"ვნერვიულობდი, ჩემს მანქანაში შეუდარებელი ქალი უნდა ჩამჯდარიყო. დავინახე და მივხვდი რომ მომეწონა" - კვირის პალიტრა

"ვნერვიულობდი, ჩემს მანქანაში შეუდარებელი ქალი უნდა ჩამჯდარიყო. დავინახე და მივხვდი რომ მომეწონა"

"ქორწინება საკუთრებას ნიშნავს, მე არ მსურდა კიდევ ვინმეს საკუთრება ვყოფილიყავი, ეს ერთხელ გამოცდილი მქონდა, თუმცა ურთიერთობიდან 3 წელში აზრი შევიცვალე და ოფიციალურად მისი ცოლი გავხდი"

ვინ დათვლის სიყვარულზე რამდენი ლამაზი და გამორჩეული ამბავი დაწერილა, ალბათ ათასობითაც კი, თუმცა ჩვენ ხომ ყოველთვის ვინტერესდებით რომანტიკული ისტორიებით. მომღერალი ტინა ტერნერი უკვე 82 წლის არის, კვლავ ისეთივე პოპულარულია, როგორც წლების წინ, სცენაზე გამოჩენის დროს იყო და მის ლეგენდარულ სიყვარულზე ჯერ კიდევ ძველებურად საუბრობენ. უკვე 34 წელია ტინა მუსიკალური პროდიუსერის, ერვინ ბახის მეუღლეა. მუსიკოსთა სამყაროში ტინასა და ერვინის წყვილს დიდი პატივისცემით ახსენებენ, მათი სიყვარული გამოწვევების, სირთულეებისა და ერთიანობის საუკეთესო მაგალითია.

17 წლის ტინა "ლუისის" ღამის კლუბში მღეროდა, როდესაც მისი უნიკალური ხმა და შეუდარებელი ვოკალი იკე ტერნერს მოეწონა, სცენიდან მომღიმარი გოგო გაინცო და ცოლადაც მოიყვანა. 14-წლიანი ტოქსიკური ურთიერთობა ტინამ დაასრულა, მომღერალმა აღიარა, რომ მისი პირველი ქორწინების დროს თავს ემოციურად სუსტად გრძნობდა და იკესთან ერთად ცხოვრება აღარ შეეძლო. 1976 წელს ტინა ოფიციალურად გაშორდა იკეს და პირველ ქორწინებაზეც ისაუბრა.

"ხალხი მეკითხება იკეზე, მე მათ ვეტყვი, რომ იკე აღარ მიყვარს და არც მასზე საუბარი მსიამოვნებს" - თქვა ტინამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერლის სიყვარულის ისტორია წლების განმავლობაში მსოფლიო ტაბლოიდებისთვის განხილვის თემა იყო, თუმცა რამდენიმე წელში ტინას ცხოვრებაში ერვინ ბახი გამოჩნდა, მუსიკალური პროდიუსერი, სიმპათიური ახალგაზრდა, რომელმაც ტერნერი კოშმარული სიზმრიდან გამოაფხიზლა.

"მე მჭირდებოდა ადამიანის შეყვარება და ერვინი გავიცანი. ის უბრალოდ საუკეთესო ადამიანია" - წლების შემდეგ თქვა ტინამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ტერნერი მომავალ მეუღლეს კონცერტის წინ შეხვდა, ერვინს, დამწყებ პროდიუსერს მომღერლის აეროპორტიდან სასტუმროში წაყვანა დაავალეს, ტინამ კი დაუფიქრებლად გააღო მანქანის კარი და 1985 წელს მომავალი მეუღლეც გაიცნო.

"იმ დღეს, როდესაც პირველად შევხვდი ერვინს, გერმანიის აეროპორტში ვიყავი, ფრენისგან დაღლილს თავში მხოლოდ ტურნე და კონცერტები მიტრიალებდა. ძალიან მეჩქარებოდა სასტუმროში მისვლა, ახალგაზრდა მუსიკალური პრდიუსერი კი დიდ ყურადღებას მაქცევდა, მას ხომ ჩემი სასტუმროში მიყვანა ევალებოდა, თუმცა მანქანაში ჩავჯექი და ჩვენ ორს შორის წამიერი ემოციური კავშირი ვიგრძენი. მახსოვს, მას ულამაზესი სახე ჰქონდა, როგორ ვერ უნდა შემემჩნია ერვინი. მაშინ გავიფიქრე, ნეტავ საიდან არის ის მეთქი, საოცრად გამოიყურებოდა, გული ჩქარა მიცემდა და ვერ ვხვდებოდი რატომ მომწონდა ეს ბიჭი ასე ძლიერ. ეს ყველაფერი ორი სულის შეხვედრას ჰგავდა, ხელებიც კი მიკანკალებდა. მაშინ შემეძლო ეს წამიერი გრძნობა დამევიწყებინა, ჩემი ფიქრებიც გამექრო, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ რომანტიკაზე არ უნდა მეფიქრა, რადგან ასე დაწყებული რომანები კარგად არასდროს მთავრდება. თუმცა ყველაფერი გვერდზე გადავდგე და ერვინი გავიცანი" - წერს ტინა თავის მემუარებში.

1985 წლის საღამო არც ერვინისთვის ყოფილა ჩვეულებრივი, წლების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში მანაც აღიარა, რომ ტერნერთან შეხვედრის წინ ნერვიულობდა, თუმცა მისი დანახვა რაღაც სხვა გრძნობას ჰგავდა.

"მე ვმუშაობდი, მიუხედავად იმისა რომ მუსიკალური პროდიუსერი ვიყავი ტინას წამოყვანაზე უარი არ ვთქვი, ვნერვიულობდი, ჩემს მანქანაში შეუდარებელი ქალი უნდა ჩამჯდარიყო. დავინახე და მივხვდი რომ მომეწონა" - ამბობს ბახი ერთ-ერთ ინტერვიუში.

პირველი შეხვედრიდან ძალიან მალე ერვინმა გაიგო, რომ ტინა ბახით იყო დაინტერესებული, ტინას დაუკავშიდა და მომღერალს ნეშვილში მიაკითხა, სულ რამდენიმე წუთით ნახა ის და ტურნეში წარმატებები უსურვა.

"პირველი შეხვედრის შემდეგ, დამშვიდობებისას ერვინს ვუთხარი, რომ ტურნედან ლოს-ანჯელესში უნდა დავბრუნებულიყავი, თუ ამ დროში ის ჩემს შეყვარებას შეძლებდა მაშინ მას იქ დაველოდებოდი. გაოგნებული მიყურებდა, ჩემგან ამ სიტყვების მოსმენას ნამდვილად არ ელოდა" - იხსენებს ტერნერი.

ტურნე მორჩა, ტინა ლოს-ანჯელესში ჩავიდა და რამდენიმე დღეში ერვინმა საყვარელ ქალს მუსკის ქალაქში ჩააკითხა. სწორედ აქ დაიწყო ამ ორის დაუვიწყარი სიყვარულის ისტორია.

"ის განსხვავებული იყო, ძალიან კომფორტული და უპრეტენზიო ადამიანი"- წერს ტინა მემუარებში.

1989 წელს ოპრა უინფრისთან ინტერვიუში ტინამ და ერვინმა ქორწინებაზე ისაუბრეს. როგორც აღმოჩნდა, ტინას გათხოვება არ სურდა, თუმცა რამდენიმე შეთავაზების შემდეგ ერვინმა მომღერალი დაითანხმა.

"უარი ვუთხარი, სიფრთხილეს ვიჩენდი. ქორწინება საკუთრებას ნიშნავს, მე არ მსურდა კიდევ ვინმეს საკუთრება ვყოფილიყავი, ეს ერთხელ გამოცდილი მქონდა, თუმცა ურთიერთობიდან 3 წელში აზრი შევიცვალე და ოფიციალურად მისი ცოლი გავხდი."

