"მინ­დო­და, ამ სივ­რ­ცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც მას ეკუთ­ვ­ნო­და" - ლანა ღოღობერიძის აქამდე უცნობი გატაცებები და სახლი საინტერესო მოგონებებით - კვირის პალიტრა

"მინ­დო­და, ამ სივ­რ­ცე­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორც მას ეკუთ­ვ­ნო­და" - ლანა ღოღობერიძის აქამდე უცნობი გატაცებები და სახლი საინტერესო მოგონებებით

"ინტერიერს ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ჩემთვისაც რაღაცას განსაზღვრავს, უპირველესად, იმ განწყობილებას მიქმნის, რომელიც ჩემი შინ ყოფნის ხასიათს განაპირობებს", - გვეუბნება კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ შინ, ვერაზე ვესტუმრეთ.

ქალბატონი ლანა ცხოვრობს სახლში, სადაც წარსული, ტრადიციები და თანამედროვეობა ერთმანეთს ბუნებრივად ერწყმის. რეჟისორს ყველა ნივთი უყვარს, რომელიც იქ არის დაცული, ზოგიერთი კი, როგორც ამბობს, მთელ მის ცხოვრებას განასახიერებს... ამ სახლში მისვლა ყველას უხარია.

- მნიშველოვანია ასევე მოგონებები, რომელიც გარკვეულწილად სწორედ სახლს უკავშირდება. ეს დიდი ოთახი, რომელიც 85 კვ.მ-ია, ჩემი მეუღლის, ლადო ალექსი-მესხიშვილის (ცნობილი მხატვარი და არქიტექტორი. - ავტ.) სახელოსნო გახლდათ, აქაურობა ძალიან უყვარდა, მისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ადგილი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ბინა, რომელიც ფალიაშვილზე გვქონდა, ამ სახელოსნოს გვერდით ბინაზე გადმოვცვალეთ და ამას შევუერთეთ.

მოკლედ, ამ სახლში ყველაფერი ლადოს უკავშირდება. ჯერ ერთი, აქ მისი ნახატებია, ხომ ხედავთ, მთელი კედელი მათ ეთმობა. აქვეა ზურა ნიჟარაძის მიერ შექმნილი პორტრეტებიც, მაგრამ ლადოს ეს ჩანახატები გამორჩეულად მიყვარს. არქიტექტორისთვის ასეთი ხატვა იშვიათია...

მოკლედ, მინდოდა, რომ ამ სივრცეში ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მას ეკუთვნოდა. ავეჯიც ძირითადად ის არის, რაც მის სიცოცხლეში გვქონდა: კამოდი, სავარძლები, ბევრი რამ დიდი ლადო მესხიშვილის (მსახიობი), ანუ ლადოს ბაბუის ნაქონი საგნები და ნივთებია. ამ სკივრით მას კოსტიუმები დაჰქონდა, როდესაც გასტროლებზე დადიოდა...

სვანური ტახტი მრავალი წლის წინ სვანეთში ყოფნისას შევიძინეთ და ძალიან მიყვარს, ოსტატის მიერ ხელით შექმნილი უნიკალური ნამუშევარია.

აქ არის ცნობილი ადამიანების ნაჩუქარი ნივთები: ფარაჯანოვის თოჯინა, კოკა იგნატოვისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრები. ყველაფერს თავისი სახელი და ადგილი აქვს...

- ძალიან ძველი და კარგად შენახული ავეჯი გაქვთ...

- ეს კარადა კაკლის ხისგან არის დამზადებული. XVII საუკუნის ნივთია, სავარძლები და კამოდი ალექსი-მესხიშვილებისეულია.

- ბუხარიც არ ჰგავს თანამედროვე ნამუშევარს, ძალიან ორიგინალურია...

- მართალია, არ არის მასობრივი, როგორიც დღეს ოჯახებში აქვთ. თითქოს წიაღიდან, სიძველიდან მოდის. პირადად ლადოს ნამუშევარია, მან გააკეთა. ქვები, რომლითაც მოპირკეთებულია, სადღაც იპოვა, მოიტანა და ბუხარი შექმნა. მოკლედ, მისი შემოქმედებაა და ძალიან უყვარდა, ისე, როგორც სპორტის სასახლის, ტელეგრაფის და სხვა მისი დაპროექტებული შენობა... განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები