დაუნდობელი ზურმუხტისფერი კრაზანა - კვირის პალიტრა

დაუნდობელი ზურმუხტისფერი კრაზანა

ეს ერთი შეხედვით სიმპათიური ზურმუხტისებრი კრაზანა - სინამდვილეში ულმობელი პარაზიტია, რომელიც სხვადასხვა სახეობის ტროპიკულ ტარაკანს თავისი მატლების საკვებად იყენებს.

ეს დაახლოებით 2 სმ სიგრძის მტაცებელი ზომით თავის მსხვერპლზე 2-3-ჯერ პატარაა. თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, ტარაკანს იოლად გაუსწორდეს.

ზურმუხტისფერი კრაზანა აფრიკის, სამხრეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რამდენიმე კუნძულზე ბინადრობს, მხოლოდ იქ, სადაც სასუსნავად გამოსადეგი ტარაკნებია გავრცელებული. თავდასხმის დროს კრაზანა მსხვერპლს ორჯერ კბენს.

პირველად ეძგერება და სხეულზე კბენს, შემდეგ მოთმინებით ელოდება, სანამ მსხვერპლი ფართხალს შეწყვეტს. მხოლოდ ამის შემდეგ კბენს თავში და ტარაკნის ტვინში შეჰყავს სპეციალური შხამი. მიუხედავად ამისა, მსხვერპლი ცოცხალი რჩება, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ აქვს და მოძალადეს მონურად ემორჩილება.

KvirisPalitra.Geკრაზანას თავისით არ შეუძლია საკუთარ ბუდემდე მასზე ბევრად დიდი მსხვერპლის მითრევა, ამიტომაცაა, რომ "ზომბირებულ" ტარაკანს ულვაშში ან თავში ჩაეჭიდება და მსხვერპლიც მორჩილი კრავივით მიჰყვება ბუნაგში. იქ კი ტარაკნის მუცელში თავის ერთადერთ კვერცხს (2 მმ დიამეტრის) დებს, ხოლო შემდეგ უკვე იმაზე ზრუნავს, რომ "მისი" ტარაკანი  სხვა კრაზანამ არ "დაითრიოს" - ამიტომ ბუდის შესასვლელს პაწაწინა კენჭებით საგულდაგულოდ ქოლავს.

სწორედ ამის შემდეგ იწყება უნიკალური და საშინელი დრამა:   - 4-5 დღის მანძილზე დადამბლავებული მსხვერპლი ცოცხალია და გრძნობს, როგორ ჭამს კვერცხიდან გამოჩეკილი მატლი შიგნიდან. 8 დღის შემდეგ ტარაკნისგან მხოლოდ ცარიელი "ჩონჩხი" რჩება, საიდანაც მორიგი ზურმუხტისფერი "რისხვა" ევლინება ქვეყანას.

თავისი ხანმოკლე არსებობის მანძილზე, თითო კრაზანა 30-მდე ტარაკნის "ზომბირებას" ასწრებს.