ლეილა და არზუ ბრიტანეთში დიდი ოდენობით თანხის გათეთრებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი - ვინ არიან და რას საქმიანობენ ალიევის ქალიშვილები? - კვირის პალიტრა

ლეილა და არზუ ბრიტანეთში დიდი ოდენობით თანხის გათეთრებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი - ვინ არიან და რას საქმიანობენ ალიევის ქალიშვილები?

ფოტოგალერეა

აზერბაიჯანის პირველი პირის - ილჰამ ალიევის ოჯახი, განსაკუთრებით კი - მისი ქალიშვილები ლეილა და აზრუ ალიევები ხშირად ხვდებიან საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და ვიცეპრეზიდენტის - მეჰრიბან ალიევას უფროსი შვილი ლეილა სხვადასხვა თანამდებობას იკავებს. ის ჟურნალ "ბაქოს" მთავარი რედაქტორობის გარდა, სხვადასხვა ფონდს ხელმძღვანელობს და, ამავე დროს, გაეროს მშვიდობის ელჩია.

ლეილა მოსკოვში 1984 წლის 3 ივლისს დაიბადა, თუმცა შემდეგ ბაქოში იზრდებოდა. თავდაპირველად, გოგონა ბაქოს #160-ე გიმნაზიაში იღებდა განათლებას, მოგვიანებით, დასთან - აზრუ ალიევასთან ერთად ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი - დიდ ბრიტანეთში სწავლობდა.

როგორც ცნობილია, ლეილა ალიევა ძალიან შემოქმედებითი ბავშვი იყო. მას ხელოვნებასთან ერთად პოეზიაც იტაცებდა და ლექსებს წერდა. მისი ერთ-ერთი ლექსი "ელეგია", რომელიც ბაბუას - ჰეიდარ ალიევს მიუძღვნა, გაზეთშიც გამოქვეყნდა, ხოლო შემდეგ სკოლებში, მე-5 კლასის სასწავლო პროგრამაშიც შეიტანეს.

2016 წელს მან ლექსების კრებული გამოსცა, რომელიც ისევ ჰეიდარ ალიევის ხსოვნას მიუძღვნა. წიგნის პრეზენტაცია მოსკოვში გაიმართა. როგორც ცნობილია, დღესდღეობით ლეილა ალიევა ისევ აგრძელებს ლექსების წერას და, პარალელურად, ფერწერითაა დაკავებული.

პირადი ცხოვრება

2006 წელს ლეილა ალიევამ "კროკუს ჯგუფის" ვიცეპრეზიდენტსა და, ამავე დროს, აზერბაიჯანული წარმომავლობის მომღერალ ემინ აგალაროვზე იქორწინა. მათ ერთმანეთი შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტზე გაიცნეს. როგორც ცნობილია, სანამ მომღერალი ლეილასთან დაიწყებდა შეხვედრას, ჯერ ილჰამ ალიევი გაიცნო და ნებართვა სთხოვა.

წყვილის ქორწილი მოსკოვის ერთ-ერთ, ყველაზე ცნობილ სავაჭრო ცენტრში გაიმართა, მათ უამრავი სტუმარი მოიწვიეს. ქორწილისთვის განათება და მუსიკალური აპარატურა დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო დარბაზის მოსაწყობად თეთრი ვარდები და ორქიდეები - ჰოლანდიიდან ჩამოიტანეს. 2008 წლის დეკემბერში ლეილა ალიევამ ტყუპი ვაჟი გააჩინა. მან ამერიკაში იმშობიარა.

ამ პერიოდში ლეილა მოსკოვში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ფონდს ხელმძღვანელობდა. 2015 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია წყვილის განქორწინების შესახებ. როგორც მომღერალმა ემინმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ბავშვებისთვისაც უკეთესი იყო. ემინ აგლაროვისა და ლეილა ალიევას ქორწილი

ვიდრე წყვილი განქორწინდებოდა, მათ ბავშვთა თავშესაფრიდან გოგონა იშვილეს. სოციალურ ქსელში მომღერალმა გამოაქვეყნა ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო და განაცხადა, რომ ამინა მისი შვილია და ვაჟებისგან არ ასხვავებს. როგორც ცნობილია, აქამდე ბავშვი იმ თავშესაფარში იზრდებოდა, რომელსაც ილჰამ ალიევის ფონდი აფინანსებს.

ილჰამ ალიევის უფროსი შვილისგან განსხვავებით, მედიაში მცირე ინფორმაცია მოიპოვება პრეზიდენტის უმცროსი შვილის - არზუ ალიევას შესახებ. ის კინორეჟისორი და კინოპროდიუსერია.

არზუმ განათლება დასთან, ლეილასთან ერთად შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში მიიღო.

გოგონა 2011 წელს გათხოვდა. იგი რუსეთში ცნობილი ბიზნესმენის ვაჟზე - სამედ ყურბანოვზე დაქორწინდა. სამედი ოჯახში ერთადერთი ვაჟი იყო და მამის გარდაცვალების შემდეგ საოჯახო ბიზნესს მართავს. მათ ორი შვილი ჰყავთ. არზუ ალიევა ქმართან ერთად

ამ დროისთვის არზუ კინემატოგრაფიითაა დაკავებული, ის აზერბაიჯანში დოკუმენტური ფილმების გადაღებასა და მათ დაფინანსებას ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შვილების ქონებას, ლეილასა და არზუს სახელზე უძრავი ქონება დუბაიშია გაფორმებული. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ალიევის შვილების სახელზე არსებული ქონება 75 მილიონ დოლარადაა შეფასებული. აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ცნობით, ლეილა და არზუ აკონტროლებენ მობილური ოპერატორების კომპანია Azerfon-საც. როგორც ამბობენ, არზუ ალიევა Silk Way Bank-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ჯერ კიდევ 2010 წლის მონაცემებით, მისი ქონება 7 მილიონ დოლარს აღემატებოდა. ლეილა და არზუ ალიევები

დიდი ბრიტანეთის სასამართლოს ცნობით, ლეილა და არზუ ალიევები დიდი ოდენობით თანხის გათეთრებაში არიან ეჭვმიტანილნი. გამოძიებას ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ისინი ლონდონის ცენტრში 60 მილიონ გირვანქა სტერლინგით შეფასებული უძრავი ქონების ყიდვას ცდილობდნენ, The Guardian-ის ცნობით, ლაპარაკია ლონდონის ცენტრში მდებარე ორ ბინაზე, რომლებიც დედოფლის რეზიდენციასთან, ბუკინგემის სასახლესთან ძალიან ახლოს მდებარეობს. გამოცემის ცნობით, მათი შეძენისთვის ოფშორული კომპანიების გამოყენებას გეგმავდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა