მკვლელი სკატი - კვირის პალიტრა

მკვლელი სკატი

უდიდესი ზღვის სკატების - "მანტებისგან" განსხვავებით, რომელთა ზომა 7 მ-ს აღწევს, ხოლო წონა ტონა-ნახევარს, ინდოჩინეთის, ახალი გვინეისა და ავსტრალიის  მდინარეების ბინადარი ე.წ. "მტკნარი წყლის გიგანტური სკატის" სიგრძე "სულ რაღაც" 4,6 მ-ია, წონა კი ნახევარი ტონა, მაგრამ ეს უკანასკნელი გაცილებით სახიფათოა.

ის ადამიანს მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, თუ ძალიან შეაწუხეს ან ფეხი დაადგეს ფსკერზე გაწოლილს. მისი საშინელი იარაღი მძლავრი კუდია.

კუდის ბოლოზე დაახლოებით 38 სმ სიგრძის დაკბილული, მახვილისებრი ბუნიკი ჰარპუნის დანიშნულებას ასრულებს. გაბრაზებული გიგანტის ბუნიკის დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ ნავის ფსკერის გახვრეტა შეუძლია, სამიზნეს კი სკატი პრაქტიკულად არასდროს აცილებს და ადამიანს მკერდში ერთი დარტყმით კლავს. ბუნიკი იმდენად შხამიანია, რომ  დაჭრილ ადამიანს გადარჩენის ძალზე მცირე შანსი აქვს.