"წარმოდგენებში მქონდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს დღე, მაგრამ მსგავსი რაღაც ფიქრებშიც არ მქონია... დიდხანს ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა"
"წარმოდგენებში მქონდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს დღე, მაგრამ მსგავსი რაღაც ფიქრებშიც არ მქონია... დიდხანს ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა"
პანდემიამ სამყაროში ყველაფერი შეცვალა, მათ შორის - დაოჯახების, ქორწილებისა და ერთად შეკრების ტრადიციაც. ახლა ხალხი ქორწილს ვიწრო წრეში, უახლოესი მეგობრების გარემოში იხდის და ხელის თხოვნამაც ღია ცის ქვეშ გადაინაცვლა. რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელი ერთმა საყვარელმა ვიდეომ მოიცვა, სადაც ირაკლი მახარაშვილმა მეუღლეს ხელი მეგობრების გარემოცვაში, მორთულ, ულამაზეს ადგილას სთხოვა და ხალხის თბილი კომენტარებიც დაიმსახურა. ვიდეო იმდენად მოედო სოციალურ ქსელს, რომ ამ ჯადოსნური წყვილის სიყვარულის ისტორიით დავინტერესდი და ქეთი ებელაშვილს დავუკავშირდი.

- 27 წლის ვარ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით მაქვს მიღებული განათლება და ამავე სფეროში ვმუშაობ. ჩემი მეუღლე 26 წლის არის, ფინანსისტია და საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობს. საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, თუმცა დასვენების დღეებში ყოველთვის ვცდილობთ, ორივემ დრო ქალაქგარეთ გავატაროთ. სიამოვნებას მანიჭებს ვარჯიში, ცურვა,
მიყვარს ახალი ადგილების აღმოჩენა, სადაც ირაკლი ჩემი ფოტოგრაფია და მე - მისი მოდელი.

- როგორ გაიცანით ირაკლი, მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია....
- ჩვენს გაცნობაში დიდი წვლილი საერთო მეგობრებს მიუძღვით. დაახლოებით, 6 წლის წინ შეხვედრა დავიწყეთ და ერთმანეთის მიმართ შეფარული სიმპათიები გაგვიჩნდა. უფრო დიდი ურთიერთობა გვქონდა, ვიდრე - მეგობრებს, მაგრამ გრძნობებს არ ვამჟღავნებდით. საბოლოოდ, ისე გაირკვა, რომ ორივე ვგრძნობდით სიახლოვეს, საერთო ინტერესებსა და ფასეულობებს, რამაც ერთმანეთისთვის შეუცვლელ ადამიანებად ჩამოგვაყალიბა. ამ პერიოდის განმავლობაში გამოვიარეთ ბევრი სირთულე, ბევრი პრობლემაც გადავლახეთ ერთად და უამრავი ემოცია შევქმენით ჩვენ გარშემო, ამან კი ჩვენი გრძნობები უფრო გაამძაფრა.

- საერთო მეგობრების დიდი წვლილი ახსენეთ, ალბათ, გულშემატკივრობდნენ თქვენს ერთად ყოფნას...
- დიდი ხანი გაგრძელდა ჩვენი, როგორც შეყვარებულების ურთიერთობა, მაგრამ ამ დრომ ხელი შეგვიწყო, ერთმანეთი კარგად გაგვეცნო და ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა, იმ ეტაპზე, როდესაც ირაკლიმ ეს ნაბიჯი გადადგა. ყველაფერი კი ირაკლის კრეატიულობის წყალობით მოხდა, წინასწარ მინიშნებებს მაძლევდა, მაგრამ კონკრეტულს არაფერს მეუბნებოდა. რა თქმა უნდა, მეგობრები ყოველთვის ჩვენ გარშემო იყვნენ და ელოდებოდნენ ამ მომენტს, რადგან ამ წრეში ერთ-ერთი პირველი წყვილი ვიყავით, რომელიც ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდა.

