ამალფის ჯადოსნური სანაპირო
ამალფის ჯადოსნური სანაპირო
იტალიის ეს ერთ-ერთი საოცრება 1997 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ამალფის სანაპირო, იტალიურად კოსტიერა ამალფიტანა (Costiera Amalfitana) - მთელ მსოფლიოშია ცნობილი, როგორც დაუჯერებელი სილამაზის თვალწარმტაცი სანაპირო ზოლი სამხრეთ იტალიაში, სორენტინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში.

ამალფის სანაპიროს ტერიტორია გამოირჩევა საოცარი მრავალფეროვნებით - მეტად რთული რელიეფით, პეიზაჟების მშვენიერებით, ერთმანეთზე გადაბმული წარმტაცი ქალაქებითა თუ სოფლებით, რომლებიც გადაჭიმულია სოფელ პოზიტანოდან ქალაქ ვიეტრი-სულ-მარემდე.... ამალფის სანაპიროს სახელი ეწოდა მისი გეოგრაფიული და ისტორიული ცენტრის - ქალაქ ამალფის
მიხედვით. თუმცა დღეისთვის სანაპიროს მთავარ ქალაქს სალერნო წარმოადგენს. ამალფის სანაპიროს ყველაზე მაღალი წერტილია სოფელ პოზიტანოსთან განლაგებული პიკი მონტე-ფაიტი.

ამალფის მთელი ეს სანაპირო ზოლი მდებარეობს სამხრეთ იტალიის სალერნოს ყურეში, ტირენის ზღვაზე, და უაღრესად პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილია არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთლიანად იტალიისთვის, რომელიც ყოველწლიურად ასიათასობით
ტურისტს იზიდავს.
X-XI საუკუნეებში ამალფის სანაპიროს ტერიტორიას მართავდა ამალფის საჰერცოგო. რეგიონი სწორედ იმ დროიდან სახელგანთქმულია სრულიად უნიკალური ნაგებობებით. დღესაც მთელ რეგიონში ყველაზე უფრო სახელგანთქმულია როგორც X საუკუნის სან ჯენაროს, ასევე XI საუკუნის ამალფის კათედრალის ულამაზესი შენობები.

მოგვიანებით საჰერცოგოსა და ამალფის სანაპიროს სალერნოს სამთავრო აკონტროლებდა, შემდეგ კი 1137 წლიდან - პიზის რესპუბლიკა. ამალფის სანაპიროზე სულ ცამეტი მუნიციპალიტეტი მდებარეობს. აქ მოხვედრა შეიძლება ამალფის ერთადერთი სახმელეთო გზით "სტრადა სტატალე", რომლის სიგრძე 40 კილომეტრია და რომელიც გადის სანაპირო ზოლის გასწვრივ, აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ვიეტრი-სულ-მარედან დასავლეთით პოზიტანოსკენ.

სხვათა შორის, ქალაქი ვიეტრი-სულ-მარე ასევე განთქმულია აქ დამზადებული ულამაზესი ფერადი კერამიკული ნაკეთობებით.
ამას გარდა, ამალფის რეგიონი ძველი დროიდან არის ცნობილი ხელით დამზადებული სქელი სპეციალური ქაღალდით, რომელსაც "ბამბაგინას" უწოდებენ.
აღსანიშნავია, რომ რეგიონის ციცაბო სანაპიროები მცირე ადგილს ტოვებს სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებისთვის. ამის მიუხედავად, ეს მხარე განთქმულია ლიმონის თავისებური კულტივირებით, რომელიც თებერვლიდან ოქტომბრამდე ტერასულ ბაღებში იზრდება მთელ სანაპიროზე და რისგანაც აქაურები მთელ იტალიაში ცნობილ ლიქიორ "ლიმონჩელოს" ამზადებენ.

ამალფის სანაპიროს პოპულარულ კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს შექსპირის თანამედროვე მწერლის, ჯონ ვებსტერის ტრაგედიას "ამალფის ჰერცოგინია". ამალფის სანაპიროზე მუშაობდა ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარი მაურიც კორნელის ეშერი, რომელმაც ამ წარმტაცი სანახების უამრავი ნამუშევარი შექმნა. ამალფის სანაპირო გამოიყენა ფედერიკო ფელინიმ 1972 წლის ფილმში "რომი", ხოლო ქალაქი პოზიტანო წარმოდგენილია ჯონ სტეინბეკის 1953 წლის მოთხრობაში "პოზიტანო"...

რამაზ გურგენიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები