"ქორწინება მაშინებდა, ვფიქრობდი, რომ გავქრებოდი, ცოლის სტატუსი გამომკეტავდა და წინ ვერასდროს წავიდოდი" - კვირის პალიტრა

"ქორწინება მაშინებდა, ვფიქრობდი, რომ გავქრებოდი, ცოლის სტატუსი გამომკეტავდა და წინ ვერასდროს წავიდოდი"

სერიალი "სასოწარკვეთილი დიასახლისების" მაყურებელს დანახვისთანავე ეცნობა ფელისიტი ჰაფმენი, მომხიბვლელი ამერიკელი მსახიობი, ბევრისთვის კი უბრალოდ დიასახლისი ლინტერ სკავო. უკვე 24  წელზე მეტია ჰოლივუდი ფელისიტი ჰაფმენისა და უილიამ ეიჩ მეისის სიყვარულის ისტორიაზე საუბრობს. თუ როგორ შეუყვარდა მომხიბვლელ მსახიობს თავისზე ასაკით უფროსი იმ დროისთვის არც ისე პერსპექტიული უილიამი, რომელმაც საყვარელ ქალს მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

"ქორწინება მაშინებდა, იმდენად მაშინებდა რომ მერჩივნა ავტობუსს გადავდგომოდი, გათხოვება არ მსურდა"- ამბობს ფელისიტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყველაფერი უარით დაიწყო, 1980 წელს, ნიუ-იორკის ალტანტიკის თეატრში მეისი ახალგაზრდა ქალს შეხვდა, როგორც თვითონ ამბობს, ჰაფმენი ერთი ნახვით შეუყვარდა და გადაწყვიტა რომ ჯერ გაცნობოდა, შემდეგ კი თავდავიწყებით შეეყვარებინა მისთვის თავი. უილიამი ფელისიტზე დიდი იყო, გამბედაობაც უფრო მეტი ჰქონდა და გოგონას დაუფიქრებლად გაეცნო, როგორც ჩანს, თეატრში გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორი და იღბლიანი აღმოჩნდა.

"ჩვენი სასაუბრო ენა სიყვარული იყო, ერთმანეთს მალევე გავუგეთ" - ამბობს უილიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გაცნობიდან მალევე, მსახიობებმა შეხვედრა დაიწყეს, თუმცა მათი ურთიერთობა, ნელა, ძალიან ნელა ვითარდებოდა. უილიამმა ფელისიტის ცოლობა რამდენჯერმე სთხოვა, მომხიბვლელი მსახიობი კი მტკიცე უარზე იყო, გათხოვება და შვილები არ სურდა.

"ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ, მე ეს ყველაფერი მახსოვდა და ბავშვობის ტრავმა მქონდა მიღებული. არ მინდოდა გათხოვება, არც ბავშვების ყოლის სურვილი მქონდა,  მეგონა გათხოვებით ჩემს იდენტობას დავკარგავდი. ვფიქრობდი, რომ გავქრებოდი, ცოლის სტატუსი გამომკეტავდა და წინ ვერასდროს წავიდოდი"- ამბობს ფელისიტი ინტერვიუში.

შეყვარებულობიდან 5 წლის შემდეგ, მრავალმა დაშორებამ და კამათმა შედეგი გამოიღო, ფელისიტიმ უილიამს თანხმობა უთხრა და მსახიობებმა დაქორწინება გადაწყვიტეს.

"ვიფიქრე, რომ ან გავთხოვდებოდი ან უილიამს სამუდამოდ დავკარგავდი. ჩემს თავში ძალა მოვიკრიბე და ვენდე მას, ვიცოდი ის მე კომფორტს და სიმშვიდეს მომიტანდა" - იხსენებს მსახიობი.

1997 წლის ექვს სექტემბერს წყვილს პირველი შვილი, გოგო, სოფია გრეისი შეეძინათ, ფელისიტიმ ყველა შიში დაძლია და 2002 წელს მეორე გოგო ჯორჯია გრეისიც გაჩნდა.

შვილების გაჩენისა და გაზრდის პარალელურად, წყვილის კარიერაც წინ მიიწევდა, უილიამი და ფელისიტი მონაცვლეობით იტოვებდნენ შვილებს, ხელს უწყობდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს და რამდენიმე სატელევიზიო შოუსა და პროექტზე ერთადაც იმუშავეს.

"როდესაც რაიმე სპორტს ეთამაშები ადამიანს, რომელიც შენზე ძლიერია ამ სფეროში, შენი თამაშიც უმჯობესდება, ასეა სამსახიობო სფეროშიც, მიყვარს უილიამთან ერთად მუშაობა" - აღნიშნა ფელისიტიმ Closer Weekly-სთან ინტერვიუში.

2016 წელს ჰაფმენი და მეისი ერთდროულად წარადგინეს "ემმის" დაჯილდოვებაზე, წყვილი ხელი-ხელ ჩაკიდებულები გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე და ჟურნალისტებთან საუბარში თქვეს, რომ ნომინაციის მიუხედავად "ემიზე" მოსაგებად არცერთი იყო მისული.

"ემის" ცერემონიიდან რამდენიმე თვეში, ფელისიტიმ ამერიკულ მედიას თავისი და უილიამის თანაცხოვრების საიდუმლოებები გაანდო. მათ ურთიერთობაში წესები აქვთ, რომელსაც აუცილებლად დაიცავენ და ცხოვრების ბოლომდე არასდროს დაარღვევენ.

"ძილის წინ არ ვსაუბრობთ საყიდლებზე. თუ რაიმეს განხორციელება გვინდა აზრს თამამად გამოვთქვამთ, მაგალითად: მე მინდა, მე წავიდოდი, მე ასე მოვიქცეოდი და სხვა. თუ მოულოდნელად რაიმე გაგვახსენდება ვდგებით ლოგინიდან და საუბარს ვიწყებთ, ხანდახან ვხვდებით, რომ უკვე ასაკი მოგვემატა მსგავსი წესებითვის" - აღნიშნა მსახიობმა ინტერვიუში.

"ხანდახან ჩვენ ცალ-ცალკე ვრჩებით, ვპოულობთ სასტუმროს და შაბათ-კვირას მარტო ვატარებთ" - ამბობს ფელისიტი.

"კვირაში ერთხელ ასე უბრალოდ, ვსხდებით და ვსაუბრობთ. ჯერ მე ვეუბნები ჩემს სათქმელს მერე ის და სიღრმეებში ჩავდივართ. როდესაც 15 წუთი მაინც ვესაუბრები ფესილიტის ვხვდები, რომ ემოციებისგან ვიცლები და მისგანაც იგივეს ვგრძნობ" - აღნიშნავს უილიამი ერთ-ერთ ინტერვიუში.

წყვილის მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება ჰოლივუდში სამაგალითოდ ითვლება, ჰაფმენი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად ნებისმიერი რამის კეთება სიამოვნებს, ისინი ჰარმონიულად ავსებენ ერთმანეთს და თავისუფალ დროს კითხვით, სირბილითა და ფილმების ყურებით ბედნიერდებიან.  "ჩვენ ჩვეულებრივი წყვილი ვართ" - ხშირად უთქვამთ მსახიობებს მედიისთვის, თუმცა ეს პატარა ჰოლივუდური რომანი ნამდვილად გამორჩეულია, მათი დამოკიდებულება ურთიერთობასა და ოჯახზე იმაზე მეტია ვიდრე ბანალური ფრაზები სიყვარულსა და თანაცხოვრებაზე.

2017 წლის 6 სექტემბერს ჰოლივუდის ლამაზმა წყვილმა 20 წლის იუბილე აღნიშნა. ჰაფმენმა მეუღლეს ქორწინების იუბილე შემდეგი სიტყვებით მიულოცა:

"1985 წელს სახლში წამიყვანე, 1997 წელს ცოლად გამოგყევი და მას შემდეგ ყოველდღე მეგებები კარებში, მადლობა, რომ 20 წლის წინ ცოლად მომიყვანე" - დაწერა ფელისიტიმ

"20 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო ნაბიჯი გადავდგი, მე ფელისიტი ჰაფმენი შევირთე ცოლად"- დაწერა უილიამმა ტვიტერზე.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)