- ხელის თხოვნაზეც ვისაუბროთ, როგორი იყო ის დღე?
- როგორც გაირკვა, ირაკლიმ ნიშნობის ბეჭედი ჯერ კიდევ 2020 წელს შეიძინა, პანდემიის დაწყებამდე და მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა გაიგო ამის შესახებ. სიტუაციის გამო თავი შეიკავა ხელის თხოვნისგან, რადგან უნდოდა, განსაკუთრებული ყოფილიყო ეს დღე. ამდენი ხანი როგორ მოითმინა, არ ვიცი.
ერთ ჩვეულებრივ დღეს ირაკლიმ ისე დაგეგმა ყველაფერი, რომ ჩემი ნათესავების დახმარებით გამიტყუა, ვითომ სურათების გადასაღებად, ჩემთვის უცნობ ლოკაციებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიურპრიზად, ისე, რომ ეჭვიც არ შემპარვოდა ბოლო მომენტამდე.

ირაკლიმ, მენეჯმენტისა და კრეატიულობის წყალობით, უმოკლეს დროში ორგანიზება გაუკეთა ყველაფერს. ლოკაციის შერჩევიდან დაწყებული, მეგობრების და ძვირფასი ადამიანების შეკრებით დასრულებული, რომლებიც მიიყვანა წინასწარ გაფორმებულ სივრცეში. წარმოდგენებში მქონდა, როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს დღე, მაგრამ მსგავსი რაღაც ფიქრებშიც არ მქონია. ყველაფერი გათვალისწინებული და დაგეგმილი იყო - დეტალები, გაფორმება, მუსიკა, ის მომენტი, რომ ეს ნაბიჯი სიურპრიზი უნდა ყოფილიყო და ამის წყალობით, უფრო დიდი ემოციები ტრიალებს ამ ვიდეოში, როგორც ჩემი და ირაკლის, ასევე - ჩვენი მეგობრების. ამ ვიდეოს არსებობა შემთხვევითია.

- გახსოვთ იმ დღის განცდები?
- იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, დეტალები არ მახსოვდა, დიდხანს ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს და ვტიროდი. ამ დროს ირაკლი მუხლმოდრეკილი ელოდებოდა ჩემს დამშვიდებას და პასუხს. ვიდეოების ნახვის შემდეგ აღვიდგინე ყველა დეტალი.

- მოგვიყევი, როგორი ბიჭია ირაკლი, რა უყვარს და თქვენ რა გიყვართ მასში?
- ვერავის შევადარებ ირაკლის, ალბათ, იშვიათად იბადებიან ასეთი ადამიანები - ყოველთვის ყურადღებიანი, ერთგული, ზედმეტად მოწესრიგებული და დეტალებზე ორიენტირებულია. ხელის თხოვნის ცერემონიის დაგეგმვაც და ორგანიზებაც მარტომ შეძლო.

- ელოდით ვიდეოს ამხელა გამოხმაურებას და ხალხის კომენტარებს?
- სულ შემთხვევით დავდე ვიდეო, ჩემი პირველი ვიდეო იყო "ტიკ-ტოკზე", არ ველოდი ნამდვილად, ამდენი მოწონება და ნახვა თუ ექნებოდა. ჩემთვის ყველა დეტალი მოულოდნელი იყო.

- გვესაუბრეთ უახლოეს სამომავლო გეგმებზეც...
- ხელის თხოვნიდან მალევე ხელი მოვაწერეთ. ჯვრისწერასთან ერთად პატარა ქორწილს ვგეგმავთ, მაგრამ პანდემია და შეზღუდვები გვიშლის ხელს და მოლოდინის რეჟიმში ვართ. გვინდა სამოგზაუროდ წასვლა, მაგრამ ჯერ კონკრეტული ქვეყანა არ გვაქვს არჩეული, ხოლო რაც შეეხება შორეულ გეგმებს, იქამდე მივალთ, რომ სიმწვანეში, სუფთა ჰაერზე პატარა სახლი გვექნება, სადაც უფრო მეტ დროს გავატარებთ, ბუნებასთან ახლოს, ჩვენი ოჯახით.

- როგორი წარმოგიდგენია თქვენი ცხოვრება რამდენიმე წლის შემდეგ?
- ჩვენ გარშემო უფრო მეტი სიყვარული იქნება და უკვე პატარა ანგელოზებთან ერთად ვიცხოვრებთ.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები