"ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ბავ­შვი იყო, ბო­ლომ­დე სა­ნამ კარ­გად არ გა­ი­აზ­რებ­და, ნა­ბიჯს არ გა­დად­გამ­და" - კვირის პალიტრა

"ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ბავ­შვი იყო, ბო­ლომ­დე სა­ნამ კარ­გად არ გა­ი­აზ­რებ­და, ნა­ბიჯს არ გა­დად­გამ­და"

ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში, გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან", ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ისაუბრა და შვილის ბავშვობა გაიხსენა:

"მე მიშიკოს ვეძახი. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მას ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონოდა. სულ მაინტერესებდა, რას მოიფიქრებს, რა აზრის არის, რას იტყვის, როგორ მოიქცევა? როგორც ჩანს, პატარაობიდან ამას მივაჩვიე. ხშირად მესმის, რომ იმპულსურია, სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას. არადა, სხვათა შორის, ძალიან ფრთხილი ბავშვი იყო, ბოლომდე სანამ კარგად არ გაიაზრებდა, ნაბიჯს არ გადადგამდა. ახლაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოქმედებს ნაჩქარევად, მოუფიქრებლად, მაგრამ განსხვავება, იცით, რა არის? ძალიან სწრაფად ფიქრობს, მაგრამ კარგად გააზრების გარეშე არაფერს აკეთებს. მე რამდენადაც ჩემს შვილს ვიცნობ, პატარაობიდან ასე იყო... ცელქიც იყო, ძალიან უყვარდა მოძრავი თამაშები, სპორტი.

ჩვენს შორის იყო დიდი მიჯაჭვულობა. მეგობრებივით ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, სპორტი იქნებოდა თუ რა, ყველგან ერთად დავდიოდით. ფაქტობრივად, უმცროსი ძმასავით იყო, ჭკუას მარიგებდა...

არც მახსოვს სხვანაირი მიშიკო. ბავშვობიდან ჰქონდა პოლიტიკის ინტერესი. გაზეთებს რომ ვიღებდით, სხვანაირად დახედავდა ხოლმე. ძალიან ადრე დაიწყო გაზეთების კითხვა და ადრე დაიწყო სტრიქონებს შორის კითხვა, უნდობლობა... მშვენივრად ერკვეოდა, რას უნდა ენდოს და რას - არა.

გელა ჩარკვიანი იყო ჩემი პედაგოგი. ძალიან მიყვარდა და ვიცოდი გელასთან უნდა მიმეყვანა. გელასთვის ბავშვებთან მეცადინეობა დიდად საინტერესო არ იყო, იმიტომ, რომ ამ ადამიანს აქვს ფართო ინტერესები. გადმოიღო რაღაც ჟურნალი, პოლიტიკური სტატია 1-2 გვერდი. ჩვენ გვერდით დავსხედით და მიშა ინგლისურად კითხულობს ამ სტატიას. სწრაფად წაიკითხა, მერე არამარტო წაიკითხა. ამ სტატიის ანალიზი დაიწყო, მერე დაუწყო რაღაცებზე ლაპარაკი, - ეს ასე კი არ იყო, ვფიქრობ, ასე უნდა ყოფილიყოო. გელა გაკვირვებული დარჩა..."

იხილეთ ვიდეო: