ყავის პირველი დეგუსტატორი თხა ყოფილა... - კვირის პალიტრა

ყავის პირველი დეგუსტატორი თხა ყოფილა...

"ჯოჯოხეთივით ცხელი, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილი", - ასე ახასიათებდა ყავას ტალეირანი. ეს უნიკალური სასმელი უამრავი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისეთივე განუყოფელი, როგორიც დილის საუზმე ან სულაც წყალი და ჰაერი. სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ყავა ენერგიის ულევი წყაროა, ის ამხნევებს და ტონუსს მატებს ადამიანს.

მის არსებობას თხებს უნდა ვუმადლოდეთ?

ყავის სამშობლოდ ეთიოპიაა აღიარებული. შემორჩენილია ლეგენდა ეთიოპიელ მწყემსზე, რომელმაც შემთხვევით გაუსინჯა გემო ყავას: დაკვირვებულმა მწყემსმა შეამჩნია, რომ ყოველთვის, როდესაც მისი თხები ერთი პატარა ბუჩქის ფოთლებსა და ნაყოფს შეჭამდნენ, თავს უფრო მხნედ გრძნობდნენ.M მწყემსმა თვითონაც გასინჯა ნაყოფი, რომელსაც უსიამოვნო გემო ჰქონდა, მაგრამ ერთი კარგი თვისება აღმოაჩნდა, ენერგიას მატებდა. მწყემსის შემდეგ ამ უცნაური ნაყოფის გასინჯვა იქვე არსებული მონასტრის წინამძღვარმაც მოისურვა. მალე კი ამ ნაყოფისაგან მომზადებულ სითხეს ბერებს ასმევდა, რომ ხანგრძლივი წირვა-ლოცვისათვის გაეძლოთ და მსახურებაზე არ ჩასძინებოდათ. ლეგენდა გვამცნობს, რომ ცოტა ხანში ყავის ნახარშის გამოყენება ჩვეულებად ექცა მონასტრის ახლომახლო მცხოვრებ მოსახლეობასაც, სულ მალე კი ამბავი გამამხნევებელ სასმელზე მთელ იმ არემარეში გავრცელდა. სასმელს, რომელსაც ყავის მარცვლებისაგან ამზადებდნენ, სახელად "კოფე" დაარქვეს, იმ ადგილის ("კაფას") სახელწოდების მიხედვით, სადაც ეს მცენარე აღმოაჩინეს.

KvirisPalitra.Geყავას წამლადაც იყენებდნენ

ყავის ისტორია სახელგანთქმული ეთიოპიელი ექიმის, შეიხ ომარის სახელთანაც არის დაკავშირებული. ერთი გადმოცემით, ყავა სწორედ მან აღმოაჩინა. ახალი წამლების ძიებაში შეიხ ომარის თვალთახედვის არეში მოხვდა ყავის ნაყოფიც, რომლისგანაც მან მარგებელი ნახარში მოამზადა. თურმე შეიხ ომარი ნახარშს თავისა და კუჭის ტკივილის დასაამებლად იყენებდა.

ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ყავა თვით წინასწარმეტყველმა მუჰამედმაც კი დააგემოვნა და მძიმე სენისაგან განიკურნა. აღმოსავლეთის ქვეყნების მკვიდრთა ყავისადმი სიყვარული სავსებით გასაგებია - კოფეინის აღმგზნები ეფექტის გამო ყავა მათთვის სპირტიანი სასმლის ალტერნატივად იქცა. როგორც ცნობილია, ყურანი სპირტიანი სასმლის დალევას კრძალავს, სწორედ ამიტომ XVI საუკუნის ბოლოს ყავამ არაბეთის უდიდესი ნაწილი დაიპყრო, ხოლო შემდეგ ევროპამდეც მიაღწია. ევროპის ქვეყნებიდან პირველ ხანებში ყავა მხოლოდ ინგლისმა არ მიიღო, უფრო კონკრეტულად კი, ლონდონის მოსახლეობამ. ლონდონელები მიიჩნევდნენ, რომ ყავა მანკიერებისა და სიბილწის სიმბოლო იყო, რადგან ადამიანს აღაგზნებდა.

