მსოფლიოს უდიდესი ძველი მოზაიკა - კვირის პალიტრა

მსოფლიოს უდიდესი ძველი მოზაიკა

მსოფლიოში ყველაზე დიდი ძველი მოზაიკა თურქეთის ქალაქ ანთაქიაში, ანუ ძველ ანტიოქიაშია. 1300 წლის წინანდელი მოზაიკის ფართობია 850 კვმ და რთული გეომეტრიული ნახატით გამოირჩევა. მოზაიკა 2010 წელს აღმოაჩინეს სასტუმროს მშენებლობის დროს. რესტავრაციის შემდეგ მისი კონსერვაციისთვის და სტუმრების მისაღებად ანთაქიაში სპეციალური მუზეუმ-სასტუმრო აიგო.

გრანდიოზული მოზაიკა, მეცნიერთა დასკვნით, ანტიოქიის ერთ-ერთი საზოგადოებრივი შენობის იატაკს წარმოადგენდა და ახ.წ. 526-528 წლების ძლიერი სერიული მიწისძვრების დროს დაზიანდა. თუმცა ასეთ მდგომარეობაში მისი ვიზუალური მხარე კიდევ უფრო ეფექტურია - საქმე ის არის, რომ მოზაიკა თითქმის დაუზიანებელი გადარჩა, მაშინ როცა იატაკის საძირკველი, რომელზეც მჭიდროდ არის დაკრული, მძლავრმა რყევებმა საფუძვლიანად დააზიანა.

ძვ.წ. 300 წელს დაარსებული ანტიოქია ძვ.წ. 63 წლამდე, ანუ რომაელების მიერ დაპყრობამდე, სელევკიდების იმპერიის დედაქალაქი იყო. იმპერია და მმართველი სელევკიდების დინასტია ალექსანდრე მაკედონელის ცნობილმა სარდალმა, სელევკოს ნიკატორმა დააარსა. ამ მეტად ენერგიულმა მმართველმა საფუძველი ჩაუყარა 16 ქალაქ ანტიოქიას და 9 ქალაქ სელევკეას. თუმცა მდებარეობის გამო დედაქალაქად იქცა დღევანდელი ანთაქია-ანტიოქია, რომელიც ხმელთაშუა ზღვასა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა. ანტიოქიის უძველეს ავტოკეფალიურ ეკლესიასთან, რომელსაც მე-3 ადგილი უკავია მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ეკლესიას. დღეს ანტიოქიის საპატრიარქოს კათედრა დამასკოშია.

ანტიოქიის აყვავების პერიოდში აქ ნახევარ მილიონამდე კაცი ცხოვრობდა და ქალაქმა იმხელა მნიშვნელობა შეიძინა, რომ ჯერ ალექსანდრიის კონკურენტი გახდა, შემდეგ კი თვით კონსტანტინოპოლისაც, როცა ბიზანტიის იმპერიის მნიშვნელობით მეორე ქალაქადაც კი იქცა.

დღეს ანთაქია მთელ მსოფლიოშია სახელგანთქმული მაღალი ხარისხის უამრავი მოზაიკით, რომლებიც მისი ქუჩების ქვეშ ძევს. ანთაქიის არქეოლოგიურ მუზეუმ ხატაიაში ინახება რომაული უნიკალური მოზაიკის მთელი კოლექცია, რომლებიც გათხრების დროს აღმოაჩინეს. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როდესაც 2010 წელს სასტუმროს მშენებლობის დროს გვიანი რომის ეპოქის მეტად შთამბეჭდავი მოზაიკა გამოჩნდა. უზარმაზარი ფართობის გამო მოზაიკამ კონსერვაციის არატრადიციული მეთოდები მოითხოვა.

საბოლოოდ არქიტექტორებმა და არქეოლოგებმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ გრანდიოზული მოზაიკა მუზეუმში კი არ გადაეტანათ, პირიქით - მუზეუმი აქ "მოეტანათ"! ასე შეიქმნა უნიკალური ჰიბრიდი: მუზეუმ-სასტუმრო.

ანთაქიის მუზეუმ-სასტუმროს ახლოს მდებარეობს ჯვაროსანთა ეპოქის წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელიც გამოქვაბულის გარშემოა აგებული და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ ეკლესიად ითვლება. ცხადია, ტურისტებისთვის ეს ყველაფერი ორმაგად საინტერესოა. მუზეუმ-სასტუმროში მნახველთათვის განკუთვნილი ვრცელი ბაქანი ღია სივრცეებით უკავშირდება ყველა ოთახს. ეს სტუმრებს უნიკალური მოზაიკის დეტალურად დათვალიერების საშუალებას აძლევს.

რამაზ გურგენიძე