"ორივეს ცხოვრებაში არსებულმა რთულმა სიტუაციამ საშუალება მოგვცა ერთმანეთი უფრო მეტად შეგვყვარებოდა" - კვირის პალიტრა

"ორივეს ცხოვრებაში არსებულმა რთულმა სიტუაციამ საშუალება მოგვცა ერთმანეთი უფრო მეტად შეგვყვარებოდა"

1989 წელს ჰოლივუდის ფერად ეკრანებზე ფილმში "ფოლადის მაგნოლიები" 22 წლის ლამაზი გოგო გამოჩნდა, რომელმაც ეშხიანი ღიმილითა და ხუჭუჭა თმებით ხალხის ყურადღება მიიპყრო, თუმცა მასშტაბური პოპულარობის მოპოვება ვერ შეძლო. მალევე 1990 წელს ჰოლივუდში მისი მონაწილეობით კიდევ ერთი ახალი ფილმი გამოვიდა, "ლამაზმანი" და მსოფლიომ ღიმილის მოყვარული ჯულია რობერტსიც გაიცნო. 53 წლის კინოვარსკვლავი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია, ჯულიას ბრწყინვალე კარიერის მიღმა მუდამ ელოდა ოჯახი, მეუღლე და შვილები, რომლებზეც მსახიობი საჯაროდ ძალიან ცოტას საუბრობდა და ზედმეტი დეტალების გახმაურებისგან დღემდე თავს იკავებს.

2000 წელი იყო, როდესაც ჯულიას ცხოვრებაში კინემატოგრაფი დენიელ მოდერი გამოჩნდა და მომღიმარი ვარსკვლავის გულში დიდი ადგილი დაიკავა. იმ დროს დენიელს სხვა ქალი უყვარდა, თუმცა ჯულიას გამოჩენიდან რამდენიმე დღეში მოდერმა ურთიერთობა დაასრულა და ტაბლოიდების გარეკანზე ჯერ მხოლოდ დენიელი შემდეგ კი უკვე წყვილი - ჯულია და მოდერი გამოჩნდნენ.

"ვფიქრობ, რომ პირველი ნამდვილი სიყვარული დენისთან განვიცადე" - აღნიშნა ჯულიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მსახიობი კინემატოგრაფს გაზაფხულზე ფილმის "მექსიკელი" გადასაღებ მოედანზე შეხვდა, პირველი შეხვედრის ემოციებზე ჯულიამ რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

"გავიცანი და მივხვდი რომ მე ის თავს განსხვავებულად მაგრძნობინებდა, ჩემი თავის შეცვლა არ მიწევდა, მე უბრალოდ ჯულია ვიყავი. ჩემი ცხოვრება დავალაგე, მისგან განცალკევებით შევძელი ბევრი საკითხის მოგვარება და შემდეგ ერთმანეთი შევიყვარეთ. ვფიქრობ, ორივეს ცხოვრებაში რთულმა სიტუაციამ საშუალება მოგვცა ერთმანეთი უფრო მეტად შეგვყვარებოდა" - თქვა ჯულიამ ინტერვიუში.

2002 წლის ზაფხულში წყვილი პირველად გამოჩნდა ერთად და მალევე ჯულიამ და დენიელმა მოკრძალებული ცერემონიის ფონზე პატარა ქორწილი გადაიხადეს. წყვილის ქორწილს მხოლოდ ახლობლები ესწრებოდნენ. 2004 წელს მსახიობს ტყუპი ფინეუსი და ჰეიზელი შეეძინა. ორწლიანი ქორწინების შემდეგ, ჯულია დედა გახდა. 2007 წელს მათ დიდ ოჯახში კიდევ ერთი ბიჭი ჰენრი დაიბადა. ჯულიას მესამე შვილის დაბადებას მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაზეც მსახიობმა საჯაროდ თქვა, რომ არ ესმოდა მისადმი ამხელა ინტერესი და არც ის წარმოედგინა, რომ ასეთი ცნობილი იყო.

"ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა შეიძლება ნახოს ის ფილმები, რომლებშიც მე ვმონაწილეობ ან შეიძლება იცოდეს ვინ ვარ, მაგრამ არ ვფიქრობ რომ სუპერ პოპულარული ადამიანი ვარ" - ამბობდა ჯულია ინტერვიუში.

2014 წელს ჯულია "ემიზე" წარადგინეს, სადაც მსახიობი მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. ჯულია და დენიელი ერთმანეთს გვერდიდან არ შორდებოდნენ.

2015 წელს რობერტმა მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "საიდუმლო შენს თვალებში" ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო. როგორც ჯულია ამბობდა, როლის მორგებაში მას დენიელი ეხმარებოდა, მეუღლე დეტალურად განიხილავდა ჯულიას როლს და ცდილობდა შეუდარებელი მსახიობის მონაწილეობით კიდევ ერთი საოცარი ფილმი შეექმნა. დაჯილდოვებაზე ჯულიამ მეუღლეს საჯაროდ გადაუხადა მადლობა.

"ეს იყო თანამშრომლობა, საოცარი პერიოდი. მაშინ მივხვდი, რომ არა დენიელი, ამ როლს ასე ვერ შევასრულებდი. მადლობელი ვარ ამისთვის" - თქვა ჯულიამ დაჯილდოვებაზე.

2017 წელს წყვილს თანაცხოვრების 15 წელი შეუსრულდა, დენიელმა სოციალური ქსელის მეშვეობით მეუღლეს მიულოცა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ხალხს, რომ ცოხვრებაში სწორი არჩევანი გააკეთა.

"მე და ეს ლამაზი ქალბატონი დიდი ხანია ერთმანეთს თვალს ვადევნებთ. დღეს 15 წელი შეგვისრულდა, შეხედეთ რა მწვანეა ჩვენი ბაღი და როგორ ვცხორობთ ჩვენ, მიყვარხარ" - დაწერა მოდერმა "ინსტაგრამზე".

2018 წელს ჯულია რობერტსმა გვინეტ პელტროუს გადაცემაში ვრცლად ისაუბრა ურთიერთობებზე, განსაკუთრებით კი მრავალწლიან ქორწინებაზე.

"ის მართლაც, ამ წუთამდე არის ჩემი საყვარელი ადამიანი, ჩვენ შორის კავშირი ჯერ კიდევ ღრმავდება. დროთა განმავლობაში მე უფრო ვინტერესდები მისით. გაგვიმართლა, რადგან ჩვენ ნამდვილად გულწრფელად მოგვწონს ერთმანეთი და ამ ყველაფრით ვტკბებით".

2021 წელს ქორწინების 19 წლის იუბილეზე ჯულიამ და დენიელმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი საერთო ფოტო დადეს წარწერით: "19 წელი ერთად - უბრალოდ ახლა ვიწყებთ". უნდა ვაღიაროთ, ეს ორი ერთად ნამდვილად იდეალურია. (წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)