უცნაური ექსპერიმენტი

XVI საუკუნის ქრონიკებს თუ ვენდობით, მეფე გუსტავ პირველმა ტყუპ ძმას, რომლებსაც ბრალად სახელმწიფო დანაშაული ედებოდათ, სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა, მაგრამ ერთი პირობით: სიკვდილამდე ერთ-ერთ მათგანს მხოლოდ ჩაი უნდა ესვა, ხოლო მეორეს - ყავა. ამ თავისებური ექსპერიმენტით სურდათ, განესაზღვრათ, რომელი სასმელი უფრო მავნებელი იყო ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ორივე ძმას ერთნაირი პირობები შეუქმნეს: თითოეულს ყოველდღიურად ასმევდნენ ყავის ან ჩაის კუთვნილ ულუფას. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ექსპერიმენტი მსჯავრდადებულთათვის საუკეთესო შედეგით დასრულდა, რადგან ორივემ დიდხანს იცოცხლა: მან, ვინც ჩაის მიირთმევდა, 83 წლამდე, ხოლო მეორემ - 87 წლამდე.

ამის შემდეგ ყავა შვედების ეროვნულ სასმლად იქცა. ევროპაში ყავის გავრცელება XVII საუკუნის შუა წლებიდან მასობრივად დაიწყო: ვენეცია, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ჰამბურგი - ყველგან იხსნებოდა ახალ-ახალი ყავახანები, რომლებიც შეხვედრების, კულტურისა და მეცნიერების მუშაკთა თავშეყრის ადგილებად იყო მიჩნეული. მათი მუდმივი სტუმრები იყვნენ ვოლტერი, რუსო, რობესპიერი, ჰიუგო, გოეთე და სხვა დიდი მოღვაწენი. XVII საუკუნის შუა ხანებში ყავა ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავრცელდა. საინტერესოა, რომ ამ მაგიურ სასმელს სხვა ხალხებთან შედარებით ხშირად მიირთმევენ შვედები, ფინელები და ნორვეგიელები. ერთ-ერთი პირველი ადგილი ერთ სულ მოსახლეზე ყავის სმის მიხედვით, სწორედ შვედებს უკავიათ.

როგორ შევარჩიოთ კარგი ყავა?

თუ ნამდვილი ყავის დალევა გსურთ, შეიძინეთ მხოლოდ მისი მარცვლები, თვითონვე დაფქვით და მოხარშეთ აღმოსავლური წესით ან სხვა რეცეპტების მიხედვით. როგორ გავარჩიოთ ნამდვილი ყავა ფალსიფიცირებულისაგან? სპეციალისტთა აზრით, ყავის ხარისხის განმსაზღვრელი მარტივი ხერხი არსებობს: ცივი წყლით სავსე გამჭვირვალე ჭიქაში ერთი კოვზი დაფქული ყავა ჩაყარეთ. თუ ყავა ნატურალურია, არ ჩაიძირება და წყლის ზედაპირზე იტივტივებს, ყალბი კი თანდათან ჩაიძირება და ფსკერზე დაილექება. ნატურალური ყავა წყალს ფერს არ შეუცვლის, ყალბში კი ყოველთვის არის საღებავი, რომლის წყალობითაც წყალი ფერს იცვლის. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს ფინჯანში აღმოჩნდება ჯადოსნური სითხე, რომელიც ჯოჯოხეთივით ცხელი, ტარტაროზივით შავი, ანგელოზივით წმინდა და სიყვარულივით ტკბილია - სწორედ ისეთი, როგორიც ნამდვილი ყავა უნდა იყოს.

ხათუნა ჩიგოგიძე