"მე ორი სიყვარული მაქვს: ჩემი სამშობლოს და პარიზის" - კვირის პალიტრა

"მე ორი სიყვარული მაქვს: ჩემი სამშობლოს და პარიზის"

ფოტოგალერეა

"მე ორი სიყვარული მაქვს: ჩემი სამშობლოს და პარიზის", - ეს ფრაზა ერთხელ მე-20 საუკუნის ცნობილი ფერადკანიანი მომღერლის, "მე-20 საუკუნის შავი მარგალიტის", ჟოზეფინა ბეიკერის სიმღერაში გაისმა, რომელიც სრულიად გამოირჩეოდა იმ პერიოდის მომღერლებისა თუ მსახიობებისგან. სცენაზე მაყურებლის მოხიბლვის გარდა, ჟოზეფინა სამოქალაქო საქმიანობით იყო დაკავებული. ის ღიად უპირისპირდებოდა კოლონიალიზმსა და რასიზმს და მეორე მსოფლიოს ომის დროსაც აქტიურად ეხმარებოდა საფრანგეთს. სწორედ ამ და სხვა მიღწევების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ გადაწყვიტა, რომ მისი მემორიალური დაფა პარიზის პანთეონში 30 ნოემბერს განთავსდეს. ფრანგი მომღერალი, მოცეკვავე და მსახიობი პირველი ფერადკანიანი ქალი იქნება, ვისაც პარიზის პანთეონში სიმბოლურად დაკრძალვენ. მის მემორიალურ დაფას ჟან-ჟაკ რუსოს, ვიქტორ ჰიუგოსა და სხვა დიდი საზოგადო მოღვაწეების გვერდით განათავსებენ.

ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც პეტიციას ხელი 30 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. ბეიკერის ნათესავები ამის მიღწევას 2013 წლიდან ცდილობენ.

ვინ იყო ჟოზეფინა ბეიკერი?

ამერიკელი ქუჩის მუსიკოსის, ედი კარსონისა და ფერადკანიანი ქალის - კერი მაკდონალდის შვილი ჟოზეფინა 1906 წელს მისურიში, ქალაქ სენტ-ლუისში დაიბადა. ბავშვობაში ის იძულებული იყო დედასთან ერთად ემუშავა და შავი საქმე შეესრულებინა. 13 წლისამ დაანება თავი სკოლაში სწავლას და პირველად გათხოვდა. სწორედ მაშინ დაიწყო მისი კარიერაც. ღარიბი გოგონა, რომელიც დედასთან ერთად მუშაობით ირჩენდა თავს, სულ მალე საოცარ მომღერლად ჩამოყალიბდა, ორგანიზებას უწევდა ქუჩის მუსიკოსებს, ქმნიდა ჯგუფებს და ამ ჯგუფებთან ერთად თავადაც მღეროდა. ამ პერიოდში ის დაშორდა თავის პირველ ქმარს და მეორედ უილიამ ბეიკერს გაჰყვა ცოლად. ისინი ფილადელფიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ნიუ-იორკში გოგონას გაუმართლა და რამდენიმე წარმატებულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო ბროდვეის შოუც. გოგონა თანდათან ხალხმაც გაიცნო, 1925 წელს კი იგი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად.

ეს ჯაზის აყვავების ეპოქა იყო და ჟოზეფინამ იპოვა თავისი ადგილი მუსიკის სამყაროში. მონაწილეობა მიიღო ცნობილ სპექტაკლებში, რომელიც ელისეის მინდვრებზე, თეატრში იმართებოდა. განსხვავებული ვიზუალის გოგონამ მაშინ სცენაზე ველურების ცეკვა შეასრულა, ჟოზეფინას მხოლოდ ბანანებისგან დამზადებული სარტყელი ეკეთა:

"აქ საუბარია იმაზე, რომ თეთრკანიანთა მმართველობის სტილისა და მათი კოლონიალიზმისთვის უნდა დაგვეცინა, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში აშშ-ზე ნაკლები რასიზმი იყო, აქაც იყო საჭირო გამოფხიზლება, პროგრესი ფერადკანიანი ადამიანებისა და მათი საზოგადოებაში მიღების თვალსაზრისით", - განაცხადა ერთხელ ჟოზეფინამ.

ჟოზეფინა სპექტაკლის მსვლელობისას სცენაზე ავაზასთან ერთად გამოვიდა, რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ დარბაზს. ჩვენების შემდეგ ჟოზეფინას "ფერადკანიანი ვენერაც" შეარქვეს. ყველა მის შესახებ საუბრობდა, უძღვნიდნენ ლექსებსა თუ პოემებს. ის საზოგადოებისთვის ემანსიპაციისა და თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. ჟოზეფინა მე-20 საუკუნის გენიოსი მხატვრების მუზაც გახდა, მისი პორტრეტის დახატვას ცდილობდნენ მატისი და პიკასო. ამ პერიოდში ამზადებდნენ ფაიფურის პატარა ქანდაკებებს, რომლის ინსპირაცია ჟოზეფინას ლამაზი სხეული იყო.

მიუხედავად მსგავსი წარმატებისა, მომღერალს არასდროს დავიწყებია "მეორე სიყვარული" აშშ-ის მიმართ, ის აქტიურად იყო ჩართული რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, საფრანგეთსა და პარიზს ჟოზეფინა მაინც სამშობლოდ თვლიდა და ეს ადგილი ყველაზე მეტად უყვარდა. ომის დაწყებამდე, 1937 წელს, მან საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო. ცნობილი მომღერალი და მსახიობი მის კარიერასა და ნიჭს სამშობლოს სამსახურისთვის იყენებდა. მას ადვილად შეეძლო არისტოკრატთა ოჯახებში შეეღწია და საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინა. საყურადღებოა, რომ დაშიფრული ტექსტებისთვის ჟოზეფინა სანოტო სისტემას იყენებდა და ასე, სხვადასხვა პარტიტურით აწვდიდა სადაზვერვო სამსახურს საიდუმლო ინფორმაციას. ფრანგებისთვის მას ბრიტანული სპეცსამსახურების საქმიანობის და გერმანელი საიდუმლო აგენტების შესახებ მიჰქონდა ინფორმაცია.

მეორე მსოფლიო ომში სახელმწიფოს დახმარებისთვის მომღერალი დააჯილდოვეს კიდეც, ომის შემდეგ ჟოზეფინა აგრძელებდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას, თუმცა ამ ყველაფერს "წითელი ჯვრის" დახმარებით აკეთებდა. 1963 წელს ის დროებით აშშ-ში დაბრუნდა და მარტინ ლუთერ კინგს საპროტესტო საქმიანობაში შეუერთდა. მოგვიანებით მან ფიდელ კასტროსაც დაუჭირა მხარი და მკვეთრად დაუპირისპირდა "ამერიკულ იმპერიალიზმს".

როგორც ცნობილია, ჟოზეფინამ 12 ბავშვი იშვილა, ისინი სხვადასხვა კანის ფერის იყვნენ. ამბობენ, რომ ამ ქმედებით ჟოზეფინამ რასიზმი გააპროტესტა.

აქტიური ცხოვრებისა და კარიერიული წინსვლის მიუხედავად, რთული პერიოდი მომღერლის ცხოვრებაში ისევ დადგა, მან დაკარგა სასახლე, სადაც საფრანგეთში შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ვალების გადახდაში მას სხვადასხვა ხელოვანი ეხმარებოდა, მათ შორის იყო ბრიჯიტ ბარდო, თუმცა მუსიკოსმა სასახლის შენარჩუნება ვერ შეძლო. გასაჭირის დაძლევაში მომღერალს ორგანიზაცია "წითელი ჯვარი" ეხმარებოდა, სახლი კი მონაკოში მონაკოს პრინცესამ - გრეის კელიმ აჩუქა. გრეის კელი წარსულში ამერიკელი მსახიობი გახლდათ, ის მხარს უჭერდა თანამემამულეს და კონცერტების გამართვაშიც ეხმარებოდა.

1975 წელს მომღერალმა ბოლო ტურნე დაგეგმა, ასე აღნიშნავდა სცენაზე ყოფნის 50 წლის იუბილეს, კონცერტს ესწრებოდა მონაკოს პრინცი და პრინცესა, ცნობილი დიზაინერები, მსახიობები, მომღერლები, მათ შორის - მიკ ჯაგერი, ალენ დელონი და სხვანი, თუმცა 10 აპრილს მომღერალმა ტვინში სისხლჩაქცევის გამო ვეღარ შეძლო სცენაზე გასვლა. 12 აპრილს 68 წლის ასაკში "შავი მარგალიტი" ჟოზეფინა ბეიკერი გარდაიცვალა. მომღერალი მონაკოში დაკრძალეს.

იხილეთ ფოტოგალერეა