"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა - კვირის პალიტრა

"ვიკითხე გია ყანჩელის გარდაცვალების დრო და აღმოჩნდა, რომ ეს ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც..." - რა მისტიკური ამბავი გაიხსენა ნიკოლოზ რაჭველმა

მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "სთორი", პატარა მუსიკოსის ცოტნე ზედგინიძის შესახებ და გია ყანჩელის მისდამი დამოკიდებულებაზე ისაუბრა:

"არასდროს მომიყოლია ეს მისტიკური ფაქტი. როდესაც ცოტნეს პირველი კონცერტი დაინიშნა, ეროვნულ ორკესტრთან ერთად, უკვე სექტემბრის პირველ დღეებში გია ძალიან მძიმედ იყო. მე და ჩვენი სამეგობრო მას საავადმყოფოში ვაკითხავდით, ვნახულობდით, მაგრამ, პრაქტიკულად, საუბარი აღარ შეეძლო... იცოდა, რომ პირველ ოქტომბერს ცოტნეს კონცერტი უნდა ყოფილიყო. ეს სასწაული მოხდა - ცოტნემ მოასწრო მისი გაცნობა. ცოტნე იყო მასთან სახლში, მისთვის დაუკრა და გიამ თქვა, - ბედნიერი ვარ, ისე მივდივარ ამ ქვეყნიდან, რომ უკვე ვნახე ქართული მუსიკის შორეული მომავალიო... საავადმყოფოში გია ყანჩელთან პატარა დიალოგი მქონდა, მოიკითხა, როგორ მიდის რეპეტიციებიო?- მოვუყევი როგორი დღესასწაულისთვის ვემზადებოდით, რომ ამ ბავშვის მერე ორკესტრიც შოკში იყო. მაშინ ასეთი რამ მითხრა: "მინდა, რომ ეს დღესასწაული შედგეს და პირობას გაძლევ, რომ მე მანამდე ვიცოცხლებ". მართლაც, საოცრება მოხდა... როდესაც დამთავრდა ცოტნეს კონცერტი და ჩვენ შინ წამოვედით, ცოტნეც კონცერტის შემდგომ ჩემთან იყო, იმიტომ რომ ამ ემოციების შემდეგ ვერ დავიშალეთ...

რაღაც დროს ღამით, უცებ ცოტნემ თვალი დაადგა გია ყანჩელის მეხუთე სიმფონიის პარტიტურას და მთხოვა: - მოდი, ამ პარტიტურის თანხლებით მოვისმინოთ მე და შენო. სტუმრები ცალკე იყვნენ, ჩვენ ორნი ჩემს სამუშაო ოთახში განვმარტოვდით, გადავშალეთ გია ყანჩელის შედევრის ნოტები, ჩავრთეთ ამ ნაწარმოების ჩანაწერი და დავიწყეთ მოსმენა... მეორე დღეს, დილას გავიგეთ გია ყანჩელის გარდაცვალება და როდესაც ვიკითხე დრო, აღმოჩნდა რომ ეს იყო ზუსტად მაშინ, როდესაც მე და ცოტნე მის მუსიკას ვუსმენდით".

იხილეთ ვიდეო: