"კუჭუჭ, ცოცხალი ხარ, ბიჭო?"
28-09-2009
როცა ვარო სადმე მიდის, ნახევარ სოფელს მაინც ესმის მისი ხმამაღალი გაფრთხილება:
- ბიჭო, კუჭუჭ, ჭკვიანად იყავ და თავს არაფერი მოსწიო. დაჯე ტახტზე და უცქირე ტელევიზორს - არც სერიალი გამოგრჩეს, რომ მერე მომიყვე. ცეცხლს ნუ დაანთებ, სადილიც ცივად ჭამე, არაფერი გიჭირს... შენი ამბავი რო ვიცი, გაზის ბალონი აგიფეთქდება...
თქვენ გგონიათ ვარო, ზურგზე რომ ვირის საპალნესავით უზარმაზარი ჭრელი ჩანთა მოუგდია და ბაზარში გარბის, რომელიმე შვილიშვილს დარდობს? სულაც არა - ასე ქმარზე დარდობს,
კოტეზე, რომელსაც კუჭუჭის ეძახის და სოფელმა მოსიარულე ხიფათი დაარქვა. ახალგაზრდობიდანვე უხეირო ყოფილა. ციდან ვარსკვლავი რომ მოწყვეტილიყო, ისიც მას დაეცემოდა თავში, მაგრამ ბედს კი არ სწევდა, თავს გაუტეხდაო...
ახლა 75 წლისაა და მაინც ყველა უცნაურობა მას უნდა დაემართოს. საკუთარ ქორწილშიც კი თაბაშირდადებული ფეხით იჯდა თურმე. დიდი
ამბით გამოურთმევია ბიძაშვილისთვის თეთრი ცხენი - ჩემს ვაროს  უფლისწულივით უნდა მივადგე კარსო. ბავშვების ყიჟინას კი, - სიძე მოვიდაო! - ისე დაუფრთხია ცხენი, ძირს გადმოუგდია "უფლისწული".
ბიჭის დაბადებას კიდევ მარჯვენა თვალი შესწირა. გადმოუღია ძველებური დაჟანგული დამბაჩა და რომ არ გაისროლა, ლულაში ჩახედა თურმე. იმ ოხერმაც ამ დროს იჭექა და თვალი რომ ამოუღეს, ექიმმა მის ახლობლებს მიულოცა, - უფალს სანთელი აუნთეთ, ბეწვზეა გადარჩენილიო!..
შუშის თვალი ვერ იგუა და დღემდე ილიკო ბრუციანს ეძახიან, ცალ თვალზე აფარებული შავი ნაჭრის გამო...
რომ კოჭლობს, ხეზე ასვლის ბრალია - ერთადერთხელ აუგზავნია ხეზე მეზობლის ქალს, როზას, აბრეშუმისთვის ნდომია ძველ თუთაზე, კენწეროში შერჩენილი ფოთოლი და სავსე ტომარა რომ გადმოაგდო, თვითონაც დაუპირებია გადმოყოლა, ფეხი კი ტოტებს შორის მოჰყოლია. ეგ კიდევ არაფერი, მარჯვენა ყურიც არა აქვს. ნათესავის ქორწილში ჩხუბი ამტყდარა და მოჩხუბრებს შორის ჩამხტარა გასაშველებლად, - შვილის ტოლებს ერთმანეთს ხომ არ დავახოცვინებდიო?! ისინი კი გადაარჩინა, მაგრამ რომელიღაცამ ალესილი ჯაყვით ყური ჩამოათალა.
ამის შემდეგ ეზოს გარეთ აღარ უშვებს ქმარს ვარო, ეგ კი არა, ეზოში მყოფსაც წამდაუწუმ დაეძებს. ერთხელ ნასვამი, "საჭირო საქმეზე" გასულა და აღარ დაადგა თურმე მის დაბრუნებას საშველი. ნამძინარევ ვაროს ხალათი მოუსხამს და გაუკითხავს, მაგრამ... ვის ეძებ, სად დაგკარგვია! ნახევარი სოფელი გააღვიძა თურმე, სად არ ეძებეს, მაგრამ "გაქრა" კაცი.
ალიონზე მოესმათ თურმე კოტეს ძახილი:
- მიშველეთ, ხალხო-ოო!..
მიჰყვნენ ხმას და ეზოს ბოლოში გათხრილ, გაუქმებულ ჭას მიადგნენ.
მოკლედ, კოტე იმ ჭაში ჩავარდნილიყო და... დასძინებია. დილითღა აუტეხავს განწირული ყვირილი...
- გაუქმებულ ჭასთან რაღამ მიგაბოდიალა, ჩემი ცოდვით სავსევ?! - შესტირა თურმე ცოლმა.
- აღარ მახსოვდა, რომ წყალი აღარ იყო შიგ, დასიცხულზე გულის გაგრილება მომინდაო...
ამის შემდეგ ქმარს ხან შვილიშვილებს აბარებს სადმე მიმავალი ვარო და ხანაც მეზობლის ქალებს.
შინ დაბრუნებული მიუახლოვდება თუ არა ეზოს, შორიდანვე იწყებს ყვირილს:
- კუჭუჭ, ბიჭოო-ო, გამო, დამენახე, რომ არც წყალს წაუღიხარ და არც ცეცხლს დაუწვავხარ, რომ მზე არ დაგიბნელებია ჩემთვის!..
ძალიან უყვარს ვაროს ქმარი და როცა ამას ეუბნებიან, ეღიმება:
- ხომ იცით, დედას სნეული შვილი რომ სხვაზე მეტად უყვარს?! ჩემი ამბავიც ამას წააგავს, - ჩემი უხეირო ქმარი სიცოცხლეს მირჩევნიაო...
ახლა კოტეს აღარ ჰკითხავთ?!
ცოლს ბაჯაღლო ოქროს ეძახის, - სხვის ხელში დიდი ხნის დამარხული ვიქნებოდიო...

nino
22 სექტემბერი 2010 21:02
თქვენ გაიხარეთ ინგა. ძალიან კარგ სტატიებს წერთ. სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ყველა სტატიას. გღმერთმა დაგლოცოთ.

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები