"ლელა სწორად მოიქცა გუკასთან მიმართებაში, რომ არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი" - რუსუდან კერვალიშვილი უცნობ ოჯახურ დეტალებზე - კვირის პალიტრა

"ლელა სწორად მოიქცა გუკასთან მიმართებაში, რომ არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი" - რუსუდან კერვალიშვილი უცნობ ოჯახურ დეტალებზე

ბიზნესმენმა რუსუდან კერვალიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ნოე სულაბერიძის გადაცემაში განვლილი ცხოვრების უცნობ დეტალებზე ისაუბრა. რუსუდან კერვალიშვილი თავისი დისშვილის, გუკა რჩეულიშვილის მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუღლეს, ლელა კილაძეს.

შეგახსენებთ, რომ გუკა რჩეულიშვილს, ლელა კილაძის მოთხოვნით, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"ვახტანგს ვეტყოდი, რომ ძალიან დიდ ძალას გვაძლევს, სადაც არის, იქიდან… ვახომ უნდა იცოდეს, რომ გუკა კარგად არის. ამას ვეტყოდი, ამას ვახარებდი. გუკა ისე კარგად არის, როგორც ძალიან ბევრი წელი არ ყოფილა… როცა გუკა დააკავეს ოჯახური ძალადობის ბრალდებით, ისეთი მძიმე რეაქცია გვქონდა… ჩვენთვის ეს იმდენად წარმოუდგენელი, მიუღებელი და შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ვიცით მისი დამოკიდებულება და ადამიანური თვისებები, მაგრამ მივხვდით, რომ ეს ადამიანი ნორმალურად არ არის… წარმოიდგინეთ, იქ მყოფი ორი ადამიანი, დედა და დეიდა, რომლებიც ვცდილობდით, სცოდნოდათ, რომ ჩვენ ვემხრობოდით, თუკი მან დააშავა და ასე იქცეოდა, მომხრე ვიყავით… ოჯახურ ძალადობას მე და მაია ვერ მივესალმებოდით. გამორიცხული არის, ეს გუკამაც კარგად იცის. მაშინ ჩვენ მივხვდით, რომ ის ადამიანი აღარ არის ნორმალური, ის გუკა არ იყო და სჭირდებოდა შველა. საფრთხეს წარმოადგენდა თავისი თავისთვის და სხვისთვისაც. როცა ადამიანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშაა, ის საფრთხეა თვისთვისაც და სხვებისთვისაც. ყველამ იცის ამის შესახებ, სამართალდამცველმა ორგანოებმა. მაიასაც ასეთი რეაქცია ჰქონდა, რომ თუ დააშავა, უნდა დაეკავებინათ, მაგრამ მაიას ჰქონდა უდიდესი განცდა, მან იცის, რომ გუკა ძალიან კარგი და გულისხმიერი ადამიანია, გულისხმიერი, გულჩვილი. იცის, რომ ძალიან უყვარს ოჯახი, შვილები და მეგობრები. შეუძლებელი იყო, რომ ეს მისი მხრიდან ყოფილიყო ადეკვატური რეაქცია. რაც მთავარია, ამ ამბავმა ის გამოიწვია, რომ თვითონ მიხვდა, სადამდე მივიდა. თვითონ მიხვდა, საკუთარი თავის გადარჩენა მხოლოდ თავად შეეძლო. ამ ეტაპზე ასეა, გადაწყვიტა, თავი მიუძღვნას იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც იგივე პრობლემები აქვთ, რაც მას ჰქონდა. ხუთი თვეა მკურნალობს და იპოვნა თავისი თავი.

როცა გუკამ ლელა კილაძის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მე პირადად მქონდა შოკი, მოულოდნელი იყო. ეს ძალიან კარგად იცის ლელამ, გუკამ და ყველამ. მე ვიცოდი გუკას და ნუცას ოჯახი და სიყვარული და ეს იყო მოულოდნელი. მაია ლელას ბავშვობიდან იცნობდა, რადგან ლელას მამა ვახტანგის მეგობარი იყო. ძალიან რთული დამოკიდებულება მქონდა მე, მაიას - ძალიან ლოიალური. გუკას ისე უყვარდა ნუცა, მეტი არ შეიძლება, მოუვიდა ასეთი რაღაც, გუკას ისე შეუყვარდა ლელა, რომ გადაეკეტა ყველაფერი… მე უფრო ძველმოდური ადამიანი ვარ და ახსნა მჭირდებოდა, აღარ ვიცოდი, რა განცდები მქონოდა და რა გამეკეთებინა.

ლელა აღმოჩნდა გუკას ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც მისი ყველაზე დიდი გაჭირვების დროს, გუკასგან ყველაფერი გადაიტანა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაიას თავისი შვილი დაუბრუნოს ცოცხალი და ჯანმრთელი. ეს არის ფაქტი. ლელამ იმდენი გადაიტანა და ისე სწორად მოიქცა გუკასთან და მაიასთან მიმართებაში… გუკასთან იმიტომ, რომ მას არ აპატია ის, რაც არ იყო საპატიებელი. მოეხმარა, რომ დაცემულიყო და ფეხზე დამდგარიყო".