1995 წელს მომღერალი მეუღლესთან ერთად საცხობრებლად შვეიცარიაში გადავიდა, სადაც ტერნერმა და ბახმა დიდი სახლი შეიძინეს და ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალეს. 2009 წელს ტინამ გრანდიოზული მსოფლიო ტური მოაწყო, რითიც კარიერა დაასრულა და რამდენიმეთვიანი კონცერტების შემდეგ 70 წლის მომღერალმა სცენა დატოვა.

"არავინ იცოდა, როგორ დავიღალე სიმღერით და ცეკვით, ეს რთული სამუშაოა. მსოფლიო ტურმა საშულება მომცა ჩემი ადგილი სცენაზე ღირსეულად დამეტოვებინა და პენსიაზე გავედი. მე მივაღწიე ჩემს მიზანს, ახლა უკვე სახლში მივდივარ, იქ სადაც მეუღლე და შვილები მელოდებიან, ახლა იქ მინდა ყოფნა" - თქვა ტინამ ოპრასთან ინტერვიუში.

რამდენიმე წელში ტერნერმა მემუარების წიგნიც დაწერა, სადაც სიყვარულზე, კარიერასა და შვილებზე ისაუბრა. წიგნის დიდი ნაწილი სწორედ მისი და ერვინის შეუდარებელ ურთიერთობას დაუთმო, სიყვარულზე ვრცელმა და გურწრფელმა განცდებმა წიგნს დიდი აღიარება მოუტანა.

2013 წელს ტერნერსა და ბახს ერთად ყოფნის 27 წელი შეუსრულდა, წყვილმა პატარა ცერემონია გადაიხადა. ამერიკაში 200 სტუმარი დაპატიჟეს, ყველა თეთრ სამოსში გამოაწყვეს, თვითონ კი შავი ფერის სამოსი მოირგეს. ტინას დიდი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა. 2017 წელს წყვილის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა, ტინას ჯერ ინსულტი ჰქონდა, შემდეგ კი თირკმლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

"ორი არჩევანის წინაშე დავდექი ან ყოველდღე დიალიზი უნდა გამეკეთებინა ან თირკმელი გადამენერგა. დონორის მოძებნას დრო სჭირდებოდა, დრო კი არც ისე ბევრი მქონდა" - წერს ტინა თავის მემუარებში.

დიაგნოზის დასმიდან ძალიან მალე ტინას ახლობლებში დონორიც გამოჩნდა, ტერნერის შესაფერისი მისი მეუღლე ერვინი იყო, თუმცა თირკმლის გადანერგვა დიდ რისკს მოითხოვდა და თავიდან ტინამ მეუღლეს დონორობაზე უარი უთხრა, გადაწყვიტა სხვა დონორს დალოდებოდა.

"მითხრა რომ ცხოვრებაში სხვა ქალი არ სჭირდებოდა და გადაწყვიტა ჩემი დონორი ყოფილიყო, უარზე ვიყავი მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და დავთანხმდი, ოპერაციამ წამრატებით ჩაიარა, თირკმელი მივიღე" - წერს ტინა მემუარებში.

საბედნიეროდ მომღერლის ჯანმრთელობა უკეთესობისკენ წავიდა, ტრანსპლანტაციამ დადებითი შედეგი გამოიღო, ტინა საზოგადოებაშიც გამოჩნდა. 2019 წელს ამერიკულმა საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელმა "ეიჩბიოუმ" ტინა ტერნერსა და მის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სადაც 82 წლის ტინა კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ფანებს და ყველას მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის.

"მინდა ყველა ჩემ ამერიკელ თაყვანისმცემელსა და გულშემატკივარს დავემშვიდობო, ეს დოკუმენტური ფილმის დამშვიდობებაა, ეს დახურვაა, დროა მე ჩემი გზა გავაგრძელო, დრო ოჯახსა და მეუღლეს დავუთმო და ჩემს თავზე ვიზრუნო" - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ტინა ამერიკელ და მსოფლიო საზოგადოებას.(წყარო)

(სპეციალურად საიტისთვის)