"ჟურნალისტების სერიაში, ჩხუბის სცენა მხოლოდ ფიზიკურად - ხელების, ჯოხებისა და ქოლგების ქნევითაა გადმოცემული" - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტების სერიაში, ჩხუბის სცენა მხოლოდ ფიზიკურად - ხელების, ჯოხებისა და ქოლგების ქნევითაა გადმოცემული"

მე-19-20 საუკუნეებში მოღვაწე ჟორჟ მელიესი კინემატოგრაფიაში ძმები ლუმიერების მიერ დამკვიდრებულ მიღწევებს ავითარებს, იგი აგრძელებს მათ ტრადიციებს და აყალიბებს საკუთარ ინდივიდუალურ სტილს. ფრანგი კინემატოგრაფი დასაბამს აძლევს კინოს მხატვრულ ჟანრს, მიმართულებას და ქმნის თხრობითი-ნარატიული ხასიათის მქონე კინოსურათებს. ჟორჟ მელიესს მიეკუთვნება მრავალი ის მიგნება, რომელიც დღემდე კინემატოგრაფიული ხელოვნების შექმნის მთავარ ტექნიკურ საშუალებებსა და ხერხებს წარმოადგენს.

ლუმიერების თანამედროვე და თანამემამულე მელიესი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო, იტაცებდა ხელოვნების თითქმის ყველა სფერო. სამსახიობო-თეატრალური ხელოვნებისაკენ კი განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა. მასზე ილუზიონისტ რობერ უდენის წარმოდგენები იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა, რომ თავადაც გადაწყვიტა ფოკუსისა და ჯადოქრობის ტექნიკა სიღრმისეულად შეესწავლა. ვიდრე კინოსთან უშუალო ურთიერთობას დაამყარებდა, მელიესმა 1888 წელს უკვე გარდაცვლილი უდენის თეატრი შეისყიდა, სადაც შემდგომ საკმაოდ წარმატებულ და ხალხისათვის საყვარელ ილუზიონისტურ ნომრებს ასრულებდა.იგი უპირატესობას საცირკო ხასიათს მქონე შოუებს ანიჭებდა.მელიესის კინოწარმოებაში ჩართვა ლუმიერების კინოსურათების დამსახურებაა.ამ უკანასკნელთა მიერ წარმოებულმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმებმა, "მოძრავმა ფოტოგრაფიებმა" შთააგონა, სურვილი გაუჩინა ილუზიონისტს, თავადაც შეექმნა მსგავსი კინო პროდუქტები. მან მალევე შეიძინა "ბაიოგრაფი" რობერ პოლისგან.

აღსანიშნავია, რომ კინო კარიერის საწყის ეტაპზე მელიესის ფილმები ძმები ლუმიერების კინოსურათების აშკარა ზეგავლენას განიცდის. მელიესი პირველ ნამუშევარს " ბანქოს თამაშს" უშვებს 1896 წელს, რომელიც სტილისტურად ძალიან ჰგავს ლუმიერების ამავე სახელწოდების მქონე ერთ-ერთ პირველ კინოსურათს. ორივე მათგანში მაგიდასთან მსხდომი სამი მამაკაცი თამაშობს ბანქოს, კადრში ჩნდება ოფიციანტიც. მელიესის კინოსურათში იდენტური სიუჟეტია, მხოლოდ ოფიციანტი ქალია, რომელიც, მართალია, თამაშის პროცესს ადევნებს თვალ-ყურს, ნაკლები ემოციური ექსპრესიულობით რეაგირებს მოთამაშეთა გადაწყვეტილებებზე. აღსანიშნავია, რომ იგი უმეტესად კამერას პირდაპირ უყურებს.

მალევე მელიესი მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებს, რაც უდიდეს გარდატეხას ახდენს კინოსურათების განვითარების პროცესში: პარიზის ქუჩის გადაღების დროს ჟორჟს აპარატში ფირი გაეჭედა, რის გამოც მცირე ხნით შეწყვიტა მუშაობა. პრობლემის გამოსწორების შემდეგ კი, როცა განაახლა გადაღება, აღმოაჩინა, რომ ირგვლივ მოცემული ვითარება შეიცვალა, სხვა სცენა დახვდა ახალი ადამიანებითა და სიუჟეტებით. მომხდარის შედეგად მელიესმა დაასკვნა, რომ შესაძლებელია სხვადასხვა სცენების გადაღება და ერთმანეთთან დაკავშირება, სიუჟეტის ცვლილება, პერსონაჟებისა და სივრცის განახლება. შესაბამისად, ამ დროიდან კინოს ისტროიაში ჩნდება მონტაჟის ტექნიკა, რომელიც ჭეშმარიტად მელიესის შემქომედებას უკავშირდება.

მონტაჟური სტილითაა გადაღებული "გაუჩინარებული ქალბატონი" 1896 წელს, რომელშიც ერთი და იმავე სივრცის ამსახველი სხვადასხვა სცენა, სხვადასხვა კადრი ებმის, მოსდევს ერთმანეთს. ამ ხერხით მელიესი ახერხებს კინოში ფოკუსის ელემენტების შეტანას.მან გადაიღო სხვადასხვა სცენა: ჯერ ქალბატონი ჯდება სკამზე, შემდეგ აჩერებს კამერას და ქალი ტოვებს გადასაღებ მოედანს, მეორე სცენას იღებს მის გარეშე. მანდილოსნის "გაქრობის" შემდეგ მხოლოდ მელიესი რჩება კამერის ობიექტივში. მელიესი სცენათა დამონტაჟების შედეგად ქმნის ქალბატონის გაქრობის იმიტაციას. ისიც აღსანიშნავია, რომ ილოზიონისტის ჯადოსნური ნაჭერი მანდილოსნის კაბას ბოლომდე ვერ ფარავს, რის გამოც კადრთა ცვლილება ჩვენი თვალისთვის შესამჩნევია. მონტაჟის საშუალებით სხვადასხვა კადრი არც თუ ისე ბუნებრივად ებმის ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ მელიესი გადაღებებს იწყებს არა პლენერზე, ღია ცის ქვეშ, არამედ ინტერიერის ფონზე, თავის კინოსტუდიაში."სთარ ფილმის" დაარსების შემდეგ 1896 წლიდან მელიესი აგებს შუშის გადახურვის მქონე სტუდიას, სადაც იწარმოება ყველა მისი კინოსურათი.იგი თავად იყო კინოოპერატორიც, მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, დეკორატორიცა და მემონტაჟეც. გააგრძელეთ კითხვა