"შპს "ანოუკის" არავითარი შეხება არ ჰქონია რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან" - ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"შპს "ანოუკის" არავითარი შეხება არ ჰქონია რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან" - ანუკი არეშიძე განცხადებას ავრცელებს

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდ ANOUKI - ს დამფუძნებელი, ანუკი არეშიძე და მენეჯმენტი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ თითქოს დასუფთავების თანამშრომლების სპეცფორმებს ანუკი არეშიძის კომპანია კერავს, სპეციალურა განცხადებას ავრცელებენ.

"მსურს გავაკეთო ოფიციალური კომენტარი, გუშინ მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაზე და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო , რომ შპს" ანოუკის "დაფუძნების დღიდან დღემდე არავითარი პირდაპირი ან ირიბი შეხება არ ჰქონია, არც შპს "თბილსერვის ჯგუფის" და არც სხვა რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის უნიფორმების წარმოებასთან. მეტიც, არც კომპანიის მომავალ გეგმებში შედის მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.

დავაზუსტებ, რომ დღევანდელ დღეს კომპანიის მთლიანი რესურსი მომართულია ბრენდ "ანუკის" ქალის ტანსაცმლის სეზონურ წარმოებასა და რეალიზაციაზე და განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი ბრენდის ქვეშ წარმოებული სამოსი წარმატებით გადის ექსპორტზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, ჩვენი მთავარი მიზანი და ორიენტირი გახლავთ საექსპორტო ბაზრების გაფართოება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით. დიდი მადლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენენთ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე და მისი რამდენიმე კოლეგა, რამდენიმე დღის წინ, მიუღებელი სამუშაო პირობების გამო, გაიფიცნენ. ისინი ხელმძღვანელობას გულგრილობაში ადანაშაულებდნენ და სხვა მოთხოვნებთან ერთად, ხელფასების მომატებასაც ითხოვდნენ.

როგორც ცნობილია გაფიცულებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა. თუმცა, ირაკლი ბაღდავაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მეეზოვეების ფორმებს თბილისის მერის, კახა კალაძის ცოლის, ანუკი არეშიძის კომპანია კერავს.

როგორც მან თქვა, ეს ინფორმაცია მას სამკერვალოში მიაწოდეს მაშინ, როცა დახეული ფორმის გადასაკეთებლად მივიდა.