრებით, იმ დღით, როდესაც სწორ დროს სწორი ადამიანი იპოვა. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)