"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს" - კვირის პალიტრა

"დამიკავშირდნენ, თუ დრო გაქვს, ვინსენტ კასელი რომ გადაიღოო... სამი წუთი ვუყურებდი მესიჯს"

გიორგი ქარდავა ახალგაზრდა ქართველი ფოტოხელოვანია, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, თუმცა გიორგის ფოტო ობიექტივში, არა მხოლოდ ქართველი და რუსი, არამედ მსოფლიო მასშტაბის უამრავი ვარსკვლავი მოხვედრილა... გიორგი პორტრეტისტია, რომელიც ცდილობს საინტერესო და ბუნებრივი სახეები და ემოციები გადაიღოს... თუ როგორია გიორგის წარმატების ისტორია AMBEBI.GE-ის უამბობს:

- დავიბადე წალენჯიხაში, გავიზარდე ზუგდიდში. ფოტოგრაფობა დავიწყე მესამე კურსზე, როდესაც უნივერსიტეტიდან გამრიცხეს. ერთი წელი უსაქმურად ვიყავი, მაგრამ მექსიკაში წასვლასა და დასარტყმელი ინსტრუმენტების ყიდვაზე ვოცნებობდი. ამისთვის მჭირდებოდა ფული, ხოლო ჩემმა მეგობარმა მირჩია, ამეღო ჩემი დის ფოტოაპარატი და ხალხისთვის ფოტოსესიის შეთავაზება დამეწყო. მექსიკაში მაინც ვერ მოვხვდი, ბარაბანებზე კი დღემდე ვუკრავ. პირველი ფოტოაპარატი, რომელიც ჩვენს ოჯახში გაჩნდა, მამაჩემის მიერ, ჩემი დისთვის ნაჩუქარი ნახევრად პროფესიონალური "ქენონი" იყო. ჩემი და გატაცებული იყო ფოტოგრაფიით, მე დავცინოდი: - რად გინდა ეს ფოტოაპარატი, წადი, წიგნები იკითხე და სერიოზულ საქმეს მიხედე-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ ეს ფოტოაპარატი, რომელიც მამაჩემმა აჩუქა, ჩემი გახდა და გადაღებაც დავიწყე.

- როგორ დაიწყე გადაღებები?

- ჩემთვის პირველი გადაღება დაუვიწყარი იყო. 2009 წლის მარტის დასაწყისში თოვლიან მოსკოვში გოგოს ვუღებდი, რომელმაც პორტრეტები შემიკვეთა. ფაქტობრივად, ფოტოაპარატს ვერ ვფლობდი, ისე ყინავდა, რომ 15 წუთის მეტი ვერც გავძელით. ისეთი საშინელი ფოტოები გამოვიდა, რომ დღემდე მრცხვენია. მიუხედავად ამისა, 500 რუბლის (10$) ოდენობის პირველი პროფესიონალური ჰონორარი მოვიპოვე, რითიც ძალიან ამაყი ვიყავი. გადაღებების შედეგად რაღაც პორტფოლიო რომ ჩამოვაყალიბე, შემოთავაზება მივიღე, რომ დამეწყო კლუბური ღონისძიებების და წვეულებების გადაღება. ვიღებდი სხვადასხვა ღონისძიებებს, უკვე ხალხი გავიცანი და საშუალება მომეცა, პირველი გადაღება მომეწყო ჟურნალ cosmopolitan-სთვის, შემდეგ იყო bureau 24/7, სადაც ინტერვიუებისთვის ვიღებდი ფოტოებს. 2015 წელს უკვე აქტიურად დავიწყე ცნობილ რუს სახეებთან მუშაობა, commersant-სთვის მქონდა მასობრივი გადაღება. შემდეგ რობერტ დე ნირო გადავიღე და გაგრძელდა სხვადასხვა ჟურნალებისთვის: - Esquire , harpersbazaar, GQ ... ძირითადად, გადაღება ჟურნალებისა და ბრენდებისთვის მიწევს.

- ბევრი ცნობილი სახე გყავს გადაღებული?

- გადაღებული მყავს რობერტ დე ნირო, ვინსენტ კასელი, ბეგბედერი, ბრეგოვიჩი, გატუზო, კატრინ დენევი, გორბაჩოვის 80 წლის იუბილეზე მიმიწვიეს და რამდენიმე პორტრეტი გადავუღე. ჩვენი სალომე ზურაბიშვილი 2019 წელს გადავიღე, როდესაც ვიყავი "მერსედეს ბენც ფეშენ ვიკზე" და სალომე ჯაბა დიასამიძის ჩვენებაზე საპატიო სტუმრად იმყოფებოდა. მახსოვს, ძალიან მომღიმარი სახე ჰქონდა, მე ვიდექი ფოტოაპარატით და განათებით და ვთხოვე: - ცოტა სერიოზული სახე მიიღეთ-მეთქი და მიპასუხა: - მე არ მინდა სერიოზული ვიყოო. ამას რომ მეუბნებოდა, იმ მომენტში დავიჭირე მიმიკა, რომელიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი. სულ ეს იყო - ორწუთიანი, მაგრამ დასამახსოვრებელი შეხება.

- ვინ იყო ის ვარსკვლავი, ვისთანაც პირველად მოგიწია მუშაობა?

- რობერტ დე ნირო მოსკოვში იყო ჩამოსული, თავისი ახალი რესტორნის გახსნაზე. ხუთ წუთი მქონა გამოყოფილი მისი ფოტოების გადასაღებად. ჯერ იმაზე ვინერვიულე, რომ გავიგე - დე ნირო უნდა გადავიღო. მერე იმაზე, რომ ასეთი ცოტა დრო მქონდა გამოყოფილი. პროცესში შევძელი გონება მომეკრიბა და გადამეღო. საოცარი შეგრძნებაა, როცა ბავშვობიდან ფილმებში ხედავ და უცებ აქ, შენს წინ პოზიორობს და კარგი ფოტოები უნდა გამოგივიდეს, ძალიან ამაღელვებელია, როცა დე ნიროს ეუბნები: - ასე დაჯექი, ასე მიტრიალდი, თავი აწიე... ის გისმენს და აკეთებს იმას, რასაც შენ ეუბნები. განუმეორებელი შეგრძნებაა. პოზიტიური ტიპი იყო, რომ პოზიორობდა, თან რაღაცებს ღიღინებდა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები