მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - კვიციანების ოჯახური ბიზნესი და კავშირები - კვირის პალიტრა

მამა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი იყო, ქალიშვილი "ოცნების" პარლამენტარი გახდა - კვიციანების ოჯახური ბიზნესი და კავშირები

"ქართული ოცნების" დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა - ის ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მოადგილედ დაინიშნა. პარლამენტიდან დეპუტატის წასვლის შემდეგ ქვრივიშვილის პოზიციას სიაში ადგილმონაცვლე დაიკავებს, ეს სიის 68-ე წევრი ბაია კვიციანი იქნება.

ბაია კვიციანი მმართველი პარტიის ერთ-ერთი ახალი სახეა, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. როგორც ამბობენ, ის პარტიულ სიაში კახი კალაძის კვოტით მოხვდა, რადგან მისი და მაკა კვიციანი, ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია. როგორც მაკამ ამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, მისი და ანუკის მეგობრობა 15 წელზე მეტს ითვლის.

დები ბაია და მაკა კვიციანების მამა ორი მოწვევის პარლამენტარი კანდიდ კვიციანი გახლავთ. მდიდარი ბიზნესმენი 1964-1970 წლებში მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეთვალყურე იყო. 1976-1992 წლებში კი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. პარლამენტში პირველად 1990 წელს, მეორედ 2008 წელში მოხვდა. კანდიდ კვიციანი მესტიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გახლდათ და პოლიტიკური ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" რიგებში ირიცხებოდა.

ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კანდიდ კვიციანი "ნაციონალების" სიაში აღარ მოხვედრილა. მამის პოლიტიკური კარიერის გაგრძელება, ოღონდ უკვე სხვა მმართველ პარტიაში, როგორც ჩანს, მისმა უფროსმა შვილმა გადაწყვიტა.

დებ კვიციანებს ქართული ელიტა წლებია იცნობს, თუმცა დიზაინერ მაკა კვიციანის პოპულარობა პროექტ "მასტერშეფში" გამოჩენის შემდეგ გაიზარდა. დიზაინერია მათი დედა ნანა შუკვანიც. როგორც უკვე გითხარით, მაკა ანუკი არეშიძის უახლოესი მეგობარია და დასასვენებლადაც კი, შვილებით ერთად დადიან. მაკას სამი ვაჟი ჰყავს. მისი მეუღლე კი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილია, რომელიც 2017 წლიდან კი "მ² უძრავი ქონების" მმართველი პარტნიორი და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელია.

მაკა კვიციანი "ნიჭიერის" ჟიურიშიც იყო, თუმცა მისი მზარდი პოპულარობის მიუხედავად, "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი და, ბაია მოხვდა. დებ კვიციანებს უმცროსი ძმა, კოკა კვიციანი ჰყავთ, რომელიც საზოგადოებრივი აქტივობებით არ გამოირჩევა. გააგრძელეთ კითხვა