"ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ მი­თხრა, რო­გორც კი და­გი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდიო, რომ..." - კვირის პალიტრა

"ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ მი­თხრა, რო­გორც კი და­გი­ნა­ხე, მა­შინ­ვე მივ­ხვდიო, რომ..."

ალბათ, გახსოვთ, ამ ცოტა ხნის წინ რომ დავწერეთ ქართულ-ბრიტანულ კოპროდუქციაზე, კინოფილმზე - "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით", რომლის საპრემიერო ჩვენება როტერდამის საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და - დიდი წარმატებითაც. ახლახან ფილმის პრემიერა მოეწყო მოსკოვში და სწორედ რუსულ პრესასა და ტელევიზიაში გავრცელებული ინფორმაციით შევიტყვეთ მასზე. "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით" სარეჟისორო დებიუტია რუსული წარმომავლობის მწერლისა და მხატვრისთვის - ჟუჟა დობრაშკუსისთვის, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს, მისივე დაწერილია სცენარიც. ფილმი შავ-თეთრია და გადაღებულია ქართულ ენაზე. მასში გადამღები ჯგუფიც ქართულია და - საშემსრულებლოც. რეჟისორმა ფილმში გადაიღო ქართველი პროფესიონალი და არაპროფესიონალი მსახიობები: ანასტასია დევიდსონი, ანა ჩირაძე, ალექსანდრე გლურჯიძე, ნატუკა გულისაშვილი, გულიკო გურგენიძე, ანუშა ანდრონიკაშვილი, თაკო აბაშიძე და სხვ.

ფილმის სიუჟეტი საქართველოში, კერძოდ - სამეგრელოში ვითარდება და ძველ ტრადიციას შეეხება. ფილმში მოთხრობილია ერთი პროვინციული ოჯახის ამბავი. მის ანოტაციაში ვკითხულობთ: "გარდაიცვლება ბებია, რომელიც ძალიან თავისებური და მკაცრი ქალი იყო. იგი ისეთ ცხოვრებისეულ კვალს ტოვებს, რომელიც სააქაოსა და საიქიოს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა ყველას ახსოვდეს, ვინ არის, საიდან მოდის, რისთვის ცოცხლობს და ცხოვრობს... ფილმის ცენტრალური პერსონაჟია შვილიშვილი - არიადნა (საინტერესოა, რომ მის ბებიას მედეა ჰქვია), რომელსაც ბავშობაში ძალიან ეშინოდა მკაცრი ბებიის. ამჯამად იგი უცხოეთში ცხოვრობს, მოდელია და გარდაცვლილი ბებიისთვის პატივის მისაგებად ევროპიდან საქართველოში ბრუნდება... ფილმში 21-ე საუკუნის იდეოლოგია უკანა პლანზე გადადის და ქალიშვილის მონაწილეობით ეკრანზე ძველი ტრადიცია ცოცხლდება... მას, როგორც ოჯახის უმცროს წევრს, ბებიის სულის მოსახსენებელი წესის შესრულებას დაავალებენ - საავადმყოფოდა, სადაც ბებია გარდაიცვალა, სოფლის სასაფლაომდე უნდა გაჭიმოს ძაფი, რატა ბებიის სული ცხედრის კვალს მიჰყვეს. ფილმის მთავარი გმირი ყველანაირად ეწინააღმდეგება ამ, მისი აზრით, მოძველებულ ტრადიციას, მაგრამ ბებია იმ ქვეყნიდანაც კი კარნახობს შვილიშვილს, რომ დავალება უნდა შეასრულოს..."

რეჟისორი ჟუჟა დობრაშკუსი ამბობს, რომ იგი კარგად იცნობს სახელგანთქმული ქართული კინოს დიდებულ ტრადიციებს და დაურთავს, რომ საქართველო მითიური ადგილია, სადაც ერთდროულად შეიძლება დაინახო ადამიანის წარსული, აწმყო და მომავალი. სწორედ ამიტომ შეარჩია მან ფილმის გადასაღებად ეს ქვეყანა და განმარტავს, რომ საიქიოსა და სააქაოს ამგვარად დაკავშირების კადრები რეალურ სინამდვილეს ასახავს: სამეგრელოში არის ტრადიცია, რომლის თანახმად, ადამიანის სული გარდაცვლილს აუცილებლად თან უნდა გაჰყვეს და ამაში მას გაჭიმული ძაფი ეხმარებაო...

"ბავშვობიდან ვოცნებობ მსახიობობაზე. 7 წლის ვიყავი, თეატრალურ კურსებზე რომ შემიყვანეს და, მახსოვს, უბედნიერესი ვიყავი. ეს ფილმი კი - "ბებია, ჩემი ერთადერთი სურვილით" ჩემი დებიუტი არის კინოში და ამან კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მომიტანა", - მითხრა ფილმში მთავარი პერსონაჟის - არიადნას როლის შემსრულებელმა, 17 წლის ჟღალთმიანმა ლამაზმა გოგონამ - ანასტასია დევიდსონმა. ვიდრე გავესაუბრებოდი, გვარიდან და არაქართული გარეგნობიდან გამომდინარე, უცხოელი მეგონა, ნაწილობრივ, ასეც აღმოჩნდა, მაგრამ ანასტასია ნამდვილად ქართველი გოგონაა, თბილისში ცხოვრობს, სწავლობს და სამოდელო სააგენტო "ნატალის" მოდელიც გახლავთ.

- როგორ და სად აღმოგაჩინა რეჟისორმა?

- მესამე წელიწადია, რაც "ნატალის" მოდელი ვარ. პირველად კი 15 წლის ასაკში, სწორედ იმ დღეს გამომიყვანეს თბილისის "ფეშენ უიკზე", როდესაც მას ფილმის რეჟისორი, ქალბატონი ჟუჟა დობრაშკუსი დაესწრო. თურმე, თავისი სადებიუტო ფილმისთვის შემსრულებლებს ეძებდა. განაგრძეთ კითხვა